სამართალი

ისრაელელი ბიზნესმენების განაჩენი

1 აპრილი, 2011 • 1238
ისრაელელი ბიზნესმენების განაჩენი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ისრაელელი ბიზნესმენების საქმეზე განაჩენი გამოიტანა. მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და განსასჯელები დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 339–ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოხელისათვის ან მასთან გათანაბრებული პირისათვის პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის დაპირებას, შეთავაზებას ან მინიჭებას მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე – განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა.

აღნიშნული დანაშაული კანონის შესაბამისად ისჯება ჯარიმით და ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რონი ფუქსს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის სახით 500 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. ზეევ ფრენკელს კი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის გადახდა 100 ათასი ლარის ოდენობით.

ბიზნესმენების ადვოკატის, არჩილ კბილაშვილის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

“მე ვარ საქართველოს სახელმწიფოს პროკურორების მიერ დაგეგმილი სისხლის სამართლის დანაშაულის გეგმის მსხვერპლი. ხოლო ეს გეგმა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების გასაუქმებლად იყო გამიზნული,“ – ამ სიტყვებით მოსამართლეს ჯერ კიდევ 28 მარტს, საბოლოო სიტყვის წარმოთქმის დროს, მიმართა რონი ფუქსმა.

ისრაელელი ბიზნესმენები ქართველმა სამართალდამცავებმა გასული წლის ოქტომბერში დააკავეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით. გამოძიების მასალებით, ბიზნესმენებმა მინისტრის მოადგილეს 7 მილიონი აშშ დოლარის გადახდა შეთავაზეს ქრთამის სახით, რათა საქართველოს ხელისუფლებას არ გაეპროტესტებინა საარბიტრაჟო სასამართლოს – „საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას ბიზნესმენებისთვის 98 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

1993 წელს კომპანია „ტრამექსს“, რომლის დამფუძნებლები არიან რონი ფუქსი და იოანის კარდასოპულოსი (ამ უკანასკნელზე საქართველოში ძებნაა გამოცხადებული იგივე ბრალდებით, რაც რონი ფუქსს დაედო), 30– წლიანი ექსპლუატაციის უფლებით საქართველოს ყველა ნავთობსადენი გადაეცა.1 996 წელს მათ ეს უფლება ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებამ ჩამოართვა და ქვეყნიდან გააძევა. ბიზნესმენებმა კომპენსაციის მიღება ახალი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის არჩევის შემდეგ უშედეგოდ სცადეს, რის შემდეგაც საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართეს.

რონი ფუქსი. ფოტო: ronyfuchsgeorgia.com
რონი ფუქსი. ფოტო: ronyfuchsgeorgia.com

ამავე თემაზე:

მთავრობის “განაჩენი” ებრაელ ბიზნესმენებს

ფუქსისა და ფრენკელის განაჩენის გამოცხადება გადაიდო

ებრაელი ბიზნესმენები განაჩენის მოლოდინში

ებრაელი ბიზნესმენების ადვოკატის არგუმენტები

ებრაელი ბიზნესმენების საქმეზე შემაჯამებელი სიტყვების მოსმენა დასრულდა

მასალების გადაბეჭდვის წესი