სამართალი

ადევნება, შესაძლოა, დასჯადი ქმედება გახდეს

10 აპრილი, 2015 • • 3026
ადევნება, შესაძლოა, დასჯადი ქმედება გახდეს

საკანონმდებლო ინიციატივა გაერთიანება “საფარს” ეკუთვნის, სწორედ მან მოამზადა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გადასცა. “საფარის” მიერ მომზადებულ კანონპროექტში გამოყენებული ტერმინი – “გადაკიდება” იუსტიციის სამინისტრომ “უკანონო თვალთვალითა” და “ადევნებით” შეცვალა. სწორედ ამ მუხლის დამატებას გეგმავს უწყება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

გადაკიდება, იგივე სტალკინგი, საერთაშორისოდ აღიარებული ტერმინია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საკანონმდებლო ნორმა საქართველოსთვის ახალია, მსგავსი პრაქტიკა უკვე ათწლეულებია არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი 1998 წლის ანგარიშში სტალკინგის შესახებ წერს და განმარტავს, რომ ეს არის განმეორებითი დევნა ან მუქარა, რომელიც ხდება პირის საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე. სტალკინგში მოიაზრებენ შემაწუხებელ სატელეფონო ზარებს, წერილობითი შეტყობინებების დატოვებას ან პირის ქონების დაზიანებას.

“ამ ქმედებებს, შესაძლოა, ახლდეს ან არ ახლდეს რეალური საფრთხე და ზიანი, ასევე, ასეთ ქმედებას შესაძლოა მოჰყვეს ან არ მოჰყვეს პირზე თავდასხმა ან მკვლელობა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

“საფარის” მიერ მომზადებულ ინიციატივაში “გადაკიდების მუხლი” შემდეგნაირადაა განმარტებული – არაკანონიერი თვალთვალი, განმეორებითი შევიწროვება, დევნა, მუქარა, პირადი, სატელეფონო, ელექტორნული ან მესამე პირის მეშვეობით კომუნიკაციის დამყარება ან სხვა ქმედება, რომელიც მსხვერპლში იწვევს მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს და მის, მისი ახლობლის ან საკუთრების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს და აიძულებს მსხვერპლს მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი.

“ასეთი შემთხვევები არის საკმაოდ ხშირი, განსაკუთრებით გადაკიდების მსხვერპლნი ხშირად ხდებიან ქალები და ეს არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც ხშირად მიმართავენ ხოლმე ოჯახში ძალადობის შემთხვევაში და აქამდე ძალიან უჭირდა პოლიციას რეაგირება და რეალურად ვერ რეაგირებდა კიდეც. არაერთი ქეისი გვქონდა, როცა პოლიცია მონდომებული იყო დახმარებოდა ქალს, მაგრამ არც ერთი დანაშაულის შემადგენლობა არ იძლოდა ამის საშუალებას, ხდებოდა მუდმივად პოლიციის გამოძახება. პოლიცია დაიბარებდა, გააფრთხილებდა მოძალადეს და ყველაფერი დამთავრდებოდა, რადგან კონკრეტული დარღვევის შემადგენლობა სახეზე არ იყო”,- ამბობს “საფარის” იურისტი ბაია პატარაია, რომელიც ინიციატივაზე მუშაობდა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშში წერია, რომ სტალკინგის სამართლებრივი განმარტება ფართოდ განსხვავდება ამერიკაში თავად შტატების მიხედვით, თუმცა შტატების უმეტესობა სტალკინგს განსაზღვრავს როგორც ბოროტ და წინასწარგანსაზღვრულ ქმედებას, რომელიც მეორე პირის შეწუხებისთვისაა გამიზნული. შტატების ნაწილში კი სტალკინგი განმარტებულია, როგორც თვალთვალი.

ბაია პატარაია ამბობს, რომ მუხლი, რომელიც მომზადდა, სხვა ქვეყნების ზუსტი ანალოგი არ არის, თუმცა ორგანიზაციამ 20-ზე მეტი სახელმწიფოს კანონმდებლობა შეისწავლა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ქვეყნების. ბაია პატარაიას თქმით, საქართველოსთვის შექმნილი საკანონმდებლო ინიციატივა უფრო კონკრეტულია.

“ჩვენთან მაკვალიფიცირებელი გარემოებები არის უფრო კონკრეტული. გარდა იმისა, რომ ქმედებას უნდა ჰქონდეს ადგილი, ის უნდა იწვევდეს რამდენიმე შედეგს. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ადვილად დაკვალიფიცირებადი იყოს დანაშაული და ყველაფერს არ ერგებოდეს. უკანონო თვალთვალი ან ადევნება მსხვერპლში უნდა იწვევდეს ფსიქოლოგიურ სტრესს, ძალდობის გამოყენების საფუძვლიან შიშს და ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას. თუ სამივე კომპონენტი არაა სახეზე, მაშინ მუხლის დარღვევაც არაა სახეზე”,- ამბობს ის.

ცხოვრების წესის შეცვლა გულისხმობს, მაგალითად, ტელეფონის ნომრის შეცვლას, ან საჯარო ტრანსპორტით სარგებლობაზე უარის თქმას. შეიძლება პირმა მეგობარს ან ოჯახის წევრს თხოვოს, სამსახურამდე გაცილება, რათა თავიდან აიცილოს არასასურველი კომუნიკაცია.

სტალკინგის მსხვერპლი, როგორც წესი, უმეტესად ქალები არიან, მაგალითად, ამერიკის დაავადებათა კონტროლის 2011 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ყოველი 6 ქალიდან ერთი (16%) და ყოველი 19 კაციდან ერთი (5%) ამერიკის შეერთებულ შტატებში სტალკინგის მსხვერპლი ყოფილა ცხოვრების მანძილზე. იმ ქალების ⅔  (66%), ვინც სტალკინგის მსხვერპლი ყოფილა, ძირითადად, შევიწროვებას განიცდიდნენ ყოფილი ან ამჟამინდელი პარტნიორის მხრიდან.  

 

მიუხედავად ამისა, ინიციატივა არ ეხება მხოლოდ ქალებს. ბაია პატარაია ამბობს, რომ შესაძლოა სასიყვარულო ურთიერთობას საერთოდ არ ჰქონდეს ადგილი და სტალკინგი ბიზნესის ან სხვა ურთიერთობების ფარგლებშიც გამოვლინდეს.  

“საფარის” მიერ მომზადებული ინიციატივის მიხედვით, გადაკიდების მუხლი უნდა დამატებოდა სისხლის სამართლის კოდექსს, მაგრამ ბაია პატარაია ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვიტა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეეტანა უკანონო თვალთვალის და ადევნების მუხლი.

“გადაწყდა, რომ ეს მაინც სიახლეა და აშფოთებს ხალხს, შეყვარებულისთვის ვეღარ მიმიქცევია ყურადღება – ასეთი გამოხმაურებაც იყო, და გადაწყვიტეს, რომ პირდაპირ კრიმინალიზება არ მოხდეს და იყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა. მე დიდ პრობლემას ამაში ვერ ვხედავ. მთავარია, არსებობდეს მუხლი, რომელიც გამოიწვევს პატრულის  და პოლიციის მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას. განმეორებითი  დარღვევის და დამძიმების შემთხვევაში უნდა იყოს შესაძლებელი, რომ სისხლის სამართალში გადადიოდეს,” – ამბობს პატარაია.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს, რათა მოეწოდებინათ მათ მიერ გადამუშავებული კანონპროექტი, თუმცა სამინისტრომ ამ დრომდე ვერ მოგვაწოდა. ბაია პატარაია ამბობს, რომ სამინისტრო ცვლილებების ინიცირებას სტამბულის კონვენციის რატიფიცირების ფარგლებში გეგმავს და ამ საკანონმდებლო ცვლილების გარდა სხვა წინადადებებსაც ამზადებს.

სტამბულის კონვენცია ფარავს ქალების მიმართ გამოვლენილ სხვადასხვა სახის ძალადობას. კონვენციის თანახმად, სტალკინგის მსვერპლ ქალებს წართმეული აქვთ ნორმალური ცხოვრების უფლება, რადგან ღელვა და შიში მუდამ ახლავს მათ ყოველდღიურობას. სატმბულის კონვენციის მიღებამდე ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების უმეტესობას სტალკინგის შესახებ სპეციალური კანონმდებლობა არ ჰქონდა შემუშავებული. სწორედ ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად შემუშავდა კონვენცია 2011 წელს, რომელიც ცალსახად ამბობს, რომ სტალკინგი ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა.

კონვენციის თანახმად, სტალკინგი კრიმინალიზებული უნდა იყოს, თუმცა არის შემთხვევები, ცალკეული ქვეყნების მაგალითები, სადაც სტალკინგი არაკრიმინალიზებულ სანქციებს იწვევს. კონვენცია ასევე ითვალისწინებს შემაკავებელი ორდერის გამოწერასაც, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია კონვენციის ის ნაწილი, სადაც სტალკინგის მსხვერპლი ქალებისთვის მხარდასაჭერი სერვისები უნდა შეიქმნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი