სამართალი

შსს–ს ვერსიით გაუჩინარებული რეინჯერი ცინდელიანი შამათავამ მოკლა

10 ივნისი, 2014 • • 1799
შსს–ს ვერსიით გაუჩინარებული რეინჯერი ცინდელიანი შამათავამ მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დადგენილია:

 
“2008 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა იმჟამინდელი კუდ-ის ხელმძღვანელობისაგან მიიღო დავალება, რომ მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში მცხოვრები, მეტყევე-რეინჯერი დათო ცინდელიანი ჩამოეყვანა სვანეთიდან ქალაქ თბილისში და მომხდარიყო მასთან გასაუბრება. მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, თითქოსდა დათო ცინდელიანი თანამშრომლობდა აფხაზ სეპარატისტებთან.
 
კუდ-ის მაღალჩინოსნისათვის ცნობილი იყო, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ქალაქ ქუთაისში დანიშნული ჰქონდა იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამმართველოს თანამშრომლების გაერთიანებული თათბირი, სადაც სხვა თანამშრომლებთან ერთად დაბარებული იყო დათო ცინდელიანიც.
 
2008 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც გადაადგილდებოდნენ ,,მერსედესისა” და ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანებით, ქალაქ ქუთაისში, ნინოშვილისა და გრიშაშვილის ქუჩების კვეთასთან დახვდნენ ,,ნივის“ მარკის ავტომანქანას, რომელშიც სხვა მეტყევე რეინჯერებთან ერთად ისხდნენ დათო ცინდელიანი და მამამისი – ზაურ ცინდელიანი. დათო ცინდელიანი გადასვეს ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, ხოლო ქუთაისი-ბაღდათის საავტომობილო გზის მონაკვეთიდან დათო ცინდელიანი ავტომანქანა ,,ტოიოტა ჰაილუქსით“ ბაღდათი-საირმის შემოვლითი გზით წაიყვანეს თბილისის მიმართულებით. მოგვიანებით, ტელეფონით მიღებული დავალების შესაბამისად, დათო ცინდელიანი ნაცვლად ქალაქ თბილისისა ჩაიყვანეს ქალაქ ბათუმში და გადასცეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროს რომან შამათავას.
 
რომან შამათავამ და მისმა რამდენიმე თანამშრომელმა დათო ცინდელიანი მიიყვანეს ქალაქ ბათუმში, შავი ზღვის ნავმისადგომთან, სადაც რომან შამათავა დათო ცინდელიანს აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რასაც იგი უარყოფდა.
რომან შამათავას დავალებით, ზემოაღნიშნულ პირებს ნავმისადგომთან ელოდებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუდ-ის მთავარი სამმართველოს კუთვნილი მოტორიანი ნავი, რომელსაც მართავდა ამავე დანაყოფის თანამშრომელი. რომან შამათავამ დათო ცინდელიანი ჩასვა აღნიშნულ ნავში, აუხვია თვალები და ნავმისადგომზე მყოფ აფხაზეთის კუდ-ის ერთ-ერთ თანამშრომელს ნავიდან უბრძანა, რომ გაჰყოლოდა მას, რომელმაც შეასრულა ბრძანება და შევიდნენ შავი ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 4 კილომეტრის მანძილზე.
 
რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა დათო ცინდელიანი. ამის შემდეგ რომან შამათავამ დათო ცინდელიანის გვამს სხეულზე თოკით შეაბა ნავზე არსებული ბეტონნარევი რკინის ღუზა და ცხედარი შავ ზღვაში გადააგდო.
ჩადენილი დანაშაულისათვის რომან შამათავა მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველო”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.
 
 
შეგახსენებთ, რომ შსს–მ 5 ივნისს რომან შამათავას ბრალი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის პაატა ქარდავას მკვლელობის საქმეზე დაუმძიმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი