სამართალი

ომბუდსმენი: იუსტიციის საბჭომ მამუკა ახვლედიანი პოსტიდან კანონის გვერდის ავლით დაითხოვა

29 ივნისი, 2016 • 2013
ომბუდსმენი: იუსტიციის საბჭომ მამუკა ახვლედიანი პოსტიდან კანონის გვერდის ავლით დაითხოვა

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის გვერდის ავლით მიიღო.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ საბჭომ არ გამოიყენა აღნიშნული კანონით განსაზღვრული დისციპლინური წარმოების პროცედურა, დისციპლინური საქმე არ განუხილავთ და მასზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ ორგანოებს, არ იქნა დაცული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები, ვერ მოხდა აცილების უფლების რეალიზება.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის გვერდის ავლით მსგავსი გადაწყვეტილების მიღების პრეცედენტს ამ დრომდე ადგილი არ ჰქონია.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 55–ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს/კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში შესაძლებელია მის მიმართ გამოყენებულ იქნას დისციპლინური ზემოქმედების შესაბამისი ღონისძიება – სასამართლოს თავმჯდომარის ან სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება. აღნიშნული ნორმა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საერთოდ ყურადღების მიღმა დარჩა, აცხადებს სახალხო დამცველი.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთოდ არ უმსჯელია, თუ რა სახის გადაცდომებს ჰქონდა ადგილი მამუკა ახვლედიანის, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მხრიდან, წერია ომბუდსმენის განცხადებაში. 

საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნით, ზემოთ აღნიშული და სხვა გარემოებების გამო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონშეუსაბამოა და გამოთქვამს იმედს, რომ ასეთ პრაქტიკას მომავალში ადგილი არ ექნება.

საქართველოს სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით შეისწავლა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი და შესაბამისი დასკვნა წარუდგინა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე გამოეხმაურა სახალხო დამცველის შეფასებას მამუკა ახვლედიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ჯობს ველამ შეიკაოს თავი მოსაზრებებისგან, როდესაც საქმე სასამართლოშია.

“აღნიშნული თემა გასაჩივრებული არის სასამართლოში და მე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი თავს შევიკავებდი და ზოგადად მოვუწოდებ ყველას, რომ კატეგორიული დასკვნებისაგან ყველამ უნდა შევიკაოთ თავი, როდესაც არის საქმე სასამართლოში. თუ დაადასტურებს სასამართლო დაადასტურებს და იტყვის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეცდა თავის გადაწყვეტილებაში, თუ საპირისპირო გადაწყვეტილებას მიირებს სასამართლო, მიიღებს იმას რაც მივიღეთ ჩვენ.აქედან გამომდინარე, როდესაც დავა არის სასამართლოში”, – განაცხადა მურუსიძემ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომმამუკა ახვლედიანი 2016 წლის 22 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან დაითხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი