სამართალი

არიან თუ არა ”პოლიტიკური პატიმრები” საქართველოში

20 სექტემბერი, 2011 • • 1492
არიან თუ არა ”პოლიტიკური პატიმრები”  საქართველოში

რუსთავის მეორე იზოლატორში მყოფი ”პოლიტიკური პატიმრები” საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ოფიციალურ ევროპული სტრუქტურებისგან, მათ შორის ევროპარლამენტისგან ”შველას” ითხოვენ.

ეს ინფორმაცია დღეს, 20 სექტემბერს, მოძრაობა – ”არამ” და ორგანიზაციამ – ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” – გაავრცელეს. ”არას” ლიდერის, ლევან ჩიტაძის თქმით, ციხიდან “პოლიტიკური პატომრების” მიერ გამოგზავნილი წერილები გაეგზავნება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს თომას ჰამერბერგს,  ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს კეტრინ ეშტონს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ფილიპ დიმიტროვს, ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს, ასევე – ევროპის პარლამენტს.  პატიმრები – თემურ ჟორჟოლიანი, ვახტანგ მაისაია, რამაზ სამნიძე, ლევან გოგიჩაიშვილი და მელორ ვაჩნაძე აღნიშნულ პირებსა და ორგანიზაციებს სთხოვენ დახმარებას, რათა შეიქმნას საქართველოში საპატიმროთა პერმანენტული მონიტორინგის საბჭო, რადგან ამჟამად საქართველოში ”პატიმართა და, მითუმეტეს, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა სიცოცხლე საფრთხეშია.”  საერთაშორისო საზოგადოებისთვის გასაგზავნ წერილებში ”პოლიტკური პატიმრები” აღწერენ საქართველოში 2003 წლიდან დღემდე შექმნილ მდგომარეობას. ციხიდან გამოგზავნილი წერილი, რომელსაც 5 პატიმარი აწერს ხელს, ინგლისურად, ხელით არის ნაწერი. დოკუმენტში წერია, რომ ქვეყანაში იდევნება სიტყვის თავისუფლება, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის ფონზე პოლიციელთა მიერ მოკლულია ათობით ახალგაზრდა, ასევე ”სასტიკად არის დარბეული” მანიფესტაციები.

საქართველოში 2009 წელს შეიქმნა ”საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების კომისია პოლიტიკური პატირმების” საქმეებზე. კომისიის წევრები არიან ორგანიზაციები: ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, მოძრაობა ”არა” და ა.შ.

”სოლიდარობა უკანონო პატიმრების” ხელმძღვანელი ეკა ბესელია ამბობს, რომ კომისიის უახლესი მონაცემებით, საქართველოში 74 ”პოლიტიკური პატიმარია.”

ბესელია ამბობს, რომ ”პოლიტიკური პატიმრის” სტატუსის მინიჭებისას ისინი ხელმძღვანელობენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ევროპის საბჭოს რეკომენდაციებით. ბესელიას თქმით, თუ ადამიანს აკავებენ პოლიტიკურად განსხვავებული მოსაზრებების და ქმედებების გამო, ის ”პოლიტპატიმარია”. ასევე, ”პოლიტიკური პატიმარია”, ვისაც პოლიტიკური მოსაზრებებით არასათანადო სასჯელს დააკისრებენ, ბრალს დაუმძიმებენ და საპატირმოში უკანონოდ მოეპყრობიან.

”სავარაუდო პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის და ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა საქმეების ანალიზი წარმოადგინა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2011 წლის ივნისში. კვლევა ნიდერლანდების საელჩოს დაფინანსებით ჩატარდა. კვლევისთვის სულ 24 საქმე შეისწავლეს, რომელთაგან ნაწილი უკავშირდება ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობისთვის გასამართლებულ პირებს.

კვლევამ გამოავლინა, რომ აღნიშნული საქმეები სასამართლომ მნიშვნელოვანი დარღვევებით განიხილა.  საქმეებში იმ პირების მიმართ, რომლებიც თავიანთი საქმიანობის გამო ხელისუფლების ოპონენტებად ითვლებიან, ფაქტობრივად, მართლმსაჯულების როლი მნიშვნელოვნად შემცირებულია. საია იქვე დასძენს, რომ თუ ამ პირების მიმართ არ იქნებოდა პოლიტიკური ინტერესი, დაფიქსირებული დარღვევების გამო მაინც ცუდი შედეგი იქნებოდა.

2009 წლის სექტემბერში ”ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH)” გამოაქვეყნა კვლევა საქართველოში ”პოლიტიკურ პატიმართა” მდგომარეობის შესახებ, სადაც განხილულია შალვა რამიშვილის, ნორა კვიციანის, ომარ ქუცნაშვილის, მერაბ რატიშვილის და სხვების საქმეები. დაკავებულთა ოჯახის წევრებთან, იურისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის, ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშების გაცნობის შემდეგ, დაადგინა, რომ ”საქართველოში ნამდვილად არიან ადამიანები, რომლებიც ”პოლიტიკური პატიმრების” შესახებ ევროპის საბჭოს დეფინიციის თანახმად, ”პოლიტიკურ პატიმრებად” უნდა მიიჩნიონ. ორგანიზაციამ ევროპის საბჭოს მოუწოდა, რომ შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის საქართველოში ”პოლიტიკურ პატიმრად” მიჩნეული პირების საქმეებს.

”პოლიტიკური პატიმარი” არის ტერმინი, რომელზეც სამართლებრივ სფეროში ერთიანი, ჩამოყალიბებული აზრი არ არსებობს და სხვადასხვა სტრუქტურები და ორგანიზაციები მას იყენებენ, ან არ იყენებენ. გარდა ამისა, ეს ტერმინი არც ერთი ქვეყნის სამართლებრივ სისტემაში არ გვხდება. უფრო მეტიც, საქართველოს კანონმდებლობა ”პოლიტიკური ნიშნით მოტივირებულ” დანაშაულს არ სცნობს, თუმცა, სისხლის სამართლის კოდექსში არის რამდენიმე მუხლი, რომელიც შეიძლება მსგავს დანაშაულთან ასოცირდეს(მაგალითად, სახელმწიფო წარმომადგენლისთვის ზიანის მიყენება).

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ტერმინ ”პოლიტიკური პატიმრის” გამოყენებას საკუთარ ანგარიშებში არ ერიდებოდა, თუმცა, ახლანდელი ომბუდსმენი ამ ტერმინის გამოყენებაზე უარს ამბობს. გიორგი ტუღუშმა რამდენიმე თვის წინ ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ “პოლიტპატიმარი” სამართლებრივი ცნება არ არის და ასეთად ადამიანის აღიარება ვერ იქნება სამართლებრივი ბერკეტი.

ტუღუში ამბობს, რომ იმ ხალხს, ვინც თავს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს, „ხშირად ურჩევს“, ევროსასამართლოში ეძებონ სამართლიანობა.

“რა უფრო მნიშველოვანია ჩემთვის: რაღაც სტატუსი მივანიჭო ადამიანს, რომელსაც ის ვერსად გამოიყენებს – იგივე ევროსასამართლოში, თუ სამართლებრივ დარღვევებზე მივუთითო?” – კითხულობს ტუღუში.

ევროსასამართლო არ იყენებს ტერმინ “პოლიტიკურ პატიმარს” (იგივე მოხდა შალვა რამიშვილის საქმის დროს, როცა სასამართლომ ამ კუთხით საქმე არ განიხილა).

იმ ხალხს, ვინც საკუთარ თავს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს, გიორგი ტუღუში “უკანონო პატიმრებად” მოიხსენიებს და ამბობს, რომ მომავალ ანგარიშებში ფართოდ შეეხება მათ საქმეებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი