ბადრი ბიწაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა სამართალდამცავებმა 2011 წლის 30 მაისს დაიწყეს. პროკურატურამ სასამართლოს 31 მაისს მიმართა შუამდგომლობით და ბიწაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით 100 ათასი ლარის გირაოს გადახდა მოითხოვა. სასამართლომ ეს მოთხოვნა 1 ივნისს დააკმაყოფილა, თუმცა ბიწაძემ თანხა არ გადაიხადა, რის შემდეგაც მასზე დაპატიმრების სანქცია გაიცა და 19 ივნისს ძებნაც გამოცხადდა.
პროკურორების თქმით, ბრალდება ბადრი ბიწაძისადმი გამყარებულია „შეფიცულთა რაზმის“ კოორდინატორის, გია უჩავას და სხვა ათეულობით მოწმის ჩვენებით. გია უჩავას აღიარებითი ჩვენების მიხედვით, ბადრი ბიწაძე „შეფიცულების“ მეშვეობით გეგმავდა პროვოკაციების მოწყობას პოლიციის სამმართველოებთან, შეჭრას თბილისის საკრებულოსა და საზოგადოებრივ მაუწყებელში, მოლოტოვის კოქტეილებისა და ხელკეტების გამოყენებას, რა დროსაც, შესაძლოა, მსხვერპლიც ყოფილიყო. ეს მსხვერპლი კი საზოგადოების პასიურ ნაწილს საპროტეტსო აქციებზე გამოიყვანდა. ხალხის დიდი რაოდენობა კი „სახალხო კრებას“ ხელისუფლების შეცვლის საშუალებას მისცემდა.
ადვოკატების, ლევან სამუშიასა და იოსებ ბარათაშვილის მტკიცებით, ბადრი ბიწაძეს სახალხო კრების არც ერთ საფეხურზე არანაირი თანამდებობა არ ეკავა, ის არ იყო გადაწყვეტილების მიმღები. მათი თქმით, შეფიცულების სიმბოლური ლიდერი გია ბურჯანაძე იყო, რეალური – გია უჩავა, ბიწაძეს კი მათთან საერთო არ ჰქონდა.
ამავე თემაზე: