ხელოვნება

მხატვრები მეორე სართულიდან

9 მაისი, 2012 • 2319
მხატვრები მეორე სართულიდან

ბექა ბოლქვაძე, გიორგი ფოლქვაძე, მანანა ქველიაშვილის ფოტო
ბექა ბოლქვაძე, გიორგი ფოლქვაძე, მანანა ქველიაშვილის ფოტო

თავის შემოქმედებაზე საუბრისას იშვიათად  იყენებს ნაცვალსახელს  „მე“. ის გამუდმებით ამბობს „ჩვენ“. „ჩვენ“, ანუ ბექა ბოლქვაძე და გიორგი ბოლქვაძე.  ორი მხატვარი ორი ფუნჯით, ორი გონებით და საერთო კონცეფციით.

არხის გადაღმა სამსართულიანი სახლი დგას, ბათუმელი მხატვრის ბექა ბოლქვაძის სახელოსნო, რომელიც ისევე დაცლილია რომანტიზმისგან, როგორც თავად მხატვრის  შემოქმედება. სახელოსნოში ორი მხატვარი მუშაობს, ბექა და გიორგი. სახელოსნოს ყველა კუთხე-კუნჭული ათვისებულია, მაგრამ ისე, რომ თავისუფალი სივრცე შეუზღუდავია.
„მამაჩემი მოქანდაკეა, გვქონდა სახელოსნო, რომელიც გარაჟების დანგრევაში მოყვა და დაინგრა. იმის შემდეგ ვიყიდეთ მიწა და ვაშენებთ ამ სახელოსნოს. მხატვრების ბუნაგს, ხელოვნების გულს. აქ გადის  მსოფლიო ხელოვნების ღერძი,“ – ამბობს ბექა. შეულესავ, ნაცრისფერ კედლებზე პასტელურ ფერებში შესრულებული მხატვრების ნამუშევრებია გამოფენილი, რაც თავისუფლების შეგრძნებას აორმაგებს.

„ბექა ბოლქვაძე ცხოვრობს კობალაძის 9-ში და გიორგი ბოლქვაძე ცხოვრობს კობალაძის 5-ში.  ორი ბოლქვაძე ვართ, მაგრამ არა ვართ ნათესავები. არანაირი ნათესაობა, არანაირი სექტა. ახალ მიმდინარეობას ვაყალიბებთ – ბოლქვაძიზმს,“ –ხუმრობს ბექა.

მხატვრები კარგა ხანია ერთად მუშაობენ და  გამოფენებსაც ერთად მართავენ.

გიორგი: „ერთ მშვენიერ დღეს ბექამ მითხრა, მოდი ერთად ვიმუშავოთო, მას შემდეგ აღარ მივდივარ აქედან“.  
ბექა: „არანაირად არ ვუშლით ერთმანეთს ხელს. გიორგის თავისი კუთხე აქვს, თავისი აზრები, ოღონდ მუზები –არა, მე ჩემი ადგილი მაქვს. თან ორივე ვართ  ზურგშექცევით, არც ერთმა არ ვიცით, რას ვხატავთ. არც გვესმის ერთმანეთის, ისმის მუსიკა, რომელიც აღარ გვესმის ბოლოს. იწყება მუსიკა და ბოლოს ქრება ყველაფერი.  
გიორგი: „სხვადასხვა ხელი, თვალი, გონება გვაქვს, თუმცა კონცეფცია, საერთო ჯამში, გვაქვს ერთი. ალბათ ამიტომ უფრო შევეწყვეთ ერთმანეთს. ჩვენი იდეები, აზრები და ხედვა საერთოდ სოციუმთან მიმართებაში რადიკალურად განსხვავებული არ არის და ამან უფრო შეგვკრა. ერთი კონცეფცია გვაქვს, თუმცა ამ კონცეფციას სხვადასხვაგვარად ვხედავთ ერთიც და მეორეც. ერთად ვმუშაობთ, შეიძლება ერთმანეთს დაემსგავსოს ნახატები, მაგრამ არ ხდება. ამიტომ არის ეს კარგი, რომ ერთად ვხატავთ, მაგრამ ვხატავთ აბსოლუტურად სხვადასხვა რაკურსით“.

ბექა: „რაღაცნაირად დაემთხვა, თუ გინდა ავიღოთ ეს ფიგურატიული მხატვრობა, რასაც ვაკეთებთ და რაც გამოიფინა გამოფენაზე. ამ ფიგურებს იდეური დატვირთვა ჰქონდა. გიორგი სხვა დატვირთვას აძლევდა ფიგურებს, მე სხვანაირად ვიყენებდი. თუმცა პრობლემა  ერთია, ის რაც ზოგადად ყველას აწუხებს, რაც მსოფლიოში ხდება.   თუ გინდა ეკოლოგიური, თუ გინდა აბორტი, თუ გინდა ეგზორციზმი,  ბოროტი სულის განდევნა და ა.შ.

რას ხატავს მხატვარი


ბექა: ამ კითხვაზე თქვენ სრულყოფილ პასუხს ვერ მიიღებთ. ზოგჯერ მე თვითონაც „არ ვიცი“, რას ვხატავ.  საჭირო არ არის, საკუთარი  ვნებათაღელვის,  მორევში ტრიალის აფიშირება გააკეთო  და გააკრა კედელზე, რომ მე ამ დღეს ვარ კარგად, მე ამ დღეს ვარ ცუდად. არა, უბრალოდ შენ ხატავ და იხატება ის, რაც შენ გინდა. ახლა ვიღაცა მოვა, ამ რაღაც თუთიყუშს მიამსგავსებს რაღაც გაურკვეველ ფრინველს და იტყვის: ბექამ ამ თუთიყუშში ძალიან დიდი სევდა ჩადო.  და რატომაა მოწყენილი თუთიყუში? დაისვა კითხვა. რატომ და იმიტომ, რომ თუთიყუშია.

გიორგი: ყოველდღიური ემოციის სახე და ფერი არ უნდა ჰქონდეს და ვერ ექნება ნახატს, რა. იმიტომ, რომ სულ სხვა მხატვრობას ვაკეთებთ ჩვენ, სულ სხვა რაღაცას ვქმნი და სულ სხვა მორევში ვარ, ვაკეთებთ სერიებს და ეს სერიები, საერთო ჯამში, რომ გამოიფინება, მერე ქმნის იმ შთაბეჭდილებას, რასაც გრძნობს მნახველი და არა ერთი ნახატის კონკრეტული ემოცია. თუმცა არის შემთხვევები, როცა ერთი ნახატი გაძლევს იმ ენერგეტიკას, რისი მიღებაც ალბათ უნდა შეძლო.
ბექა: ერთი ნახატით სრულდება ის ნახატი და იმ ნატურმორტის ცხოვრებაც, გინდა ფიგურის, გინდა ვიღაც პიროვნების.  არის კიდევ სერიები, როცა შენ ვერ ჩერდები, გინდა უფრო განავრცო და უფრო სრულყოფილი სახე მისცე ამ სერიას.  ჩვენ ამ ეტაპზე საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობთ სერიებზე. სერიალებს არ ვიღებთ, სერიებად ვხატავთ. რაღაც წიგნივითაა, ფურცლავ და კითხულობ, ფურცლავ და კითხულობ. აქვს პროლოგი და ეპილოგი.

–როგორ ფიქრობთ, კარგად გკითხულობენ?
– ბექა: შეიძლება კარგად გვკითხულობენ, მაგრამ ზურგსუკან ცუდად გვკითხულობენ. თავისთავად კარგიც არის და ცუდიც.  აუცილებელია კრიტიკის ქვეშ მოყვე, რომ რაღაც–რაღაცები გადაამუშავო უკეთ. ვაი იმათ კიდევ, ვინც ცუდად მოგვიხსენიებს. რომ ჰკითხო, ძალიან შავთეთრად ვხედავთ და რატომ ხატავთ ასე მუქ ტონალობაში, რატომ ხართ ესეთი დეპრესირებულებიო. ჩვენ შეიძლება რეპრესირებულები ვიყოთ, მაგრამ დეპრესირებულები არა. ჩვენ რომ ეს არ დავხატოთ, ჩვენს ნამუშევრებს დავემსგავსებით. ყველაფერი გადადის ნახატზე, ჩვენ ამით ვთავისუფლდებით და ამიტომ ვართ ასე კარგად. გვეტყობა რამე დეპრესიის?
გიორგი: ადამიანი ყოველთვის ბედნიერი ვერ იქნება ვერასდროს. მითუმეტეს, ამ კონკრეტულ გარკვეულ სივრცეში. არა მგონია, ადამიანი იყოს ბედნიერი, ყოველ შემთხვევაში მარადჟამს. ზღაპარში არავინ ვცხოვრობთ. ეს ყველაფერი არის რეალობა და ამ რეალობის ასახვას ვცდილობთ ჩვენ. სწორედ ამ რეალობის ეშინიათ მერე.
სხვადასხვა დროს  ორივე ბათუმის სამხატვრო ტექნიკუმის სტუდენტი იყო, რომლის დამთავრების შემდეგ ორივემ  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა სწავლა. სწავლის დასრულების შემდეგ ბათუმში დაბრუნდნენ. ახლა პოლონეთში წასასვლელად ემზადებიან ღია პლენერში მონაწილეობის მისაღებად.
ბექა: გაცვლითი პროგრამაა. ჯერ ჩვენ მივდივართ  პოლონეთში და მერე პოლონელები ჩამოდიან  აქ. პოლონელი მხატვრების დახატული ნახატები რჩება აქ, ჩვენი ნახატები რჩება პოლონეთში. იქნება ხატვა, დასვენება და ბევრი ლუდი.

არა მუზას


ბექა: ჩვენს ხელოვნებაში არც რომანტიზმია, არც პოეტურობა და არც მუზები. მუზა ჩვენთან არც იცხოვრებს. არც ყოფილან აქ, არც იციან, რომ ჩვენ აქა ვართ. მაინც არ შემოვუშვებთ. მუზები ჩვენთვის ზედმეტად პოეტურია. ჩვენს შემოქმედებას მუზა არ უხდება. ჩვენს შემოქმედებას უხდება ლუდი. აი, შეიძლება ვიღაც მოვიდეს და ძალიან დაითრგუნოს, რატომ ხატავთ ასეო. თქვას, დაინახეთ სილამაზე და დახატეთ ფოთოლი და ყვავილიო. არ ვხატავთ არც ფოთოლს და არც ყვავილს. ჩვენ ვხატავთ, რაც ყველაზე პრობლემურია დღევანდელ დღეს, უბრალოდ ჩვენ ჩვენს მხარეს ვაჩვენებთ, ჩვენი ნაფიქრი რაც არის, იმას ვდებთ სიბრტყეზე. მე არ ვხატავ ზღვას, მე ვტრიალდები და ვხატავ მთას. ზღვა ეს მაინც რომანტიზმია, რომანტიკული თოლია გადაიფრენს, ზოგი თოლია გადმოასკინტლებს,  არარომანტიკულად, მაგრამ ბათუმელი ვიღაც ზის და ის იღებს, ნახე, რა ლამაზად ქნა. ამ დროს ეცემა თავზე და ფხიზლდება.

გიორგი:  და ეგრევე იძახის, უი, რა კაია, ფულს ვიშოვიო.

ბექა: მთა ნაკლებად რომანტიკულია. მთასთან ჭიდილი გიწევს. უნდა ახვიდე და უნდა ჩამოხვიდე. რომ მიდიხარ ვაკე ადგილას და ხედავ წინ მთას, ძალიან დიდი ბუმბერაზი მთა არის.  რაც უფრო უახლოვდები, ეს მთა უფრო და უფრო პატარავდება. რომ ადიხარ და წვერზე ხარ, უკვე მთაზე დიდი ხარ.  რეალურად პატარა ხარ, მაგრამ ზოგადად ყველაფერს უყურებ, მთაზე დიდი ხარ, მთაზე ხარ თვითონ და ეს არის. ახლა სად ვართ? „სიცარიელეში ვარ სამი წელიწადია, ბატონო ვასო“. მხატვრობის  მთაზე, პიკზე უნდა ავიდეთ. ოღონდ ეს არ იფიქროს ვინმემ, რომ, ოო, ბექას განდიდების მანია აქვს. უბრალოდ, პიკზე შეიძლება ერთ ნამუშევარზე იყო. არ ვგულისხმობ ყველას. ზოგადად ერთ ნახატზე შეიძლება იყო პიკზე და მეორე ნახატზე იყო ვაკეზე, სადღაც მესამე ნახატზე შუაში იყო გაჩხერილი.

გიორგი: მე არ ვიცი, სად ვარ საერთოდ. რატომ ვარ და რისთვის ვარ. მე სერიოზულად ვამბობ,  რომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ და მორჩა, ვცდილობ, წავიდე წინ და ავიდე მაღლა. ალბათ ავალ. ახლა მეორე სართულზე ვარ, მაგრამ სადამდე ავაღწევ, არ ვიცი. ჩვენ, მე და ბექა, ორი გადარეული ვართ. ალბათ ერთ დღეს  ნეკროლოგებშიც ერთად  აღმოვჩნდებით. იუწყებიან, რომ გაურკვევლად გარდაიცვალა ორი გაურკვევლობაში მყოფი ადამიანი. მაშინ, როდესაც ერთ დღესაც გაქრა ლუდი.

მასალების გადაბეჭდვის წესი