ხელოვნება

შვედური საღამო სამეფო უბნის თეატრში

7 ივლისი, 2011 • 1675
შვედური საღამო სამეფო უბნის თეატრში

5 ივლისს სამეფო უბნის თეატრში შვედურ–ქართული საღამო  გაიმართა. თეატრის თანამშრომლობა შვედ კოლეგებთან (დამოუკიდებელი თეატრი „დრამალაბეტი“), უკვე მეორე წელია გრძელდება და მისი პირველი შედეგები სცენაზე სწორედ 5 ივლისის საღამოს ვიხილეთ. წარმოდგენილი იყო ქალი დრამატურგების მონოლოგები და პოპულარული შვედი მწერლისა და დრამატურგის, იუნას ჰასენ ხემირის პიესა „ხუთჯერ ღმერთი“. ეს იყო წლევანდელი „არდიფესტის“ ბოლო ღონისძიება.

 

ქალთა ხმა“- ასე ქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც 3 შვედი და 2 ქართველი დრამატურგი ქალი უკვე მეორე წელია, თანამშრომლობს. მათ ჰქონდათ სამუშაო შეხვედრები სტოკჰოლმსა და თბილისში, ასევე ერთად დაესწრნენ შვედური თეატრის ბიენალეს ქალაქ იევლეში. „არდიფესტზე“ წარმოდგენილი მონოლოგები კი მათი ერთ–ერთი რიგითი ნამუშევარია. ქალმა მწერლებმა საერთო მოქმედების ადგილად ავტობუსის გაჩერება აიღეს და კიდევ ერთი პირობა – შვედი ქალები ქართველ პერსონაჟზე წერდნენ და პირიქით – ქართველები – შვედებზე. ექსპერიმენტმა საინტერესო სახე მიიღო – მათ წარმატებით მოახერხეს სტერეოტპული წარმოდგენების მიღმა გასვლა და რამდენიმე ვიზიტის შედეგად აღქმულ–დანახული ქართველი–შვედი ქალების დამაჯერებელი სახეები შექმნეს თავიანთ ტექსტებში. რეჟისორმა დათა თავაძემ და ახალგაზრდა მსახიობებმა მონოლოგების გაცოცხლების ორიგინალურ ფორმას მიაგნეს – მსახიობი ქალები ერთად იწყებდნენ ლაპარაკს, ყველა თავისი მონოლოგიდნ კითხულობდა ნაწყვეტს, შემდეგ მათ შორის ერთი ხმა გამოიკვეთებოდა და სწორედ ეს უკანასკნელი აგრძელებდა თავის სცენას.  ეფექტური მუსიკალური გაფორმება, შთამბეჭდავი, თუმცა სადა ვიზუალური მხარე და ძლიერი ტექსტები – ეს ყველაფერი ნამდვილ სიურპრიზად იქცა მაყურებლისთვის. იმედია, როგორც ორგანიზატორები დაგვპირდნენ, პროექტი გაგრძელდება და მის შედეგად საინტერესო შვედურ–ქართულ ტექსტებს ვიხილავთ სცენაზე.

 

საღამოს მეორე განყოფილება დაეთმო პოპულარული შვედი დრამატურგისა და მწერლის, იუნას ჰასენ ხემირის პიესის „ხუთჯერ ღმერთის“ კითხვას. პიესა მოგვითხრობს არშემდგარ მსახიობზე, რომელიც თინეიჯერებს დრამის გაკვეთილებს უტარებს და ცდილობს, ავგუსტ სტრინდბერგის „სიზმრების თამაში“ დაადგმევინოს საკურსო სპექტაკლად. თუმცა, პიესა სულ სხვა განვითარებას იღებს – ბავშვებს არ აინტერესებთ კლასიკა, მათ თავიანთი ცხოვრების ხილვა უნდა სცენაზე და ამგვარად იბადება 5 სცენა, თითოეულს თითო პერონაჟი მართავს. საბოლოოდ ყველა მათგანი ახერხებს მაყურებლამდე საკუთარი სათქმელის მიტანას და ამაში მათ სწორედ თეატრალური ფორმა ეხმარება.

 

საინტერესოა, რომ პიესის სათქმელი ერთგვარად უნისონში ჟღერს საერთოდ ამ ფესტივალის იდეასთან – ვილაპარაკოთ თანამედროვე ენაზე, გავხადოთ თეატრი თანამედროვე და ავსახოთ სცენაზე ჩვენი ახლანდელი პრობლემები. იმავე კონცეფციაში ჯდებოდა ქალი დრამატურგების მონოლოგებიც – გვაინტერესებს, რა ხდება ახლა და აქ, ჩვენ ირგვლივ და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამის ადგილი სცენაზე არ არის, ძალიან ცდება. წარმატებული შვედური პროექტებით სამეფო უბნის თეატრმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თეატრისთვის აუცილებელიც კია, თანამედროვეობიდან იკვებოს და არასოდეს მოსწყდეს რეალობას, არ იყოს დისტანცირებული მაყურებლისგან.

 

მონოლოგების ავტორები: ირმა ტაველიძე, ნინო სურამელაშვილი, ანალინა ჰერცბერგი, იუჰანა ემანუელსონი, კამილა ვან დერ მეერ სედერბერგი. თარგმანი შვედურიდან: დავით გაბუნია. რეჟისორი: დათა თავაძე

 

მონაწილეოდნენ მსახიობები: სალომე მაისაშვილი, მაგდა ლებანიძე, კატო კალატოზიშვილი, იაკო ჭილაია, ქეთა შათირიშვილი, პაატა ინაური, დათა თავაძე, შაკო მირიანაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი