ხელოვნება

არდიფესტის მეორე დღე – 3 ქართული პიესა

2 ივლისი, 2011 • 1362
არდიფესტის მეორე დღე – 3 ქართული პიესა

1 ივლისი „არდიფესტმა“ მთლიანად ახალ ქართულ პიესებს დაუთმო. ფესტივალის მესვეურების განცხადებით, მათი ერთ–ერთი პრიორიტეტი სწორედ დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობაა. წარმოდგენილი იყო 3 სპექტაკლი– ალექსანდრე ლორთქიფანიძის, იოსებ ბაკურაძისა და დავით ჩიხლაძის პიესების მიხედვით. პირველი ორი პიესა ავტორებმა დადგეს, მესამე კი რეჟისორმა თეონა მესტუმრემ.

 

რახან დღის აქცენტი პიესებზე გაკეთდა, ჩვენც ყურადღებას მათზე გავამახვილებთ, რაც მართებული იქნება იმის გათვალისწინებითაც, რომ სამივე დადგმა რეჟისორული თვალსაზრისით საკმაოდ ხარვეზიანი გამოდგა.

 

დრამატურგმა და მსახიობმა, ალექსანდრე ლორთქიფანიძემ ამჯერად რეჟისურაში სცადა ბედი საკუთარი პიესით „თევზის იავნანა“. ლორთქიფანიძის პიესა ზღვის პირას მცხოვრები წყვილის შესახებ მოგვითხრობს, ეს არის ამბავი/იგავი მამასა და შვილზის შესახებ, მარადიულ ძიებაზე… თუმცა ლორთქიფანიძის პოეტიზირებული სტილი ამ შემთხვევაში უკუშედეგს იძლევა, ბუდნოვანი ხდება, თითქმის იკარგება სიუჟეტური ხაზი და ხელთ მხოლოდ ცალკეული პოეტური სახეები გვრჩება, რაც დრამის უმნიშვნელოვანესი ელემენტის – ამბის თხრობის– გარეშე ტოვებს ტექსტს. დადგმის ატმოსფერულობა და მსახიობი ქალის (ანი ცეცხლაძე) საინტერესო ნამუშევარი, სამწუხაროდ, სპექტაკლის შესაკვრელად არასაკმარისი აღმოჩნდა.

 

სრულიად საქართველოს მოსახლეობის აზრი“ რეჟისორმა იოსებ ბაკურაძემ დაწერა და თავად დადგა. ეს არის ზედაპირული სატირა, ალაგ–ალაგ პოლიტიკურ–სოციალური საკითხების გაშარჟების მცდელობით, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ეს მცდელობა თითქმის უშედეგოდ სრულდება. ხუმრობები გაცვეთილია, უკვე მრავალგზის მოსმენილი და არააქტუალური. არადა, პიესა თითქოს სწორედ აქტუალურობით უნდა ყოფილიყო გამორჩეული. სამწუხაროდ, მსახიობების ექსცენტრული ვიზუალური მხარე სპექტაკლის გაცოცხლებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, თამაშის მანერულ ხერხს კი თავი მეტ–ნაკლები წარმატებით მხოლოდ ნინუცა მაყაშვილმა გაართვა.

 

საღამო დასრულდა დებიუტანტი დრამატურგის, დათო ჩიხლაძის პიესით „ვოდკა გორბაჩოვ“, რომელიც რეჟისორმა თეონა მესტუმრემ დადგა. წინა ორი პიესისგან განსხვავებით, ავტორი საკმაოდ წარმატებით ახერხებს, იყოს აქტუალური და არასწორხაზოვნად ასახოს პიესაში ქვეყნისვთის უკიდურესად მნშვნელოვანი საკითხები. პოლონელი ჟურნალისტები მოსკოვის ნარკოლოგიურ კლინიკაში აღმოჩნდნენ, არადა, მათ რუსეთ–საქართველოს კონფლიქტის გაშუქება აქვთ დავალებული. სხვა გამოსავალის არარსებობის გამო ისინი თავად იგონებენ რეპორტაჟებს არარსებული ომიდან. ამისთვის ფსევდო–რესპონდენტებს იყენებენ. აქ სულ სხვადასხვა ხალხია: რუსი მილიციელი, რომელიც ქართველებს თანაუგრძნობს, ქართველებზე შეყვარებული მოსკოველი სტრიპტიზიორი ქალი, ქართველი ჯარისკაცი, რომელსაც სამშობლო არ უყვარს და ომი არ უნდა, ქართველი ბარიგა, ომის დროს გაქცეულ პოლიტიკოსებს საზღვარზე ნარკოტიკებით რომ ამარაგებს… საინტერესოა, რომ რეჟისორმა ოთხივე რესპონდენტის როლების შესრულება მსახიობ ქალს, სალომე მაისაშვილს დააკისრა. სწორედ მის მიერ განსახიერებული პერსონაჟების განვითარებაზე აეგო სპექტაკლში მოქმედების ღერძი, რამაც სხვა მხრივ რეჟისორულად საკმაოდ შეუკრავი ნამუშევარი, შეიძლება ითქვას, გადაარჩინა. შთამბეჭდავი ფინალური სცენა, საკმაოდ თამამი ტექსტი, მწვავე არაპოლიტკორექტულობა – ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, სხვა მხრივ საკმაოდ უღიმღამო საფესტივალო დღის ეფექტური დასასრული იყო.

 

არდიფესტის“ მე–3 დღის, 2 ივლისის პროგრამა ასე გამოიყურება:

პაპუნა ჭელიძის „სალათის ფოთლები“ – რეჟისორი ლევან ხვიჩია.

ე. შტაუბერის მიხედვით „სახლობანა“ – რეჟისორი გიორგი ხოსიტაშვილი

ალექსა ჩიღვინაძის „ამას ტურისტებს არ უჩვენებენ“ – რეჟისორი ლაშა ბერსენაძე

LOVE RATS” – პიესის ავტორი და რეჟისორი პაატა ციკოლია.

 

შეგახსენებთ, რომ ფესტივალი მიმდინარეობს სამეფო უბნის თეატრში, სპექტაკლები კი ყოველ საღამოს 19 საათსა და 30 წუთზე იწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი