ხელოვნება

30 ივნისიდან არდიFEST 2011 დაიწყება

27 ივნისი, 2011 • 1137
30 ივნისიდან არდიFEST 2011 დაიწყება

სამეფო უბნის თეატრი უკვე მესამედ ატარებს  ტრადიციად ქცეულ,  25–წუთიანი სპექტაკლების ახალგაზრდულ ფესტივალს, „არდიფესტი“. ამჯერად  იგი 30 ივნისს დაიწყება და  4 ივლისს დაიხურება დაჯილდოების ცერემონიით. ჟიურის უცვლელი თავმჯდომარე თემურ ჩხეიძეა.  მასთან ერთად ახალგაზრდა კონკურსანტებს შეაფასებენ: თეიმურაზ მურვანიძე, ნინო კასრაძე, მანანა გეგეჭკორი, დავით დოიაშვილი, გიორგი ცინცაძე და ზურაბ გეწაძე.

ნეტგაზეთი კვლავაც ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერია, შესაბამისად, საფესტივალო დღეებში ჩვენს გვერდზე ყოველდღიურად იხილავთ ფესტივალის ქრონიკებს, თეატრის პროფესიონალთა კომენტარებით. 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით სამეფო უბნის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იქნება  სპეციალურად საფესტივალოდ დადგმული  თოთხმეტი სპექტაკლი (დასაწყისი 19:30). მათ შორის 6 მათგანი ახალი ქართული პიესის მიხედვით დაიდგა, ეს პიესები ფესტივალის კატალოგთან ერთად კრებულის სახით წელს პირველად გამოიცემა.

ფესტივალის დახურვაზე,, 4 ივლისს,  წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა ბრიტანელი დრამატურგის, პენელოპ სკინერის პიესა „ბრმა ფერი“ (რეჟ. ნინი ჩაკვეტაძე), ხოლო 5 ივლის ს გაიმართება შვედურ-ქართული პროექტების ფარგლებში შექმნილი/თარგმნილი პიესების კითხვა (პროექტებს სამეფო უბნის თეატრი სტოკჰოლმის დამოუკიდებელ თეატრთან– დრამალაბეტთან თანამშრომლობით ახორციელებს).

მასალების გადაბეჭდვის წესი