ეკონომიკა

არჩილ აბაშიძე: ”ჩვენს პოლიტიკურ ელიტაში „დასაჭერი კიდევ ბევრია“

1 ნოემბერი, 2010 • 1855
არჩილ აბაშიძე: ”ჩვენს პოლიტიკურ ელიტაში  „დასაჭერი კიდევ ბევრია“

2010 წლის 25 ოქტომბერს სასტუმრო თბილისი მარიოტში მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა ჩაატარა მრგვალი მაგიდა, რომელზეც შეჯამდა პროექტის – შავი ზღვის რეგიონში კორუფციასთან ბრძოლის ქმედითი მექანიზმები: გაკვეთილები და შემდგომი ნაბიჯები რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთისა და საქართველოსათვის – შედეგები.  თემის აქტუალურობიდან გამომდინე,  კომენტარი ვთხოვეთ კვლევის ერთ-ერთ ავტორს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორს, ბატონ არჩილ აბაშიძეს.

ბატონო არჩილ, რა იყო კვლევის ძირითადი მიზანი, ვინ იყვნენ კვლევის ინიციატორები და რომელ ქვეყნებში განხორციელდა კვლევა?

პროექტი განახორციელა მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა სამ უცხოელ პარტნიორთან ერთად: საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტი (Institute for Public Policy), რუმინეთი; ლიბერალური სტრატეგიების ცენტრი (Center for Liberal Strategies), ბულგარეთი; პარლამენტარებისა და არჩეული თანამდებობის პირების მონიტორინგის კომიტეტების ასოციაცია (Association of Committees for Monitoring Parliamentarians and Elected Officials), თურქეთი. პროექტი დააფინანსა ორგანიზაციამ – Black Sea Trust (BST), the German Marshall Fund. კვლევის ინიცატორი რუმინული საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტი იყო. პროექტის ხანგრძლივობა 6 თვეს შეადგენდა და  2010 წლის მაისში დაიწყო.

პროექტი მიზნად ისახავდა რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთისა და საქართველოს მიერ კორუფციასთან ბრძოლაში ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში დაგროვებული გამოცდილების შედარებას და გაზიარებას. ამ მიზნით მოხდა ოთხივე ქვეყნის ანტიკორუფციული კანონმდებლობის შესწავლა, ჩატარდა ინტერვიუები აღნიშნულ სფეროში მოღვაწე სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

თუ შესაძლებელია, მოკლედ მიმოიხილოთ დასახელებულ ქვეყნებში არსებული ვითარება? რა შეიძლება გავიზიაროთ მათი გამოცდილებიდან?

საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მიხედვით, შავი ზღვის რეგიონში ჩვენზე კარგი მონაცემები მხოლოდ თურქეთს აქვს. საქართველო უსწრებს, თუმცა უმნიშვნელოდ, რუმინეთსა და ბულგარეთსაც კი – ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. აღარაფერს ვამბობ უკრაინაზე (134-ე ადგილი), რუსეთზე (154-ე ადგილი) და ჩვენს სხვა მეზობლებზე – სომხეთსა და აზერბაიჯანზე. საქათველო 2009 წელს 66-ე ადგილზე იყო და 2010 წლის მონაცემებით, 68–ე ადგილზე გადავიდა.  ეს უმნიშვნელო უკანდახევაა, მაგრამ, ალბათ, კარგად ასახავს ბოლო 1 წლის განმავლობაში ანტი-კორუფციული ბრძოლის მიმართულებით განვითარებულ მოვლენებს: ბევრ კორუმპირებულ ჩინოვნიკს იჭერენ, მაგრამ მნიშვნელოვნად სურათი არ იცვლება. რაიმე გაბედული ნაბიჯები კორუფციის წინააღმედეგ ბოლო დროს არ გადადგმულა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მაღალჩინოსნის დაპატიმრებას.

კვლევაში მონაწილე  ქვეყნებს, განსაკუთრებით რუმინეთსა და ბულგარეთს, საქართველოს გამოცდილება ძალიან აინტერესებთ. მათთვის გარკვეულწილად გამოცანად რჩება, თუ როგორ შეძლო საქართველომ მოკლე დროში ამდენის მიღწევა. რუმინეთშიც და ბულგარეთშიც, სხვადასხვა გამოკითხვებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი კორუფციას სერიოზულ პრობლემად თვლის. პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები ხშირად ეხვევიან ხმაურიან კორუფციულ სკანდალებში.

თუმცა, თავი არ უნდა მოვიტყუოთ და არ უნდა გვეგონოს, რომ ჩვენ მათგან არაფერი გვაქვს სასწავლი. სწორედ მათი გამოცდილების შესწავლის შედეგად ჩამოვაყალიბეთ  ის რეკომენდაციები, რომელიც ამ ეტაპზე ქართულ სახელმწიფოს შეიძლება გამოადგეს: პარლამენტის როლი ანტიკორუფციულ ბრძოლაში უნდა გაიზარდოს (დღევანდელი მდგომარეობით, პარლამენტის როლი მინიმალურია); კონტროლის პალატის და საჯარო სამსახურის ბიუროს უფლებამოსილება უნდა გაფართოვდეს (აქ, ქონებრივი დეკლარაციების შემოწმება, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი საკითხია, მაგრამ არა – ერთადერთი); საგამოძიებო ჟურნალისტიკას ხელშეწყობა ჭირდება (მედიაში არსებულ სავალალო მდგომარეობაზე, რაც განსაკუთრებით ხელისუფლების მიერ მოძულებულ საგამოძიებო ჟურნალისტიკას ეხება, ქართული საზოგადოება დიდი ხანია საუბრობს; კარგია, რომ ორგანიზაციის რეპორტიორები საზღვრებს გარეშე მიერ დადებულმა მონაცემებმა მაინც აიძულა ხელისუფლება ამ მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებების გატარებაზე ალაპარაკებულიყო); საჭიროა, აგრეთვე, ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის გავრცელება (2010 წელს საქართველომ ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მიიღო, თუმცა ეჭვი გვაქვს, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ ამის შესახებ ბევრი არაფერი იცის).

ისიც უნდა ვახსენოთ, რომ კორუფციასთან ბრძოლაში მხოლოდ ხელისუფლების კეთილ ნებაზე არ ვართ დამოკიდებულნი: საქართველოს ანტი-კორუფციულ რეფორმებს თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს, ერთი მხრივ, GRECO (Group of States Against Corruption) და, მეორე მხრივ, OECD (Organisation for Economic Co-operation and Development). საქართველოს საკუთარ თავზე ვალდებულებები აქვს აღებული და მათი შეუსრულებლობა ხელისუფლებას ნამდვილად არ აწყობს. ეს ორი ორგანიზაცია მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კვლევაში ჩართულ სხვა ქვეყნებში ანტიკორუფციული ღონისძიებების და რეფორმების დაგეგმვასა და განხორცილებას.

მაშინ, როდესაც ხელისუფლება კორუფციის სფეროში არსებულ მიღწევებზე საუბრობს, ოპოზიციის მხრიდან ხშირად არის საუბარი ე.წ. ”ელიტარულ კორუფციაზე”, ანუ საუბრობენ იმაზე,  რომ თითქოს საყოფაცხოვრებო დონეზე არსებულმა კორუფციამ ე.წ. ”მაღალ ეშელონებში” გადაინაცვლა. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

საქართველოს რომ კორუფციასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს, უდავოა. მიკვირს, როდესაც ზოგიერთი ექსპერტი თუ ოპოზიციური პარტიის წევრი ამ ფაქტს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. რიგით მოქალაქეს რომ კორუფციულ გარიგებებში თითქმის აღარ უწევს გახვევა, აშკარაა და ამას სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვებიც ადასტურებენ.

თუმცა, „ქუჩის დონის კორუფციის“ მოსპობა არ ნიშნავს იმას, რომ კორუფცია აღარ არსებობს და სისტემა გაწმენდილია. ჩვენმა კვლევამაც სწორედ ეს დაადასტურა, რომ კორუფცია ხელისუფლების მაღალ და საშუალო დონეზე კვლავაც არსებობს; ამ ტიპის კორუფციის დამარცხებას ძლიერი პოლიტიკური ნება  და სერიოზული რეფორმების გატარება ესაჭიროება.

კორუფცია „მაღალ ეშელონებში“ ჩვენთან ყოველთვის არსებობდა და ვერ ვიტყვი, რომ ამ ბოლო ხანებში რაიმე „გადანაცვლებასთან“ გვაქვს საქმე. უბრალოდ, იმის გამო, რომ დაბალი დონის კორუფცია შემცირდა, საზოგადოების ყურადღება უფრო მეტად მაღალი ეშელონებისკენ არის მიმართული. ანუ, ახლა დღის წესრიგში მაღალი ეშელონების „გაწმენდა“ დგას, რაც ბევრი მიზეზის გამო, უფრო რთული საქმეა, ვიდრე დაბალი დონის კორუფციის მოსპობა. ეს მხოლოდ პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღების და დახვეწის შედეგად შეიძლება მოხდეს: როდესაც ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა ბალანსი დარეგულირდება, ხოლო მედია თავისუფალი და გაბედული იქნება.

თანამედროვე საზოგადოებაში კორუფციას გამოვლინების ძალიან ბევრი ფორმა აქვს და ზოგიერთი ფორმა ისეთია, რომ სწორედ საზოგადოებამ უნდა გამოუცხადოს მას ბრძოლა, რადგან ხელისუფლება ნაკლებ დაინტერსებულია მისი აღმოფხვრით (ასეთია, მაგალითად, კორუფციული მაქინაციები არჩევნების დროს).

თქვენი აზრით, ის, რომ არაერთი საერთაშორისო კვლევის თანახმად (მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებული ბოლო ანგარიშის მიხედვით), საქართველოში კორუფციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია,  ეს სისტემური რეფორმების ბრალია,  თუ დანერგილია შიშის სინდრომი? უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, კორუფციული გარიგებები გამართული სისტემის პირობებში აზრს კარგავს თუ საქმე მხოლოდ “დაპატიმრების შიშთან” გვაქვს?

ერთიც და მეორეც. მნიშვნელოვანი რეფორმები ჩვენთან ბევრ სფეროში გატარდა. თუმცა, ბოლო 2 წლის განმავლობაში რეფორმების პროცესი შენელდა და  ხელისუფლების ბევრ წარმომადგენელში გარკვეული თვითკმაყოფილების შეგრძნებაც გაჩნდა: გამუდმებით საუბარია იმაზე, თუ უკვე რას მივაღწიეთ  და ნაკლები საუბარია იმაზე, რომ ჯერ კიდევ მთავარი გამოწვევები (ელიტური კორუფციის შეზღუდვა) წინ არის. მაგალითისთვის ავიღოთ ჯანდაცვის სფერო. რა გაკეთდა კორუფციის შესამცირებლად ჯანდაცვის სფეროში? ბევრი არაფერი. ყოფილი მინისტრის მოადგილის, ფრუიძის საქმე ხომ კარგი მაგალითია იმისა, რომ კორუფცია კვლავაც ხარობს და „დაპატიმრებების შიში“ პრობლემას ვერ მოაგვარებს?

პრეზიდენტმა თვითონ თქვა, რომ ერთ-ერთი ყოფილი მინისტრი „ძმაბიჭობის“ პრინციპით ხელმძღვანელობდა, როდესაც ხალხს ნიშნავდაო. ნეპოტიზმი ქართული სახელმწიფოს სერიოზული პრობლემაა ნებისმიერი ხელისუფალის ხელში.

სამწუხარო ისაა, რომ კორუფციის გამო, ჩვენს პოლიტიკურ ელიტასა და სახელმწიფო სტრუქტურებში „დასაჭერი კიდევ ბევრია“. ამიტომაცაა საჭირო რეფორმების გაგრძელება. დაჭერებით შეიძლება შეახსენო ჩინოვნიკებს, რომ ხელისუფლებას აზრი არ შეუცვლია და კორუფციას კვლავ არ შეურიგდება, მაგრამ პრობლემას ეს ვერ მოაგვარებს. საჭიროა მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილებები და დაწყებულის ბოლომდე მიყვანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებაში სულ იქნება საუბარი იმაზე, თუ რატომ იჭერენ პეტრეს და არ იჭერენ პავლეს, რომელიც არანაკლებ ითბობს ხელს პარლამენტში, ან რომელიმე სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი