ეკონომიკა

ცენტრ-პოინტი აუქციონს ისევ გამართავს

9 თებერვალი, 2010 • • 1981
ცენტრ-პოინტი აუქციონს ისევ გამართავს

პირველი აუქციონის შემდეგ, სამშენებლო კომპანია ცენტრ-პოინტთან ურთიერთობა ძველმა კლიენტებმა განაახლეს.

მას შემდეგ, რაც საჯარო აუქციონზე გამოტანილი იქნა 10 ბინა, კლიენტთა ნაწილმა მინიმალური შენატანებით გააგრძელეს თანხის დაფარვა, ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ცენტრ-პოინტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თიკა რუხაძე.

აუქციონზე 8 ბინა გაიყიდა, 1 ბინის ღირებულება თავად მფლობელმა დაფარა, ხოლო 1 ბინა დიდი ფართის გამო საერთოდ არ გაიყიდა.

რუხაძის თქმით საერთო ჯამში 300 ათასი დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა.

კომპანია ცენტრ-პოინტი თვეში ერთხელ აპირებს აუქციონის გამართვას და მასზე დაახლოებით 5-15 ბინის გატანას. აუქციონზე გასატანი ბინების არჩევა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იმოქმედებენ ბინების მფლობელები, დაიწყებენ თუ არა ფართების ღირებულების დაფარვას.

”2700 კლიენტი საერთოდ არც ერთ თეთრს არ იხდიდა,” ამბობს თიკა რუხაძე. მისი თქმით ამ დროის მანძილზე კომპანია დაზღვეულ წერილებს უგზავნიდა მათ, უკავშირდებოდა ტელეფონით , თუმცა ამის მიუხედავად ბინების მფლობელების ნაწილი კონტაქტზე არ გამოდიოდა.

იმ შემთხვევაში თუ ცენტრ-პოინტის კლიენტები არ განაგრძობენ კომპანიასთან ურთიერთობას, არ არის გამორიცხული 2700 ბინა გაიტანონ აუქციონზე.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თქმით გაყიდული და გასაყიდი ბინების მშენებლობა დასრულების სტადიაშია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი