ეკონომიკა

ისევ ხიდები და ისევ უცნობი ბიუჯეტი

29 ივლისი, 2010 • • 3089
ისევ ხიდები და ისევ უცნობი ბიუჯეტი

კომპანია “სიემდი ინჟინეროს” თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე იმ ორი ხიდის პროექტს აქვეყნებს, რომლებიც  საქართველოს მთავრობამ ანაკლიისა და ბათუმისთვის შეუკვეთა. ეს სწორედ ის ესპანური კომპანიაა, რომელმაც თბილისში მშვიდობის ხიდი და გმირთა მოედანზე გმირთა მემორიალი დააპროექტა.
 საიტის მიხედვით,  ანაკლიის ხიდის შემკვეთი ანაკლიის მთავრობაა, ფრჩხილებში  საქართველოა მითითებული, ხოლო ბათუმის ხიდის შემკვეთი კი აჭარის მთავრობა.
არც ერთი ხიდის მშენებლობის ბიუჯეტი არ არის დაკონკრეტებული, განსხვავებით სხვა ხიდებისგან, რომლის პროექტებიც ასევე არიან წარმოდგენილნი კომპანიის საიტზე. ხიდის ყველა პროექტს მითითებული აქვს ბიუჯეტი, იმ პროექტების გარდა, რომლებსაც ისინი საქართველოში ახორციელებენ.  უკვე დასრულებულ მშვიდობის ხიდის ბიუჯეტს კი აქვს წარწერა – “შესწავლის ფაზაში”.
ანაკლიის ხიდი 552 მეტრი სიგრძისაა. პროექტის დაწყების თარიღად 2010 წელია მითითებული.  საიტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სტრუქტურული კონცეფციების შემუშავება მიმდინარეობს.

ანაკლიის ხიდი
ანაკლიის ხიდი

როგორც ანაკლიის, ასევე ბათუმის ხიდი, ფეხით მოსიარულეებისთვის არის განკუთვნილი. თუმცა ბათუმის ბულვარის ხიდი ქვეითად მოსიარულეებისთვის შედარებით მოკრძალებულია – მისი სიგრძე 20 მეტრია.

ბათუმის ხიდი
ბათუმის ხიდი

 რაც შეეხება ზოგადად თანხებს, რომლებსაც კომპანია ხიდების მშენებლობისთვის იღებს,  ხიდის ზომასა და ვიზუალურ მხარეზეა დამოკიდებული. მაგალითად, აი, ეს მოკრძალებული 11– მეტრიანი ხიდი, რომელიც ესპანურმა კომპანიამ ქალაქ ვალენსიაში ააგო. მისი  ბიუჯეტი 600 ათასი ევროა.

11 მ. ხიდი ვალენსიაში
11 მ. ხიდი ვალენსიაში

2006 წელს აშენებული ეს ხიდი კი, რომლის სიგრძე 70 მეტრია, 2 მილიონი ევრო დაჯდა.

70 მ. ხიდი
70 მ. ხიდი

ბიუჯეტი მითითებული აქვს რამდენიმე პროექტს.  აჭარაში, “თაუერი”, რომლის ბიუჯეტი 30 მილიონი ევროა. საიტის ინფორმაციით, შემკვეთია შპს საჰაერონავიგაცია.
კიდევ ერთი მაღალბიუჯეტიანი პროექტია ბათუმის ოპერის სახლი. მისი შემკვეთი ბათუმის მუნიციპალიტეტი და აჭარის მთავრობაა. ბათუმის ოპერის ბიუჯეტია 25 მილიონი ევრო.
ასევე ბათუმის მერიის მიერ შეკვეთილი “აის კაფე”, 400 ათასი ევროს ბიუჯეტით.
საინტერესოა ისიც, რომ თუკი საიტის სიახლეებს დაათვალიერებთ, 2010 წელს განთავსებულ სიახლეთა შორის, ორი ახალი ამბის გარდა, ყველა საქართველოს ეხება, საქართველოში განხორციელებულ პროექტებს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას და სხვა ამ ტიპის ინფორმაციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი