ახალი ამბები

თელავის საკრებულოს თავმჯდომარე: სტალინის ძეგლის დადგამაზე ნებართვა გაცემული არ არის

1 სექტემბერი, 2013 • • 1412
თელავის საკრებულოს თავმჯდომარე: სტალინის ძეგლის დადგამაზე ნებართვა გაცემული არ არის

“არანაირი ნებართვა საკრებულოდან გაცემული არ არის, სიმართლე რომ გითხრათ, სულ ცოტა ხნის წინ, შემთხვევით გავიგე ამის შესახებ, ასე რომ, ნამდვილად არანაირი ნებართვა და შეთანხმება არ ყოფილა. აუცილებლად მოყვება დემონტაჟი, როგორც უკანონოდ და ნებართვის გარეშე დადგმულ ნაგებობას. კანონის ნორმა პირდაპირ რეგულაციას აწესებს, ამას სჭირდება საკანონმდებლო პროცედურების დაცვა და  განხილვის შემდეგ,  მე მგონი, ყველაფერი დასრულდება დემონტაჟით, როგორც ნებართვის გარეშე ჩადენილი ქმედება”.


“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა თელავის გამგებელ გივი მეტრეველსაც, მას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, გასცა თუ არა მუნიციპალიტეტმა ნებართვა ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით, თუმცა აცხადებს, რომ უშუალოდ მას ნებართვა არ გაუცია და იმ პერიოდში, რაც ის გამგებლად დაინიშნა, ამ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა. გივი მეტრეველი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი 2013 წლის 22 ივლისიდანაა:


“რა თქმა უნდა, ავტორიტარულ რეჟიმს დადებითად არ ვაფასებ, ისევე როგორც ყველა ქართველი, მაგრამ თვითონ სტალიანის ძეგლის თაყვანისცემა ომის ვეტერენების მხრიდან, მე ამას ვერანაირად ხელს ვერ შევუშლი და ვერ დავუშლი. ეს არ არის ქალაქის ცენტრი ან მოედანი, კი, საჯარო სივრცეა, მოცილებით თელავიდან, არის ერთ–ერთ გორაზე, სადაც კომუნისტების დროს აღმართული იყო რკინა–ბეტონის დროშა, მეომრების ძეგლები  და მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სიმბოლიკა, სტალინის ძეგლი იქ არ იყო, მაგრამ იმ პერიოდში სტალინის ძეგლები იყო სხვა ადგილებში. ახლაც და მანამდეც, საქართველოს ხელისუფლებამ ძეგლები შეამცირა. თავისთავად ცხადია, რომ სტალინის კულტი აღარ დაბრუნდება და არ იქნება ქვეყანაში, მაგრამ, ალბათ, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმ მოხუცებს, რომლებიც მონაწილე არიან [ომის], სულ რამდენიმე კაცია დარჩენილი ცოცხალი”– განაცხადა მან. 


“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ ძეგლის შესახებ ნებრათვა გაცემული არ არის, მოხდება თუ არა დემონტაჟი, გამგებელმა განგვიცხადა, რომ თუ იურიდიულად არასწორადაა ქმედება ჩადენილი, მას გამოასწორებენ:


“შეიძლება იყოს დემონტაჟი, შეიძლება იყოს ნებართვის მიცემა მოსახლეობასთან კონსულტაციების შემდეგ”– განაცხადა მან.


კარნეგის ცენტრის მიერ 2012 წელს ორგანიზებული გამოკითხვის მიხედვით, ქართველებს საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი აქვთ სტალინით აღფრთოვანების თვალსაზრისით– გამოკითხულთა 45 % პოზიტიურ დამოკიდებულებას გამოხატავს ყოფილი საბჭოთა კავშირის ლიდერის მიმართ. 


შეგახსენებთ, რომ სტალინის ძეგლი დღეს, 1 სექტემბერს, საზოგადოება “სტალინელისა” და ვეტერანთა კავშირის ორგანიზებით, თელავში გაიხსნა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი