ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა თანამდებობა დატოვა

22 აპრილი, 2015 • 1574
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ინფორმაცია ახალკაციშვილის მიერ კანონის შესაძლო დარღვევაზე დღეს “პრველმა რადიომ” გაავრცელა. სტატიის თანახმად, ანონიმურმა წყარომ პირველ რადიოს მიაწოდა დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა, რომ მომსახურების სააგენტოს დირექტორი საკუთარი უწყების მიერ გამოცხადებული აუქციონით თავად სარგებლობდა. 

 

ზურაბ ახალკაციშვილი აცხადებს, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ქონდა, თუმცა მორალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო:

 

“დღეს, მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მხრიდან კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე, აგრეთვე, სააგენტოში IP ტელეფონებზე შემოსული ზარების მონიტორინგთან დაკავშირებით.
საზოგადოებისთვის განვმარტავ, რომ აღნიშნული კანონის თანახმად, სსიპ-ის ხელმძღვანელი თანამდებობის პირად მოიაზრება მხოლოდ ქონებრივი დეკლარაციის შევსების ნაწილში, ხოლო ამ კანონის სხვა ყველა დანარჩენი ნორმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელზე არ ვრცელდება, შესაბამისად, სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ინტერნეტ აუქციონში ამავე სააგენტოს დირექტორის მონაწილეობა არ არის კანონთან შეუსაბამო.

რაც შეეხება ე.წ. IP ტელეფონებზე შემოსული ზარების მონიტორინგის საკითხს, აღნიშნული ხორციელდებოდა ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მონიტორინგისა და მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით და ეს პირიქით, აუცილებელია შემოსულ ზარებზე ეფექტური რეაგირებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნულ არც ერთ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია კანონდარღვევას, გამოცხადებულ ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის გამო საზოგადოების წინაშე  ვიღებ მორალურ პასუხისმგებლობას და იმისთვის, რომ ჩრდილი არ მიადგეს მომსახურების სააგენტოს, ზოგადად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეპუტაციას, ჩემს კოლეგებს, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო დაკავებული თანამდებობა,”– ნათქვამია ახალკაციშვილის განცხადებაში.

 

ზურაბ ახალკაციშვილი ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალურ დირექტორად 2013 წელს დაინიშნა. 2012-2013 წლებში ამავე სააგენტოში გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი შპს “სან პეტროლეუმ ჯორჯიაში” (“გალფი”) ავტოგასამართ სადგურის მენეჯერი იყო.

ზურაბ ახალკაციშვილი. ფოტო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
ზურაბ ახალკაციშვილი. ფოტო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

მასალების გადაბეჭდვის წესი