ახალი ამბები

საქართველოს თვითმმართველობის არჩევნების ორივე ტური, ჯამში, 40 მილიონზე მეტი უჯდება

30 ივნისი, 2014 • • 1335
საქართველოს თვითმმართველობის არჩევნების ორივე ტური, ჯამში, 40 მილიონზე მეტი უჯდება

15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უზრუნველსაყოფად ცესკოს, ჯამში, 34 673 000 ლარი ჰქონდა მობილიზებული, თუმცა ქვეყნას არჩევნებზე დამატებითი თანხის დახარჯვა მოუწევს, რადგან 12 თვითმმართველი ქალაქიდან 8-ში მე-2 ტურის ალბათობა გარდაუვალია. თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, თელავში, გორში, ოზურგეთში, ბათუმსა და ფოთში პარტიების მიერ წარდგენილმა ვერც ერთმა კანდიდატმა 50+1 ერთი ხმა პირველადი მონაცემებით ვერ მიიღო. რაც შეეხება გამგებლების არჩევნებს, მე-2 ტური 12 მუნიციპალიტეტში გაიმართება.

“ჯერ ადრეა იმის თქმა, რა დაჯდა არჩევნების პირველი ტური, იმიტომ, რომ ჯერჯერობით ყველა ხარჯი გაწეული არ არის, რაღაცების გადახდა ახლა ხდება ეტაპობრივად. რაც შეეხება თვითონ ბიუჯეტს, 34 673 000 ლარი არის, ჯამში. ამ ბიუჯეტში შედის უშუალოდ არჩევნების ორგანიზება [საარჩევნო მოხელეთა შრომის ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება], რაზეც 27 174 000 ლარია გათვალისწინებული, ასევე შედის საუბნო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლების ტრენინგები – 825 500 ლარი, ასევე შედის კვალიფიციური სატელევიზიო საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯები – 1 200 000 ლარი, და კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსება – 5 473 000 ლარი. ამ ოთხ პროგრამულ კოდზე, რაც ჩამოგითვალეთ, იყო ეს ჯამური თანხა გათვალისწინებული – 34 673 000 ლარი”, – ამბობს ოთარ ბუსკივაძე ცესკოს დაგეგმვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი.


ფული/ლარი
ფული/ლარი

 

კვალიფიციურ საარჩევნო  სუბიექტებს, რომელთაც წინა საპარლამენტო ან თვითმმართველობის არჩევნებზე შესაბამისი პროცენტული ბარიერები გადალახული აქვთ, არჩევნების დღეს შეუძლიათ საოლქო ან საარჩევნო კომისიებში თავისი წარმომადგენლები დანიშნონ და ისინი ამისთვის ბიუჯეტიდან იღებენ თანხებს. ქვეყანაში სულ 14 კვალიფიციური სუბიექტი არსებობს, თუმცა მათი დიდი ნაწილი არჩევნებზე არა დამოუკიდებლად, არამედ  ბლოკების სახით წარსდგა, ამიტომ, 14 საარჩევნო კვალიფიციური სუბიექტი, ჯამში, 8 პოლიტიკური გაერთიანებამდე დავიდა. ამის გამო მათ ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსების სრულად ათვისება ვერ მოახერხეს.

“კანონში პირდაპირ წერია, რომ კვალიფიციური პარტია საარჩევნო ოლქში წარმომადგენლობაზე იღებს 150 ლარს, ხოლო საარჩევნო უბანზე – 100 ლარს. ხოლო საარჩევნო ბლოკი, რომელშიც ორი ასეთი პარტია შედის – უბანზე 150 ლარს იღებს, ხოლო ოლქში – 200 ლარს”, – განმარტავს ბუსკივაძე.

ცესკოს ცნობით, პირველ ტურში ამ ტიპის ყველაზე მსხვილი დაფინანსება ზემოხსენებული 8 სუბიექტიდან “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, რადგან მასში 6 კვალიფიციური სუბიექტი ერთიანდება – 560 150 ლარი, მაგალითად, ნაციონალურმა მოძრაობამ 374 650 ლარი მიიღო, ამ თვალსაზრისით ყველაზე ნაკლები დაფინანსება ხალხის პარტიაზე გაიცა –  331 600 ლარი.

რაც შეეხება მეორე ტურს, ცესკოს გაანგარიშებით, ჯამში, მის ორგანიზებას დაახლოებით 5 700 000 ლარი დასჭირდება:

“აქ უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებებისთვის გათვალისწინებულია 4 400 000 ლარი, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამების განთავსების ხარჯები არის 634 000 ლარი, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინასნება არის 708 000 ლარი, ჯამში, მეორე ტური შეადგენს 5 700 000 ლარს. მინდა გითხრათ, რომ მეორე ტურისთვის თანხის რაღაც ნაწილი ჩვენ რეზერვებში გვაქვს პირველი ტურის ბიუჯეტიდან დარჩენილი, ხოლო დანარჩენი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. 5 700 000 ლარი გამოდის სულ. უხეშად რომ ვთქვათ,  2 700 000 ლარი ნაშთის სახით ჩვენ გვაქვს და, შესაბამისად, 3 მილიონის დამატება დაგვჭირდა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან”, – ამბობს ბუსკივაძე.

გამოდის, რომ სულ ქვეყანას არჩევნების ორივე ტური, ჯამში, 40 373 000 ლარი უჯდება, რაც 6 346 297 ლარით მეტია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გაწეულ ხარჯთან შედარებით, თუმცა იმ არჩევნების დროს მეორე ტური საჭირო არ გამხდარა, რადგან გიორგი მარგველაშვილმა პირველსავე ტურში გაიმარჯვა.

 

რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის განმავლობაში პოლიტიკური ძალების მიერ გაწეულ ხარჯებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას ინფორმაციით [მან ეს განცხადება რუსთავი 2-ის ეთერში გააკეთა], ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პარტიებმა 8 109 000 ლარზე მეტი დახარჯეს: ქართული ოცნება- 4 198 341 ლარი, ნაციონლაური მოძრაობა- 1 895 649 ლარი, პატრიოტთა ალიანსი- 149 803 ლარი, ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია- 462 040 ლარი, არასაპარლამენტო ოპოზიცია – 708 928 ლარი, “თვითმმართველობა ხალხს”- 352 207 ლარი, ლეიბორისტული პარტია – 47 804 ლარი, საქართველოს გზა – 162 760.

მასალების გადაბეჭდვის წესი