ახალი ამბები

საქართველოში ტუბერკულოზით გარდაცვალების რიცხვი მცირდება

24 მარტი, 2014 • • 2146
საქართველოში ტუბერკულოზით გარდაცვალების რიცხვი მცირდება

ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია სლოგანით  “გამოავლინე სამი მილიონი” საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მიერ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტუბერკულოზის პრევენციის პროგრამის ხელშეწყობით გაიმართა. 

 

შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი. ასევე, ტუბერკულოზის ეროვნულ პროგრამაში მონაწილე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

 

პრეზენტაციების დროს წარმოდგენილი სტატისტიკის შესაბამისად, მსოფლიოში ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანი ავადდება ტუბერკულოზით. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გამოუვლენელი რჩება ტუბერკულოზის სამ მილიონამდე შემთხვევა. 

 

ბოლო ოფიციალური მონაცემებითვე (2012) მსოფლიოში 8,6 მილიონ ადამიანს განუვითარდა ტუბერკულოზი, რომელთაგანაც 5,7 მილიონი (66%) პირველად გახდა ავად, გარდაიცვალა 1,3 მილიონი. 


ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში მცირდება ყოველწლიურად 2%-ით, ხოლო სიკვდილობის მაჩვენებელი 1990 წლიდან შემცირდა 45%-ით.  აღნიშნული პოზიტიური ცვლილებები, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, ამყარებს აზრს, რომ ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევა 2015 წლისათვის რეალურია (სიკვდილობის შემცირება 50%-ით).

 

“რომ არა საერთაშორისო დონორები, ჩვენი ქვეყანა ვერ უპასუხებდა არსებულ გამოწვევებს,”- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

 

საქართველოში [Global Fund] გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, წლების განმავლობაში შესაძლებელი გახდა ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა და უნივირსალური მკურნალობა. თუმცა პრობლემები და გამოწვევები მაინც რჩება – ოფიციალური ინფორმაციით, ეს არის ტუბერკულოზის მართვის ერთიანი სისტემა, პერსონალის არასათანადო მოტივაცია [დაბალი ხელფასები], ახალგაზრდა კვალიფიციური კადრები და ა.შ. 


1994 წელს 100 000 პაციენტზე 288 სიკვდილობის შემთხვევა ფიქსირდებოდა, 2013 წლის სტატისტიკით ეს რიცხვი 69-მდე შემცირდა. წარმატებული მკურნალობის შედეგი კი 76% -ია [ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მაჩვენებელი 84%-ია].

 

საერთო რეგისტრირებულ შემთხვევათა შორის ფილტვის ტუბერკულოზი შეადგენს თითქმის 80%-ს, ხოლო ფილტვგარეთა – 20%-ს. ამ უკანასკნელთა სიაში ყველაზე ხშირად გვხვდება ტუბერკულოზური პლევრიტი.

 

ტუბერკულოზური დაავადების ასაკობრივ თავისებურებად ითვლება მისი პიკური გავრცელება ახალგაზრდულ და აქტიურ ასაკში, უფრო მეტად 24-45 წლებს შორის, რაც ტუბერკულოზის გადაცემის გზებიდან გამომდინარე ადვილად ახსნადია – ადგილი აქვს  მეტ კომუნიკაციას ადამიანებს შორის. ასევე განსხვავებულია გავრცელება სქესთა შორის. გავრცელება მამაკაცებში საშუალოდ სამჯერ მეტია ქალებთან შედარებით და ეს განსხვავება გაცილებით დიდია პიკურ  (ახალგაზრდულ და საშუალო) ასაკში. 


ბავშვებსა და ხანდაზმულ ასაკში სქესთა შორის ტუბერკულოზის გავრცელების განსხვავება მინიმალურია. 

 

საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ბოლო წლებში რეგისტრირდებოდა საერთო რაოდენობის 14-15%.  2013 წელს პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზის 205 შემთხვევა დარეგისტრირდა, რაც შეადგენს 5%-ს. ამ მონაცემს ოფიციალურად პატიმართა რიცხვის მკვეთრი შემცირებით ხსნიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი