სამართალი

საკითხები, რომლითაც ბოლო თვეში სახალხო დამცველი დაინტერესდა

5 თებერვალი, 2014 • • 1099
საკითხები, რომლითაც ბოლო თვეში სახალხო დამცველი დაინტერესდა

საუბარი რამდენიმე საკითხს შეეხო, მათ შორის ტყიბულის მაღაროში ადამიანის გარდაცვალების ფაქტს:

 

“ხვალ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ჭიათურაში და ტყიბულში ჩავლენ, გაიმართება შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, ასევე, მომსახურე პერსონალთან, რათა უკეთესად შევისწავლოთ სიტუაცია. პრობლემები ამ სფეროში არის ძალიან სერიოზული და გვინდა ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ამას”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. მისი თქმით, იმისათვის, რომ კონკრეტული რეკომენდაციები შემუშავდეს, აუცილებელია ომბუდსმენის აპარატი უკეთესად გაეცნოს ადგილზე მდგომარეობას.

 

 

ნანუაშვილმა ისაუბრა საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროს #19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში სამედიცინო მომსახურებისა და საყოფაცხოვრებო კუთხით არსებულ პრობლემებზეც. მისი თქმით, დაწესებლებაში ფაქტობრივად არ ხდება ტუბერკულოზის თანხმლები დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა, ასევე, გვერდითი მოვლენების მართვა. გართულებულია მედიკამენტებზე წვდომა, არ ტარდება ინფექციის კონტროლის ღონისძიებები, შეზღუდულია ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის კონსულტაციები, ხოლო საკვების ხარისხი და ულუფის მოცულობა არადამაკმაყოფილებელია:

 

 

“მონიტორინგისას გამოიკვეთა საგანგაშო ტენდენცია, რომ დაწესებულებაში გახშირდა დისციპლინური სახდელის სახით სამარტოო საკანში პაციენტთა მოთავსება. ჩვენ უკვე მივმართეთ სასჯელაღსრულების სამინისტროს და ველოდებით რეაგირებას. ეს პრობლემები რომ დგას, ამას სამინისტროშიც არ უარყოფენ, ჩვენი ინფორმაციით იწყება გარკვეული პროგრამები, რათა ეს პრობლემები მოგვარდეს, მაგრამ ეს რთული პროცესია, რადგან ძველი მემკვიდრეობა არის ძალიან ცუდი”, – განაცხადა ნანუაშვილმა.

 

 

ომბუდსმენის ერთი თვის ანგარიშში შესულია განცხადება 8 იანვარს საქართველოს საპატრიარქოსთან გამართული აქციის თაობაზეც, სადაც მოქალაქეები პატრიარქის მიერ საშობაო ეპისტოლეში გამოთქმულ მოსაზრებებს აპროტესტებდნენ:

 

 

“აქციის მონაწილეებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პარალელური აქციის მონაწილეებმა. სახალხო დამცველი დაუშვებლად მიიჩნევს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ძალადობრივი ქმედებით”, – ნათქვამია ანგარიშში.

 

 

დღეს უჩა ნანუაშვილმა ყურადღება გაამახვილა უმცირესობათა პრობლემებზეც და იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება ამ კუთხით მომხდარი ინციდენტების შემდეგ დასკვნებს გამოიტანს და მომავალში გაითვალისწინებს:

 

 

“მნიშვნელოვანია, რომ დღეს უმცირესობათა თემა აღარ არის ტაბუდადებული და თითქმის ყველა მედიასაშუალება ამაზე ღიად საუბრობს. პრობლემები იყო და კვლავ რჩება, მაგრამ ეს პრობლემები ეხება არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ საზოგადოების დამოკიდებულებას. შარშან სამწუხარო მოვლენა მოხდა 17 მაისს, დაპირისპირება ამ დღესთან დაკავშირებით მოხდა 2012 წელსაც, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ პრობლემა არის ჩვენში, საზოგადოებაში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში პოლიციის რეაგირებაც არის დაგვიანებული, ან საერთოდ არ არის. იმედია, სამართალდამცავები გამოიტანენ დასკვნებს და წელს უფრო მომზადებული იქნებიან”, – განაცხადა ომბუდსმენმა.

 

 

უჩა ნანუაშვილმა დღეს ეკომიგრანტთა პრობლემების შესახებაც ისაუბრა:

 

 

“მიმდინარეობს მუშაობა კანონზე. საერთაშორისო გამოცდილების თანახმად, ამ ადამიანებს იძულებით გადაადგილებულ პირებად აღიარება უნდა მოხდეს. წელს შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ კუთხით კანონზე მუშაობს. ჩვენი რეკომენდაცია იყო, ცალკე კანონი არ შემუშავებულიყო და მომხდარიყო დევნილთა შესახებ კანონის განვრცობა, თუმცა ასე არ მოხდა. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ახალი კანონის მომზადებაც წინგადადგმული ნაბიჯია. სახელმწიფო ვალდეუბლია, რომ იზრუნოს იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც ეკომიგრანტებს აწუხებთ”, – განაცხადა ნანუაშვილმა.

 

 

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიშს საზოგადოებას ყოველთვიურად მიაწვდის, ხოლო ყოველი თვის ბოლო პარასკევს გაიმართება დებატები ადამიანის უფლებების თემებზე. დებატებზე განხილული იქნება აქტუალური საკითხები, პირველი ასეთი შეხვედრა ხუდოჰესს შეეხება, სადაც ყველა მხარე იქნება მოწვეული.

მასალების გადაბეჭდვის წესი