ახალი ამბები

ოპოზიციამ სხდომაზე სარეიტინგო კენჭისყრის საკითხი დააყენა

21 მარტი, 2013 • 1005
ოპოზიციამ  სხდომაზე სარეიტინგო კენჭისყრის საკითხი დააყენა

საპარლამენტო ოპოზიცია
საპარლამენტო ოპოზიცია

უმცირესობის წევრმა პალიკო კუბლაშვილმა პარლამენტის სხდომაზე, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს, სარეიტინგო კენჭისყრის ინიციატივა დააყენა.


პარლამენტი პირველი მოსმენით იხილავს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც პრეზიდენტს უზღუდავს მთავრობის დათხოვნის უფლებამოსილებას.


სულ ცოტა 100 ხმაა  საჭირო იმისათვის, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება დაამტკიცოს.  ამჟამად „ქართულ ოცნებას“ 83 დეპუტატი ჰყავს, ნაციონალურ მოძრაობას კი – 53;  თავდაპირველად ნაციონალურ მოძრაობას 65 დეპუტატი ჰყავდა, მაგრამ 12–მა დატოვა უმცირესობა, მათგან ერთი მმართველ პარტიას შეუერთდა. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მინიმუმ 6 ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროება.

 

უმრავლესობის აზრით, რომელიც ამ ცვლილებების ინიციტორია, ცვლილებების პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად არის საჭირო.


საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ორი თვეა  უთანხმოების საგანს წარმოადგენს პრემიერისა და პრეზიდენტის პოლიტიკურ გუნდებს შორის.


19 მარტს საქართველოს პრეზიდენტი წყალტუბოში საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა მათი პოზიცია: “ნაციონალური მოძრაობა” მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს მხოლოდ იმ პირობით, რომ მანამდე შედგეს სარეიტინგო კენჭისყრა, რათა დაფიქსირდეს, რომ უმრავლესობას არ გააჩნია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის აუცილებელი 100 ხმა და რამდენიც დააკლდება, პრეზიდენტის პარტია მზადაა იმდენი ხმა მისცეს ცვლილებებს, რომლითაც იზღუდება პრეზიდენტის უფლებამოსილება მთავრობის დათხოვნისა და ფორმირების საკითხში.

 

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია სარეიტინგი კენჭისყრის დანიშვნა. 

კუბლაშვილმა სხდომაზე ინიციატივის დაყენებისას განაცხადა, რომ სარეიტინგო კენჭისყრის შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. 

 

“ამ ცვლილებთან არანაირი კითხვის ნიშნები არ გვაქვს და ჩვენ მზად ვართ ამ ცვლილებასთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას დავუჭიროთ მხარი. რაც შეეხება ფორმას ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების, დამეთანხმეთ, რომ ეს არის აბსოლუტურად ამოვარდნილი ჩვეულებრივი მდგომარეობიდან და რეალობიდან. თუნდაც ფორმა, რაც ხდებოდა ამ კანონპროექტის განხილვის პროცესში, ეს არ იყო ჩვეულებრივი განხილვები, იყო აგრესია, იყო ძალადობის ფაქტები, რის გამოც შემდეგ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და უმცირესობის წარმომადგენლებმა დავტოვეთ კომისია”, – განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.


კუბლაშვილმა პარლამენტის წევრებს მიმართა, რომ თუკი მათ უნდა ისეთი პარლამენტი, სადაც უმრავლესობა უმცირესობას არ დაემუქრება, უნდა ჩატარდეს სარეიტინგო კენჭისყრა:


“მოდით გავაკეთოთ ის, რაზეც გუშინდლიდან მიდის საუბარი და რაც სრულ შესაბამისობაშია საპარლამენტო პრაქტიკასთან, სარეიტინგო კენჭისყრით დავადასტუროთ ჩვენი რეალური ძალა, ერთი მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის და მეორე მხრივ, საპარლამენტო უმცირესობის, რომელიც ვერ დაშალეს, რომლის თითოეულ წევრსაც, როდესაც საუბარია, რომ ვიღაც გადაიბირეს, ჰგონია, რომ მასზეა საუბარი. აი, ეს პრობლემა მოვხსნათ და მე გპირდებით, რომ ამ კანონპროექტს ექნება მხარდაჭერა უმცირესობის მხრიდან”, –  განაცხადა კუბლაშვილმა 21 მარტს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვისას. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი