ახალი ამბები

სხვისი პულტის გამოყენების გამო პარლამენტში არავინ დასჯილა

14 იანვარი, 2013 • 1324
სხვისი პულტის გამოყენების გამო პარლამენტში  არავინ დასჯილა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტის წევრი ხმას პირადად აძლევს: ხმის მიცემის უფლებისა და ხმის მისაცემი ბარათის სხვისთვის გადაცემა დაუშვებელია. ამ წესის დარღვევისთვის კი, ამავე რეგლამენტის მიხედვით, სანქცია ეკისრება სწორედ იმ დეპუტატს, ვის ნაცვლადაც მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის ირინე იმერლიშვილის თქმით, პარლამენტში სხვისი პულტის გამოყენების გამო არავინ დასჯილა:

 

“ცნობილია, ვინ იყენებს პულტს, ანუ ამ შემთხვევაში გიორგი გაჩეჩილაძე. მაგრამ ვის პულტს იყენებს, ეს საკითხი, ეს პიროვნება ვერანაირად მოძიებული ვერ იქნა.”

მისივე თქმით, გიორგი გაჩეჩილაძემ ვერ გაიხსენა, ვისი პულტი გამოიყენა:

“გიორგი გაჩეჩილაძემ ეს ვერანაირად ვერ გაიხსენა, როგორც ჩვენ გვითხრა. არც ის პიროვნება, მიუხედავად პარლამენტის თავმჯდომარის ძალიან  სერიოზული მოთხოვნისა, არ გამოგვეხმაურა თავისით. “

ნეტგაზეთის კითხვაზე, გამოითხოვა თუ არა აღნიშნული შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა მეორე არხისგან, იმერლიშვილი პასუხობს:

“კადრები არ მომიძიებია, მე რაც მევალებოდა, ის გავაკეთე. ახსნა-განმარტება ჩამოვართვი გიორგი გაჩეჩილაძეს და მან ვერ გაიხსენა. კადრები როგორ მომეძიებინა, არც ვიცი, ალბათ ის დღე უნდა ვიცოდე, ხომ?!”

რაც შეეხება გია ხეჩინაშვილის მიერ  საკუთარი პულტის გარდა დეპუტატ თემურ მაისურაძის პულტის გამოყენებას, იმერლიშვილი განმარტავს, რომ ამ შემთხვევის შესახებ არაფერი სმენია.

მასალების გადაბეჭდვის წესი