ახალი ამბები

პოლონეთში ანდერს ბრეივიკის სავარაუდო თანამზრახველი დააკავეს

25 ივლისი, 2011 • • 1547
პოლონეთში ანდერს ბრეივიკის სავარაუდო თანამზრახველი დააკავეს

ანდერს ბრეივიკი
ანდერს ბრეივიკი

პოლონეთში ნორვეგიელი ტერორისტის, ანდერს ბრეივიკის სავარაუდო თანამზრახველი დააკავეს. ამის შესახებ რუსული გამოცემა lenta.ru პოლონურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

ინტერნეტ გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულია ვროცლავის მკვიდრი, რომელიც შხამ-ქიმიკატების ინტერნეტ-მაღაზიას ფლობდა. სამართალდამცავთა ინფორმაციით, ანდერს ბრეივიკმა ასაფეთქებელი მოწყობილობისთვის აუცილებელი ნივთიერებები სწორედ მისგან შეიძინა. პოლიცია ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინტერნეტ-მაღაზიის პოლონელ მფლობელს აქტიური სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებთან, მათ შორის ნორვეგიასთანაც. პოლონურ ონლაინ-მაღაზიაში ბომბისთვის აუცილებელი ნივთიერებების ყიდვის შესახებ თავად ანდერს ბრეივიკი თავის 1500-გვერდიან მანიფესტშიც წერს. მანიფესტს ”2083: ევროპის თავისუფლების დეკლარაცია” ჰქვია და თავად ტერორისტის შედგენილია. ბრიატნული გამოცემა ”გარდიანი” კი პოლონეთის პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ ვროცლავში არავინ არ დაუკავებიათ და პოლონური მედიით გავრცელებული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება. ადგილობრივი პროკურორის თქმით, მათ ნორვეგიელი სამართალდამცავების თხოვნით ინტერნეტ-მაღაზიის მფლობელი მხოლოდ და მხოლოდ შეამოწმეს და მისგან გაიგეს, თუ რა რაოდენობის ქიმიური ნივთიერება მიჰყიდა ანდერს ბრეივიკს. პოლონეთის პროკურატურის წარმომადგენელმა ”გარდიანს” ასევე განუცხადა, რომ ბრეივიკის კონტაქტი პოლონეთთთან მხოლოდ ”კომერციული ხასიათის” იყო. ნორვეგიელმა პოლონურ ინტერნეტ-მაღაზიაში მხოლოდ 10 ევროს ღირებულების 0.3 კგ სოდიუმის ნიტრატი იყიდა.

ნორვეგიელი სამართალდამცავების ინფორმაციით, 22 ივლისს ნორვეგიაში ახალგაზრდულ ბანაკსა და ოსლოში მასობრივი მკვლელობის ავტორი სწორედ 32 წლის ანდერს ბრეივიკია. მისი სასამართლო პროცესი ნორვეგიაში დღეს არის დაგეგმილი. მოსამართლეს მისი წინასწარ დაკავება მხოლოდ 4 კვირით შეუძლია, 4 კვირაში კი საქმის ძირითადი მოსმენა უნდა დაიწყოს. პროკურატურამ პროცესის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. თავად ბრეივიკს კი სურდა, რომ სასამართლო საჯარო ყოფილიყო და დანაშაულის მოტივების შესახებ ვრცლად ესაუბრა. სამართალდამცავებს მიაჩნიათ, რომ ბრეივიკს სასამართლო პროცესის გამოყენება საკუთარი იდეოლოგიის პოპულარიზების მიზნით სჭირდება და სხდომის საჯაროობის შემთხვევაში პროცესზე სწორედ ამ იდეოლოგიის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას შეეცდება. ანდერს ბრეივიკის ადვოკატებმა მედიას განუცხადეს, რომ 32 წლის ნორვეგიელი თავის დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ საკუთარი ქმედება ”საზარელი, მაგრამ აუცილებელი იყო.” ადვოკატების ინფრომაციით, ბრეივიკს სასამართლოზე მისვლა სამხედრო მუნდირში გამოწყობილს სურს. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ნორვეგიელმა ტერორისტმა აალგაზრდულ ბანაკში მკვლელობა კომპიუტერული თამაშების მიხედვით დაგეგმა. გარდა ამისა, ბრეივიკი მსროლელთა კლუბის წევრიც იყო და წლების მანძილზე აქტიური წევრობის შემდეგ, ავტომატყური ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ლიცენზიაც კი მიიღო.

ტერორისტის ბინაში ნაპოვნი 1500-გვერდიანი მანიფესტი  მთლიანად ბრეივიკის შექმნილია, საიდანაც ირკვევა, რომ ის იყო ულტრამემარჯვენე ნაციონალისტი, ფუნდამენტალისტი ქრისტიანი, რომელსაც სძულდა მუსლიმები, ეწინააღმდეგებოდა მარქსიზმსა და მულტიკულტურალიზმს. დოკუმენტი ასევე შეიცავს ინტერვიუს, სადაც კითხვებს ბრეივიკი სვამს და თავადვე პასუხობს.

“ადამიანი, რომელსაც შენ შეხვდებოდი?” – ეკითხება ბრეივი საკუთარ თავს. იქვე კი პასუხობს, რომ ასეთი ადამიანი ან რომის პაპია, ან ვლადიმერ პუტინია. ნორვეგიელის აზრით, ”პუტინი თითქოს არის სამართლიანი და მტკიცე ლიდერი, რომლის პატივისცემაც ღირს.”

“ამ ეტაპზე მე არ ვიცი, შეუძლია თუ არა მას იყოს ჩვენი საუკეთესო მეგობარი, ან ყველაზე უარესი მტერი. მისი ფსიქოანალიზი რთულია. მე დარწმუნებული ვარ, რომ არ მინდა ვიყო მისი მტერი. ცხადია, მას[პუტინს] მოუწევს ამ თავდასხმის დაგმობა, ეს გასაგებია,” – წერს მასობრივი მკვლელობის ორგანიზატორი რუსეთის პრემიერის შესახებ.

აღნიშნული დოკუმენტიდან ასევე ირკვევა, რომ ბრეივიკი ნორვეგიაში მასობრივ მკვლელობებს ჯერ კიდევ წლების წინ გეგმავდა. ის ნორვეგიის მთავრობისადმი სიძულვილის მიზეზებზეც საუბრობს. ერთ–ერთი ასეთი მიზეზთაგანია 1990–იან წლებში ნატოს ძალების მიერ სერბეთის დედაქალაქის დაბომბვა. ოპერაციაში მაშინ ნორვეგიაც მონაწილეობდა. ბრეივიკს ასევე არ მოსწონდა ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც მუსლიმებს საშუალებას აძლევდა, ნორვეგიაში დასახლებულიყვნენ და ამ ქვეყანასთან მჭიდრო კავშირები დაემყარებინათ. ის ნორვეგიის ხელისუფლებას იასირ არაფატისთვის ნობელის პრემიის გადაცემის გამოც აკრიტიკებდა და ეს ფაქტი დაუშვებლად მიაჩნდა.

ანდერს ბრეივიკი ასევე წერს,  მან 2000 წელს გაცნობიერა, რომ მულტიკულტურალიზმის, მარქსიზმისა და ისლამის წინააღმდეგ ევროპაში დემოკრატიულმა ბრძოლამ აზრი დაკარგა, რა დროსაც მან აღმოაჩინა, რომ ევროპაში არ არსებობდა შეიარაღებული, კონსერვატიული, ქრისტიანული, ანტი–ჯიჰადისტური მოძრაობა. ამის შემდეგ მან საკუთარი მოქმედების გეგმის შედგენა დაიწყო, რაც 2011 წლია 22 ივლისს მასობრივი მკვლელობითა და ტერაქტით დაასრულა. შემთხვევის შედეგად 90–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამდენივე კი დაიჭრა. ტრაგედიის დროს ახალგაზრდულ ბანაკში ორი ქართველი, თამთა ლიპარტელიანი და ნათია ჩხეტიანი, იმყოფებოდა. ცხეტიანი უვნებლად გადარჩა, თამთა ლიპარტელიანს კი ამ დრომდე ეძებენ. მის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად ოსლოში უკვე გაემგავრა საქართველოს კონსული დანიაში ნინო ქოჩორაშვილი.

ამავე თემაზე:

ბრეივიკი: შევხდებოდი პაპს და პუტინს

ნორვეგიაში საქართველოს მოქალაქეს ისევ ვერ პოულობენ

ტრაგედიის დროს ნორვეგიის ახალგაზრდულ ბანაკში ქართველებიც იმყოფებოდნენ


მასალების გადაბეჭდვის წესი