ტექნოლოგიები

მარტიდან 14 მიკროავტობუსში მგზავრებს უფასო უკაბელო ინტერნეტის მიღება შეეძლებათ

23 თებერვალი, 2016 • 1588
მარტიდან 14 მიკროავტობუსში მგზავრებს უფასო უკაბელო ინტერნეტის მიღება შეეძლებათ

#2 მიკროავტობუსში მალე მგზავრებს სატესტო რეჟიმში უფასო ინტერნეტის მიღება შეეძლებათ. უფასო ინტერნეტით მომხმარებლებს კომპანია WiFisher უზრუნველყოფს.

WiFisher-ის დამფუძნებელი და დირექტორი ნოდარ ივანიძე ამბობს, რომ პროექტი ტესტირების რეჟიმშია და თავდაპირველად უკაბელო ინტერნეტით #2 სამარშუტო ხაზის  დაახლოებით 14 მიკროავტობუსი აღიჭურვება.

“ეს ხაზი მაღლივი კორპუსიდან სტუდენტებს ემსახურება. გვინდა, რომ ახალი სარეკლამო ხაზი შევქმნათ დამკვეთებისთვის და ასევე მომხმარებლებს მივცეთ საშუალება, რომ გამოიყენონ უფასო ინტერნეტი.  როდესაც სამარშრუტო ტაქსიში არაფერს აკეთებ, საცობია, ან დიდი ხანი გიწევს ჯდომა,  ორივე მხარე შეიძლება კმაყოფილი იყოს. დამკვეთი ეცდება, რომ ამ ხალხს მიაწვდინოს თავისი მესიჯი რეკლამის სახით. ამავდროულად, ხალხს ექნება უფასო ინტერნეტი”, – განაცხადა ნოდარ ივანიძემ.

ივანიძის განმარტებით, ინტერნეტის მისაღებად საჭირო არ არის აპლიკაცია, ისინი ჩვეულებრივ დაუკავშირდებიან ინტერნეტს. მიკროავტობუსში სტიკერი იქნება გამოკრული, რომ არის უფასო wifi. მას ერქმევა ბრენდირებული სახელი იმ კომპანიისა, რომელიც რეკლამას ექსკლუზიურად დაუკვეთავს.

ერთ სამარშრუტოში შეიძლება ერთი დამკვეთი იყოს, თუმცა შესაძლებელია სხვადასხვა კომპანია იყოს. თუ მიკროავტობუსში ზის 20 მომხმარებელი და 2 დამკვეთის რეკლამაა გაშვებული, ერთი მომხმარებელი დაინახავს ერთი დამკვეთის რეკლამას, მეორე -მეორისას, – ამბობს ივანიძე.

როდესაც მომხმარებელი დაუკავშირდება უკაბელო ინტერნეტს,  5 წამის მანძილზე მთლიან ეკრანზე გაიხსნება ბანერი, იქნება ვიდეო ან ანიმაცია. ამის შემდეგ მომხმარებელი ვერანაირ რეკლამას ვეღარ ხედავს და  აქვს ინტერნეტზე წვდომა, რომელიც შეუძლია მთელი დღის მანძილზე გამოიყენოს.

WiFisher თბილისში 70-ზე მეტ ადგილზე უზრუნველყოფს უფასო უკაბელო ინტერნტის მიწოდებას- კაფეებსა და რესტორნებში. ასვეე, გუდაურსა და ბაკურიანში.

ივანიძე ამბობს, რომ იმ მიკროავტობუსებს უზრუნველყოფენ უფასო უაკბელო ინტერნეტით, სადაც ძირითადად ინტერნეტის გამოყენება მაღალი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი