ტექნოლოგიები

გიორგი ქადაგიძე: შვეიცარია 8 სამინისტროს მეშვეობით იმართება, საქართველო – ცხრამეტით

16 თებერვალი, 2016 • 1454
გიორგი ქადაგიძე: შვეიცარია 8 სამინისტროს მეშვეობით იმართება, საქართველო – ცხრამეტით

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, საქართველოში სამინისტროების რაოდენობის განახევრება თავისუფლადაა შესაძლებელი, რაც ქვეყანას რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს დაუზოგავს. ბიუროკრატიის შემცირების რეზერვებზე ქადაგიძემ რუსთავის 2-ის გადაცემა “არჩევანში” ისაუბრა:

“საქართველო დღეს 19 სამინისტროს მეშვეობით იმართება, რომ არაფერი ვთქვათ სსიპებსა თუ სხვა სტრუქტურებზე. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა შვეიცარია რვა სამინისტროს მეშვეობით იმართება. ბიუროკრატიის შემცირების რეზერვი არის ძალიან დიდი. მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია გაუქმდეს ყველა უპორტფელო სამინისტრო: მაგალითად ევროინტეგრაციის სამინისტრო გაუქმდეს და როგორც დეპარტამენტი შეუერთდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს. სასჯელაღსრულების სამინისტროს თითქმის არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ გვხვდება. ეს სამინისტრო არც ჩვენთან არსებობდა და სასჯელაღსრულების სიტემა იუსტიციის სამინისტროს ნაწილი იყო და მას შემდეგ რაც პროკურატურა იუსტიციას შეუერთდა, ინტერესთა კონფლიქტის გამო სასჯელაღსრულება ცალკე უნდა გამოყოფილიყო. დღეს როდესაც პროკურატურა იუსტიციის სისტემიდან გამოვიდა, სასჯელაღსრულების სამინისტრო შეგვიძლია მთლიანად გავაუქმოთ და პენიტენციური და პრობაციის სისტემა იუსტიციის სამინისტროს დავუბრუნოთ.

 

შეგვიძლია მთლიანად გავაუქმოთ სპორტის სამინისტრო. პროფესიული სპორტი მთლიანად შეგვიძლია დავუთმოთ ფედერაციებს ხოლო ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი განათლების სამინისტროს გადავცეთ ან თავდაცვას.  კულტურის სამინისტრო არის საბჭოთა კავშირის კლასიკური გადმონაშთი… ჰოლანდიას თუ კულტურის სამინისტრო არ აქვს თავისი კულტურის პროპაგანდას ვერ ახერხებს? საქართველოში სამინისტროების რაოდენობის განახევრება თავისუფლად შეიძლება. ეს ჩვენ ასობით მილიონ ლარს დაგვიზოგავს. ამ თანხით სულ რომ არაფერი გავაკეთოთ და სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი შევამციროთ, ძალიან ჯანსაღ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე გავალთ”, – განაცხადა ქადაგიძემ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი