ტექნოლოგიები

WordPress-ის ვებგვერდებზე წვდომა აღდგა

25 ნოემბერი, 2015 • 2160
WordPress-ის ვებგვერდებზე წვდომა აღდგა

ვებგვერდებზე, რომლებიც ვორდპრესის ჰოსტინგებზე [ჰოსტინგი – ტექნიკური და პროგრამული საშუალება, სადაც საიტია განთავსებული] მუშაობენ, საქართველოდან წვდომა აღდგენილია.

საუბარია ბლოგებზე და სხვა სახის საიტებზე, რომლის მისამართებშიც WordPress.com – ურევია. ამ გვერდებზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოდან წვდომა შეზღუდული იყო, ხოლო უცხოეთიდან უპრობლემოდ შედიოდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, რას უკავშირდებოდა ვორდპრესის საიტებზე საქართველოდან წვდომაზე მასობრივი შეზღუდვის ფაქტი, თუმცა ინტერნეტ-ტექნოლოგიების სპეციალისტები ეჭვობენ, რომ ამის მიზეზი “ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებული ვებგვერდის დაბლოკვაა. “ისლამურ სახელმწიფოსთან” აფილირებული საიტი სწორედ ვორდპრესის ჰოსტინგზეა განთავსებული და ის ამჟამად მიუწვდომელი მხოლოდ საქართველოდანაა, უცხოეთიდან მომხარებლები საიტზე ისევ შედიან. 

“ისლამურ სახელმწიფოსთან” აფილირებული საიტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივით დაიბლოკა, თუმცა უცნობია, რატომ მიჰყვა მას ვორდპრესის ჰოსტნგზე არსებული სხვა ვებგვერდებიც.

“გამოძიების ფარგლებში განხორციელდა დაბლოკვა, მეტს ვერაფერს გეტყვით”, – აცხადებენ სუს-ში.

ინტერნეტ-ტექნოლოგიების სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საქართველოდან ვორდპრესის საიტებზე წვდომა სუს-მა საქართველოში მოქმედი მთავარი ინტერნეტ-პროვაიდერების დახმარებით შეზღუდა. სილქნეტში და კავკასუსში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ამ საკითხს ხვალ მოიკვლევენ.

“ხელისუფლებას შეეძლო დაებლოკა კონკრეტული გვერდები wordpress.com-ზე. ამისითვის არსებობს ტექნიკური შესაძლებლობები. არ იყო საჭირო სერვისზე ყველა ქვედომენის გათიშვა. მიუწვდომელ გვერდებს შორის არიან მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, სტუნდეტები და ბლოგერები. ძალოვნებმა უნდა გამოაქვეყნონ ის წერილი, რომლითაც, იმედია, მანამდე wordpress-ის ადმინისტრატორებს მიმართეს, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამდნენ”, – აცხადებს ინტერნეტ-ტექნოლოგიების სპეციალისტი კონსტანტინ სტალინსკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი