ტექნოლოგიები

GNCC-მა “სილქნეტისა” და “კავკასუს ონლაინის” გაერთიანების შესახებ საქმის წარმოება შეწყვიტა

28 ოქტომბერი, 2015 •
GNCC-მა “სილქნეტისა” და “კავკასუს ონლაინის” გაერთიანების შესახებ საქმის წარმოება შეწყვიტა

განმცხადებელმა მხარეებმა 3 თვის განმავლობაში არ წარმოადგინეს საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც კომისიას საკვლევად სჭირდებოდა. კომისიას უნდა შეეფასებინა მდგომარეობა ბაზარზე და დაედგინა, უქმნიდა თუ არა კომპანიების გაერთიანება საფრთხეს ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს. ამისათვის მარეგულირებელმა ორგანომ თხოვნით მიმართა ინტერნეტ-პროვაიდერებს, რომ წარმოადგინათ სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია.

 

სს “სილქნეტიმა“ და შპს „კავკასუს ონლაინმა“ თავის მხრივ კომისიას თხოვნით მიმართეს და განხილვის 11 ნოემბრამდე გადადება მოითხოვეს, რაზეც კომისიისაგან უარი მიიღეს. როგორც კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე აცხადებს, განხილვისა და საჯარო მოსმენის გადავადების შემთხვევაში, კომისია საქმის ანალიზს ვერ მოასწრებდა.

 

“2 კვირით მოსმენის გადავადების შემთხვევაში, კომპანიებს რომც წარმოადგინათ დოკუმენტაცია, ჩვენ დრო არ გვრჩებოდა მის შესასწავლად. გადავადების შემთხვევაშიც, გადაწყვეტილებას მაინც ვერ მივიღებდით,”- აცხადებს ვახტანგ აბაშიძე.

 

კომისიაში გამართულ სხდომას არ ესწრებოდნენ “კავკასუს ონლაინის” წარმოადგენლები, ხოლო “სილქნეტის” წარმომადგენელმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ამიტომ უცნობია, აპირებენ თუ არა ინტერნეტ- პროვაიდერები განახლებული განცხადებით მიმართონ კომისიას.

 

კომუნიკაციების ეროვნული კომისია თავიდან იმსჯელებს, განიხილოს თუ არა “სილქნეტისა” და “კავკასუს ონლაინის” შერწყმის შესახებ განცხადება, თუ პროვაიდერები ხელახლა მიმართავენ კომისიას. რასაც დამატებით 3 თვე დასჭრიდება.

 

კომისიამ 11 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება, რომ “კავკასუს ონლაინისა” და “სილქნეტის” შესაძლო გაერთიანების შესახებ მიღებულ განცხადებაზე მოკვლება დაეწყო.

 

GNCC-ში ასევე შევიდა მამია სანადირაძის განცხადება. სანადირაძე “კავკასუს ონლაინის” ერთ-ერთი ყოფილი მეწილეა, რომელიც აცხადებს, რომ მან ქონება უკანონო გზებით დაკარგა. ამჟამად კი მიმდინარეობს ამ საქმის განხილვა ლონდონის კომერციულ სასამართლოში.  

 

მამია სანადირაძე სთხოვს კომისიას განიხილონ მისი განცხადება და არ დაუშვან “კავკასუს ონლაინის” სხვა კომპანიასთან შერწყმა. ვახტანგ აბაშიძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, კომისია გამოითხოვს საჭირო დოკუმენტაციას და გამოიკვლევს, რამდენად უშლის ხელს სანადირაძის მოთხოვნები კომპანიების შესაძლო გაერთიანებას. კომისიაში აცხადებენ, რომ დამატებითი დეტალები საქმესთან დაკავშირებით მათთვის ცნობილი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი