ტექნოლოგიები

გასწავლით ცურვას 15 წუთში, კასტრატები და აურელიანო ბუენდია ფეისბუქზე

2 აგვისტო, 2010 • 1822
გასწავლით ცურვას 15 წუთში, კასტრატები და აურელიანო ბუენდია ფეისბუქზე

ონლაინ დისკუსია და tweet.ge

ნეტგაზეთზე ბოლო ბლოგ-მიმოხილვის შემდეგ თითქმის ორი თვე გავიდა. ამ ხნის მანძილზე ქართულმა ბლოგოსფერომ „ქართული ბლოგინგის დღეები“, მასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა, მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში და რამდენიმე ფესტივალი გადაიტანა. მერე ზაფხულის  ცხელი ამინდები ბლოგერების „პროდუქტიულობაზეც“  აისახა და ქართული ბლოგოსფერო ცოტა უფრო პასიური გახდა, თუმცა ბოლო კვირის არა, მაგრამ ბოლო თვის ორი მთავარი ამბავი მაინც შეგვიძლია დავასახელოთ.

ლიშთოთამ ბლოგზე ვიდეო პოსტებისა და ახალგაზრდა სოციალისტების დისკუსიების  სტრიმინგი დაიწყო  და როგორც ჩანს, მისი წამოწყება წარმატებული აღმოჩნდება. ახალგაზრდა სოციალისტების ოფისში გამართული დისკუსიები თემებზე – „იდენტობის პოლიტიკა და ახალი უნივერსალიზმი“, „ახალგაზრდული პოლიტიკა“, www.livestream.com -ის საშუალებით ონლაინ რეჟიმში გადაიცემოდა და საკმაოდ ბევრი მაყურებელიც ჰყავდა.  ჩანაწერების ნახვა ლიშთოთას ბლოგზე მოგვიანებითაცაა შესაძლებელი.

„სინგულარ“ ჯგუფმა ახალი სერვისი, tweet.ge შექმნა და ბლოგერებისათვის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის მონაწილეებს რაც შეიძლება მარტივად უნდა აეხსნათ, რა არის tweet.ge  და რატომ არის კარგი ამ სერვისის გამოყენება. საკმაოდ ბევრი ბლოგერი ჩაება კონკურსში (მოტივაცია ძლიერია, გამარჯვებულს ნოუთბუქი ერგება საჩუქრად), მაგრამ თავს უფლებას მივცემ, ორი საუკეთესო პოსტი გირჩიოთ tweet.ge-ს სარგებლიანობის შესახებ.

თითქმის EXCLUSIVE  პოსტით – თვით “tweet”-ის შესახებ, ანუ, “top lap” for “laptop” ძალიან სახალისოდ და გასაგებად გაგარკვევთ tweet.ge-ს სერვისის აუცილებლობაში და ვარიანტებსაც შემოგთავაზებთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვლებოდა რამდენიმე ცნობილი ნაწარმოების დასწყისი, tweet.ge – ს არსებობის შემთხვევაში:

#1: ტომ სოიერის თავგადასავალი

 ”–ტომ!
პასუხი არ  არის.
–ტომ!
პასუხი არ არის.
მოხუცმა ცხვირზე სათვალე ჩამოიწია, მობილური ტელეფონი ამოიღო და შეშფოთებულმა დატვიტა: რა დაემართა იმ ბიჭს? ტომ!”

 #2:  მარტოობის 100 წელიწადი

“გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში, კედელთან მდგომი (თუმცა, “ფეისბუქის” კედლიდან შორს მყოფი) პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს შესახებ “დატვიტავს”, მამამისმა ყინულის სანახავად რომ წაიყვანა პირველად: 

მოკლედ, ძალიან იხალისებთ, ისევე, როგორც ჰექსეს ბლოგის კითხვისას, სადაც გაიგებთ, რატომ არის სასარგებლო თვითები, „თუ თქვენ მიგატოვათ შეყვარებულმა, ნაადრევად გაგეღვიძათ კუბოში ან მიიღეთ მოულოდნელი მემკვიდრეობა“.

ჰექსეს  ბლოგზე გადაცემა „თბილისი live“ -ის წამყვანის, თიკო სადუნაშვილისადმი მიმართვებსაც  გადაავლეთ თვალი. მე ამ გადაცემისა და მისი წამყვანის შესახებ ჰექსეს ბლოგზე გავიგე. ასეა, ანტირეკლამაც რეკლამაა. 

 

თემატური ბლოგები

რეკლამა ვახსენეთ და ერთი საინტერესო ბლოგი მინდა გირჩიოთ. თუ თქვენ გაინტერესებთ, როგორ იქმნებოდა მსოფლიოში ცნობილი ბრენდები, უნდა ნახოთ ბლოგი ბრენდის სამზარეულო. Apple, Adidas, Fendi, უნგარო, პირველი ლოგოს შექმნის ისტორია – ყველაფერი ერთ ბლოგზეა.

ბოლო დროს ქართულ ბლოგოსფეროში თემატური ბლოგები მომრავლდა. ისეთ სპეციფიკურ თემაზე,  როგორიცაა ეკოლოგია, რამდენიმე ბლოგერი წერს. მოხეტიალეს ბლოგი ე. წ. მწვანე ბლოგია, რომელიც ინტენსიურად ახლდება ფოტო ფაქტებით, გარემოს დაცვასა და ბიომრავალფეროვნებაზე დაწერილი პოსტებით. თუ ჯერ კიდევ არ იცით, რატომ სჭირდება ერთი ფინჯანი ყავის მომზადებას 140 ლიტრი წყალი,  დროა ეს ბლოგი გადაიკითხოთ.

ბოლო ხანს ბლოგერებისადმი დაინტერესება გაიზარდა. სულ უფრო ხშირად ცხადდება მათთვის სხვადასხვა კონკურსები და ტრენინგები. ამჟამად ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალი ეპატიჟება ყველა ქართველ ბლოგერს კინოფესტივალზე, რომელიც 12-19 სექტემბერს გაიმართება.  სამი საუკეთესო ბლოგერი, რომელიც ყველაზე აქტურად და საინტერესოდ გააშუქებს ფესტივალს, 2011 წელს კინოფესტივალის ექსკლუზიური ბლოგერი იქნება და მისი ბათუმში ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯებს კინოფესტივალი დაფარავს.

საზაფხულო პოსტები

საზაფხულოდ გამოცოცხლდა დვორსკის  დღიური რომელიც ბოლო ხანს ბლოგზე, ძირითადად, მოკლე პოსტებითა და ვიდეოების გამოქვეყნებით შემოიფარგლებოდა. დვორსკის ბლოგზე ე.წ. „გესთ“ პოსტები შეგიძლიათ ნახოთ თემაზე, როგორ ჩავალაგოთ ზურგჩანთა, როგორ ვებრძოლოთ დეპრესიას  და ასე შემდეგ.

რადგან სასარგებლო ინფორმაციას შევეხეთ, ბარემ მიგასწავლით, რომელ ბლოგზე შეგიძლიათ ცურვის სწავლა. ის გარემოება, რომ პოსტის კითხვისას ხმელეთზე ხართ და არა წყალში, მნიშვნელოვანი არ არის,  cartwheel ირწმუნება, რომ სახლიდან გაუსვლელად, 15 წუთში გასწავლით ცურვას.

მათთვის, ვინც  იცის ცურვა და უკვე ბათუმის ან ქობულეთის პლაჟზე ირუჯება, საინტერესო ბათუმური დღიურები  იქნება. ბლოგი, რომელსაც რამდენიმე ბათუმელი ბლოგერი წერს,  ბოლო დროს ინტენსიურად აღარ ახლდება, მაგრამ რამდენიმე საინტერესო პოსტის წაკითხვას მაინც შეძლებთ, ოქროსფერ ნეპტუნზე, რომელიც ბათუმის დრამატული თეატრის წინ მდებარე სკვერს ამშვენებს,  კოლხურ სამკაულებზე, რომლის შეძენაც ბათუმში შეგიძლიათ   და ასევე გაიგებთ, რატომ ეშინიათ ბათუმელებს ზაფხულის.

 

კვირის ფავორიტები  

დასაწყისშივე მინდა ავღნიშნო, ეს ჩემი სუბიექტური არჩევანია და არ ემყარება არც ქართული ბლოგების აგრეტატორის რეიტინგებს და არც შეფასების განსაკუთრებულ კრიტერიუმებს. დარწმუნებული ვარ, ბლოგების ყველა მკითხველს ყავს კვირის თავისი ფავორიტი და საინტერესო იქნება, თუ კი კომენტარებთან ერთად დატოვებთ  თქვენი რჩეული პოსტების ლინკებს.

Das Experiment  – წერს  ფაზანდა  პატრიარქის საერთაშორისო ფონდის ახალი პროგრამის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მშობლებს შეუძლიათ შვილები გამოსაკვლევად მიიყვანონ  და დაადგინონ, აქვთ თუ არა მათ რაიმე სახის მიდრეკილება კრიმინალის, ან ნარკომანიის მიმართ.ვთქვათ, ვარ მეექვსე ან მეშვიდეკლასელი ცელქი ბავშვი, ჩემი მშობლები, მეზობლები, მასწავლებლები, ნათესავები და სხვები დაიღალნენ ჩემი ცელქობით, მერე რა, რომ 12 წლის ვარ… ერთ დღეს ჩვენი ერთ-ერთი ჭკვიანი ნათესავი ასკვნის, რომ, რადგან: მე ომობანას თამაში მიყვარს, დავძვრები ხეზე, კარებზე ზარს ვრეკავ და მერე გავრბივარ, ხანდახან შუშასაც ვუმსხვრევ  შინაბერა მეზობელს, რომელიც თავზე დამჩხავის, ამიტომ ჩემგან კარგი არაფერი გამოვა. ამ დასკვნის გამო შეწუხებული დედაჩემი სხვა ნათესავებისა და მეგობრების წრეში წუწუნს იწყებს ჩემი ქცევების გამო და…“ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, უკვე ფაზანდას ბლოგზე შეგიძლიათ წაიკითხოთ. 

Sacrificium ანუ მაცალე ტირილი!   – ზურიუსის ერთ-ერთი საუკეთესო პოსტი, რომელიც მუსიკისათვის ათასობით მსხვერპლშეწირულს ეძღვნება. მათი ბედი თავის დროზე სწორედ მშობლებმა გადაწყვიტეს. გაიგებთ,რატომ ასაჭურისებდნენ მშობლები თავიანთ ვაჟებს და ბოლო კასტრატს, ალეხანდრო მორესკისაც მოუსმენთ.

„დაპუდრული, ვარდისფერმკერდიანი ქალები შენგან მიღებული სიამოვნებით კვნესიან, იკრუნჩხებიან, ფრჩხილებით სკამების ჩუქურთმებს კაწრავენ, დნებიან, გული მისდით. ამ დროს შენ მეფე ხარ. თვალებით სერავ მაყურებელთა თითო-თითო რიგს და ასე ადიხარ უფრო და უფრო მაღლა, თეატრის თაღისაკენ. მესამე ოქტავის ”დო”-ც და მსწრაფლ დახურული, ოქროთი ნაქარგით დახუნძლული ფარდა ძლივს უმკლავდება მაყურებლის ექსტაზირებულ “ბრავოს”… თავად გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა ამად მსხვერპლშეწირვა, თან შესანიშნავ მუსიკასაც მოისმენთ .

სოფი, სიზმრები და ახალი ბლოგები  

კარგა ხნის წინათ დამესიზმრა, რომ ქართული ბლოგოსფეროს ყველაზე მზიანი და პოზიტიური ბლოგერი, სოფი გოლდენი  ბათუმში ვნახე, ველოსიპედით მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო. რადგან არ მქონდა იმედი, რომ სიზმრების რომელიმე „სახელმძღვანელოში“ ვნახავდი განმარტებას, კარგის თუ ცუდის მომასწავებელია ბლოგერის სიზმრად ნახვა, გადავწყვიტე სიზმრის დარეგისტრირება, მაგრამ რეგისტრაცია დასრულებული დამხვდა და ჩემი სიზმრის ონლაინ არქივში შენახვა ვერ შევძელი. სამაგიეროდ, MAGIC NO HAIR – ის სიზმრების გამოცდილებას გადავხედე,   რომელსაც თურმე  სიზმრების მართვა შეუძლია.  

სოფი გოლდენი კი ერთი თვის წინათ დაემშვიდობა ქართულ ბლოგოსფეროს, როგორც თავად წერს, რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება ბლოგს დავუბრუნდეო, თუმცა ჩემი აზრით, ეს გაცილებით ადრე მოხდება. 

მომავალი კვირის მიმოხილვის თემა კი შედარებით ახალი, 2010 წელს დარეგისტირებული ბლოგები იქნება. ამბობენ, რომ ახალ ბლოგებს შორის იშვიათად თუ ნახავთ  საინტერესოს. მე ასე არ ვფიქრობ და იმედია თქვენც დამეთანხმებით.

მომავალ კვირამდე!

მასალების გადაბეჭდვის წესი