ტექნოლოგიები

სოციალური ინოვაციების ბანაკი თბილისში

8 აგვისტო, 2011 • 1522
სოციალური ინოვაციების ბანაკი თბილისში

თბილისში, კულტურის ცენტრ „მუზაში“ სოციალური ინოვაციების პირველი კავკასიური ბანაკი მოეწყობა. 

მსგავსი პროექტი 2009 წლის სექტემბერში ჩატარდა სლოვაკეთში, ბრატისლავაში.  ამ ბანაკის მიზანია თავი მოუყაროს სოციალური მედიის საკითხებში  გაცნობიერებულ  და უახლესი ვებტექნოლოგიების კარგად მცოდნე ადამიანებს. მათი შესაძლებლობების გაერთიანებით კი უნდა განხორციელდეს ისეთი პროექტები, რომლის საშუალებითაც უმარტივესი პრობლემების მოგვარება უფრო ადვილი იქნება.  8-10 აპრილს გამართულ სამუშაო შეხვედრებზე მოხდება წარდგენილი იდეების დამუშავება და სრულყოფა. ამაში იდეის ავტორებს დაეხმარებიან ვებდიზაინერები, პროგრამისტები, მარკეტინგისა და ბიზნესის სპეციალისტები.

იდეა  შესაძლოა ეხებოდეს საქალაქო ტრანსპორტის და სხვა მუნიციპალური მომსახურების პრობლემებს, ადამიანის უფლებებს, არჩევნების მონიტორინგს, განათლების საკითხებს, ტურიზმის განვითარებას, ასევე  ნებისმიერ სხვა აქტუალურ სფეროსა და საკითხს.

იდეების მიღების ბოლო ვადა  31 მარტია.  

ჟიური 5 აპრილამდე შეარჩევს 6 იდეას, აღნიშნული იდეების განხილვა და დამუშავება კი მოხდება 8-10  აპრილს. იდეა, რომელიც ჟიურისგან  ყველაზე დიდ მოწონებას დაიმსახურებს, დაფინანსდება $3 000-ით.  თუ იდეა  ჟიურის არ მოეწონა, მაგრამ გახდა ბანაკის მონაწილეთა ფავორიტი, ჯილდოდ მიიღებს $1500-ს.  პრიზები გადაეცემა კონკრეტული იდეის ავტორს.

გამარჯვებული იდეის ავტორს შეუძლია, რომ პროექტზე იმ ადამიანებთან ერთად იმუშაოს, რომლებიც 8-10 აპრილის მანძილზე მას ეხმარებოდნენ ამ იდეის დახვეწა-განვითარებაში. მას ასევე შეუძლია პროექტის განხორციელება  სულ სხვა ადამიანებთან ერთად გადაწყვიტოს.

სოციალური ინოვაციების ბანაკში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე აზერბაიჯანელი და სომეხი მონაწილეები. სულ  6 საკონკურსო პროექტი შეირჩევა.

ბანაკი ტარდება „სოციალური მედია სოციალური ცვლილებისათვის“ კონფერენციის პარალელურად, რომელსაც „პროექტი ჰარმონია“ აწყობს.  8-10 აპრილს კონფერენციის და ბანაკის მონაწილენი ერთად გაატარებენ კულტურულ ცენტრ „მუზაში“.

26 მარტს, ბროსეს 6-ში, GIPA-ს ახალ კლუბში 17 საათზე გაიმართება მინი ბანაკი. დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პიროვნებას. შეხვედრაზე იდეის ავტორებს უპასუხებენ ნებისმიერ კითხვაზე, მათ გააცნობენ სოციალური ინოვაციების მაგალითებს და  დაეხმარებიან საკუთარი იდეების უკეთ ჩამოყალიბებაში.   მსგავსი შეხვედრა უკვე გაიმართა 19 მარტს.

შეხვედრის ორგანიზატორმა, ანა კეშელაშვილმა  GIPA-ს კლუბში მისულ ადამიანებს უკვე განხორციელებული სოციალური ინოვაციების პროექტები გააცნო.  ერთ-ერთი მათ შორის არის ვებგვერდი fixmystreet.com  ეს პროექტი დიდ ბრიტანეთში 2007 წლის 17 თებრვლიდან ხორციელდება. ნებისმიერი მოაქალაქეს, რომელიც დაინახავს ქუჩაში ორმოს, დაზიანებას ან მსგავს პრობლემას, შეუძლია გადაიღოს ფოტო, დაწეროს პრობლემის შესახებ და ფოტო მტკიცებულებასთან ერთად გამოაქვეყნოს fixmystreet.com -ზე. ამავე ვებსაიტზე განთავსებულია რუკა, რომელზეც შესაძლებელია დაზიანებული ადგილის მონიშნვა. აღნიშნულმა პროექტმა წარმატება მალევე მოიპოვა დიდ ბრიტანეთში. მისი საშუალებით ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ოპერატიულად იღებს ინფორმაციას დაზიანებული ქუჩების შესახებ. ასევე ოპერატიულად ხდება მათი შეკეთება. ვებგვერდზე გამოქვეყნებულია იმ პრობლემების სია, რომელიც მუნიციპალიტეტმა მოაგვარა ან ისევ მოუგვარებელია.

საქართველოში სოციალური ინოვაციის ბანაკის დამფინანსებლები არიან ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”,  “ღია საზოგადოების ინსტიტუტის” ქსელური საინფორმაციო პროგრამა  და სომხეთის “ღია საზოგადოების ინსტიტუტი“.  პროექტ ახორციერლებენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, “ომედია” სტუდია  და საერთაშორისო არასამთავრობო ოგანიზაცია  Transitions Online.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი