როგორი ტელევიზორით ვერ მივიღებთ ციფრულ სიგნალს

2015 წლის 17 ივნისიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის. ვის შეეხება რეფორმა, როგორი ტელევიზორით ვერ მივიღებთ ციფრულ სიგნალს, რა მოდელის ტელევიზორები უნდა შევარჩიოთ და ხომ არ დაირღვევა სოციალურად დაუცველი იმ ოჯახების უფლებები, რომლებსაც არ აქვთ საშუალება სპეციალური მოწყობილობა შეიძინონ? – „ბათუმელების“ შეკითხვებს მედიასამართლის სპეციალისტმა ნათია კაპანაძემ უპასუხა.

ნათია, ვინ ვერ შეძლებს ციფრული სიგნალის მიღებას?

 

 ვერ შეძლებს ის, ვის ტელევიზორსაც არ აქვს შესაბამისი ინტეგრირებული მოწყობილობა – DVB-T2, რომელიც უზრუნველყოფს ტელევიზორისთვის ციფრული სიგნალის მიღებას. ე.წ. ახალ ტელევიზორებს აქვს ეს მოწყობილობა, მაგრამ არ აქვს ზოგიერთ მოდელს, ამიტომ ეს წმინდა ტექნიკური საკითხია.

ფერად ტელევიზორს, რომელსაც არ აქვს DVB-T2 ფუნქციის მხარდაჭერა, ცალკე უერთდება სპეციალური მოწყობილობა _ „სეთ-თოფ ბოქსი“, რომლის საშუალებითაც ტელევიზორი ჩვეულებრივად მიიღებს ციფრულ სიგნალს. ერთადერთი, სიგნალს ვერ მიიღებს შავ-თეთრი ტელევიზორი, რომელსაც ეს „სეთ-თოფ ბოქსი“ არ უერთდება.

 

 კონკრეტულად ვის შეეხება ეს ცვლილება?

 

ტექნიკური ცვლილება შეეხება ყველას, ვინც სიგნალს იღებს ჩვეულებრივი ანტენით და არანაირად არ შეეხება მათ, ვინც საკაბელო, თანამგზავრული (სატელიტური) და ინტერნეტტელევიზიების მომხმარებლები არიან.

 

 ანუ ისინი, ვინც ანტენით იღებენ დღეს სიგნალს, 17 ივნისიდან ციფრულ სიგნალსაც ანტენით მიიღებენ?

 

დიახ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ტელევიზორს, რომელსაც არ აქვს DVB-T2 ფუნქცია, მიუერთებენ „სეთ-თოფ ბოქსის“. ეს არის სწორედ ის მოწყობილობა, რომლითაც შესაძლებელია ტელევიზორში მივიღოთ ციფრული სიგნალი ანტენით. რაც იქნება ციფრულ ღია გავრცელებაში, ყველა სიგნალს მიიღებენ ანტენით.

 

რისი გაკეთება მოუწევთ იმ ტელევიზორების შემთხვევაში, რომლებსაც DVB-T2 მხარდაჭერა აქვთ?

 

 იმ ტელევიზორების შემთხვევაში, რომლებსაც აქვთ ციფრული სიგნალის მიღების შესაძლებლობა, სავარაუდოდ საჭირო გახდება მენიუს გასწორება.

 

 ამას ნებისმიერი მომხმარებელი შეძლებს?

 

 მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს სპეციალურად შექმნილი ციფრული მაუწყებლობის სააგენტო. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებული რგოლებიდან ვიგებთ, ეს იმდენად მარტივი მეთოდი იქნება, რომ თავად მომხმარებელიც გაართმევს თავს. რაც შეეხება „სეთ-თოფ ბოქსებს“, მოქალაქეებს საჭიროებისამებრ მოუწევთ მათი შეძენა.

 

 სოციალურად დაუცველი ოჯახები, ვისაც ამ მოწყობილობის შეძენის საშუალება არ აქვს, სატელევიზიო გადაცემების გარეშე ხომ არ დარჩებიან?

 

 სოციალურად დაუცველი ოჯახების სუბსიდიებით უზრუნველყოფაც ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს დაევალა. ბაზაში მყოფი ოჯახების გარკვეულ კატეგორიას „სეთ-თოფ ბოქსებს“ სააგენტო გადასცემს.

 

ზოგადად რას ნიშნავს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა? რას შეცვლის ეს? 

 

 ძირითადად, როდესაც საუბრობენ ციფრულ მაუწყებლობაზე, ყურადღებას ამახვილებენ ბონუსებზე, რომელსაც მიიღებს მომხმარებელი. ეს იქნება შესაძლებლობა მომხმარებელმა მიიღოს უფრო მეტი არხი უფრო მეტი ხარისხით. სიხშირე არის შეზღუდული რესურსი და სახელმწიფო მას გასცემს სპეციალური რეგულირების საშუალებით. თუ ერთ სიხშირეს დღეს შეუძლია გაატაროს მხოლოდ ერთი არხი, ციფრულზე გადასვლისას შესაძლებელი იქნება 15 არხი გაატაროს. თუმცა, ბუნებრივია, უნდა მოხდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურის, ციფრული სიგნალის გადამცემების მოწყობაც – ე.წ. მულტიპლექსების აგება, რაც დაწყებულია.

ტელევიზიებს მიეცემათ შესაძლებლობა უფრო ფართოდ, უფრო კარგი ხარისხით გაავრცელონ მაუწყებლობა საქართველოს ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ტექნიკური გადაიარაღება იქნება აუცილებელი, რაც ტელევიზიებს შესაძლებლობას მისცემს ახალი ხარისხით გაზარდონ თავიანთი მდგომარეობა ბაზარზე, რაც კონკურენციასაც აშკარად შეუწყობს ხელს.
ჩვენ გვაქვს სიახლე კანონმდებლობაში. შესაძლებელია ნებისმიერმა მაუწყებელმა იზრუნოს მხოლოდ კონტენტის წარმოებაზე (რაც ძალიან მნიშვნელოვანია მაყურებლისთვის), ხოლო გავრცელების ვალდებულება აიღოს სხვა კომპანიამ.

 

 რეგიონალურ ტელევიზიებს პრობლემები ხომ არ შეექმნებათ?

 

 საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღო კიდევ ერთი მხარდაჭერა სახელმწიფოსგან საკუთარი არხების გასავრცელებლად. ეს ეხება, რა თქმა უნდა, აჭარის ტელევიზიასაც – მათი გავრცელება უკვე უზრუნველყოფილია, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის თითქმის დასრულებულია მულტიპლექსის [სიგნალის გადამცემის] მშენებლობა. გვაქვს კომერციული მულტიპლექსიც, რომელსაც აშენებს კომპანია „სტერეო +“.

 

რაც შეეხება რეგიონულ მაუწყებლებს, ვისაც სურვილი ჰქონდა, თითქმის ყველა ზონაში აშენებენ საკუთარ მულტიპლექსებს. მარეგულირებელმა კომისიამ ტელევიზიებს უფასოდ მიანიჭა სიხშირეები, მულტიპლექსის ასაშენებლად. თუმცა ძირითადი პრობლემა ყველასთვის არის მათი ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ რამდენადაც ვიცი, უმრავლესობას შეკვეთილი აქვს შესაბამისი ტექნიკა. მთავარი ამ ეტაპზე მაუწყებლებისთვის არის ის, რომ დროულად მიიტანონ სიგნალი თავიანთ მომხმარებლებამდე.

 

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი 210 ათას 858 ოჯახისთვის უკვე შესყიდულია ამდენივე „სეთ-თოფ ბოქსი“. ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს მონაცემებით პირველ ეტაპზე მოწოდებული იქნა 65 000 „სეთ-თოფ ბოქსი“. ისინი ზემოაღნიშნულ ოჯახებს, სადაც შშმ პირები ცხოვრობენ, უკვე გადაეცათ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო რაც დარჩა, საქართველოს ფოსტის თბილისის სერვისცენტრებში გადანაწილდა და დანარჩენ ოჯახებს ურიგდებათ.

 

დამატებით უკვე განბაჟებულია 145 858 „სეთ-თოფ ბოქსი“, რომელიც გადაეცემა საქართველოს ფოსტას. ეს უკანასკნელი ვალდებულია ისინი გადაანაწილოს თავის სერვისცენტრებში რეგიონებში და შეატყობინოს შესაბამის ოჯახებს. „სეთ-თოფ ბოქსებს“ სოციალურად დაუცველი ოჯახები საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საქართველოს ფოსტის უახლოეს სერვისცენტრებში აიღებენ, პირადობის მოწმობის საფუძველზე.

 

210 858 „სეთ-თოფ ბოქსი“ სახელმწიფომ გასულ წელს შეიძინა, ერთ ცალში 19,85 აშშ დოლარი გადაიხადა. სავაჭრო ქსელში კი დღეს საქართველოში სხვადასხვა ტიპის მოდელია შემოტანილი და ფასი 54-60 ლარიდან იწყება. „ბათუმელების“ ინფორმაციით „სეთ-თოფ ბოქსების“ შემოტანას მაისის ბოლოდან არაერთი იმპორტიორი აპირებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თედო ჯორბენაძე