ციფრული TV სიგნალისთვის საჭირო მოწყობილობა მაღაზიების უმრავლესობაში არ იყიდება

საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე 2015 წლის 17 ივნისიდან გადადის, თუმცა ტექნიკის მაღაზიების უმეტესობა ციფრული სიგნალის მიმღებ მოწყობილობას ამ დრომდე არ ყიდის. ერთადერთი, რისი შეთავაზებაც მათ მომხმარებლებისთვის შეუძლიათ, ახალი სტანდარტის ციფრული სიგნალის მიმღები ტელევიზორებია, რომელთაც სპეციალური მოწყობილობა არ სჭირდებათ. 

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ სატელევიზიო არხების ყურებას ვერ შეძლებენ ის მოქალაქენი, ვისაც ძველი სტანდარტის ტელევიზორი ექნება, რომელიც საოჯახო ტიპის ანტენით მუშაობს. იმისათვის, რომ მოქალაქეებმა ტელევიზორის ყურება შეძლონ,  ან ციფრული ტელევიზორი უნდა შეიძინონ, ან ე.წ. Set Top Box– სპეციალური მიმღები მოწყობილობა, რომელიც ძველი სტანდარტის ტელევიზორს უერთდება. ეს მიმღები მოწყობლობა ციფრულ სიგნალს არაციფრულ სიგნალად გარდაქმნის, რისი საშუალებითაც ძველი სტანდარტის ტელევიზორი სიგნალის წაკითხვას შეძლებს.

 

Set Top Box– ის ყიდვა ამჯერად მხოლოდ “Elit Electronics”-ის მაღაზიათა ქსელშია შესაძლებელი. თუმცა მოწყობილობის რაოდენობა თბილისის ყველა მაღაზიაში, ჯამურად, დაახლოებით 30-ია, ამ მოწყობილობის შეძენა შესაძლებელია ბათუმშიც. მისი ღირებულება 60 ლარია.

 

Set Top Box– ის შეძენას ვერ შეძლებთ ტექნიკის სახლში “OK”. “ნეტაზეთი” მაღაზიას, როგორც მომხმარებელი დაუკავშირდა, მაღაზიაში განგვიცხადეს, რომ უცნობია, დაემატება თუ არა ეს მოწყობილობა სარელიზაციო პროდუქციის სიას:

 

“ყველა ტელევიზორზე არ მუშაობს, ტესტირებამ ეს შედეგი გამოავლინა”,- გვითხრეს მაღაზიაში.

 

მოწყობილობას ვერ შეიძენთ ვერც მაღაზია “smile”-ში, თუმცა “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ მოწყობილობის შემოტანა იგეგმება, მისი სავარუდო ფასი 50 ლარი იქნება.  მოწყობილობას ვერ შეიძენთ ვერც “Array Tomorrow”- ში, ვერც “მეტრომარტში” და ვერც “ტექნო ბუმში”.


ნიუ იორკში ქალი ყიდულობს ციფრული სიგნალის მიმღებს, ნიუ იორკი; აშშ ციფრულ მაუწყებლობაზე 2009 წელს გადავიდა.  11/06 2009 ©  EPA/JUSTIN LANE
ნიუ იორკში ქალი ყიდულობს ციფრული სიგნალის მიმღებს, ნიუ იორკი; აშშ ციფრულ მაუწყებლობაზე 2009 წელს გადავიდა. 11/06 2009 © EPA/JUSTIN LANE

 

მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიების უმრავლესობას მოწყობილობა არ აქვს, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ ახალი სტანდარტის ციფრული სიგნალის მიმღები ტელევიზორი, თუმცა მისი ფასი გაცილებით მაღალია ვიდრე Set Top Box -ის.

 

იმ მაღაზიებიდან, რომლებსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, ასეთ ტელევიზორს ყველაზე იაფად “მეტრომარტში” შეიძენთ, მისი ღირებულება 400 ლარია, ტექნიკის სახლში “OK”-ში კი “სამსუნგის” ფირმის ტელევიზორი 649 ლარი ღირს, მაღაზია “smile”-ში – 799 ლარი.


მოწყობილობა, რომელიც ციფრული სიგნალის მისაღებადაა საჭირო, უფასოდ დაურიგდებათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ შეისყიდა 210 858 ცალი სეთ-თოფ ბოქსი სოციალურად დაუცველ ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 – ზე ნაკლებია. მიმღები მოწყობილობა უფასოა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, რომლებიც ასევე არიან სოციალურად დაუცველთა სიაში (70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით)

 

სააგენტოს მიერ შესყიდული სეთ-თოფ ბოქსი KONKA-ს ფირმისაა. მისი მოდელია – KHDT 863 HD DVB-T2 RECEIVER. სახელმწიფომ 1 ცალი სეთ-თოფ ბოქსი 19,85 აშშ დოლარად შეისყიდა. მთლიანი ღირებულება კი 4 185 531,3 აშშ დოლარია.  სააგენტოში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ სეთ-თოფ ბოქსების დარიგება დასრულების სტადიაზეა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ელენე ხაჭაპურიძე