ტექნოლოგიები

Apple: ნორმალური მოხმარების პირობებში ახალი აიფონის გაღუნვა იშვიათია

29 სექტემბერი, 2014 • • 2203
Apple: ნორმალური მოხმარების პირობებში ახალი აიფონის გაღუნვა იშვიათია

კომპანიის განცხადებით, ნორმალური მოხმარების პირობებში ტელეფონის გაღუნვა იშვიათია. 

 

“აიფონ 6-სა და აიფონ 6 პლუსის გაყიდვების დაწყებიდან პირველი 6 დღის განმავლობაში მხოლოდ 9 მომხმარებელი დაგვიკავშირდა გაღუნული აიფონ 6 პლუსის თაობაზე. თუ შეკითხვები გაგიჩნდებათ, გთხოვთ დაუკავშირდეთ ეფლს”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 

ჟურნალ ტაიმის ვებგვერდის ინფორმაციით, კომპანიამ დეფორმირებული სმარტფონები შესაძლოა ახლითაც ჩაანაცვლოს.


მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო კომპანიის მტკიცებით, ახალი Iphone-ები ყველაზე გამძლე სმარტფონებია, მომხარებლებმა აღმოაჩინეს, რომ ჯიბეში (ასევე ხელში თუ მოინდომებთ) შესაძლოა გაიღუნოს – იუწყება ბრიტანული გარდიანი.


 

ახალი Iphone 6-სა და Iphone 6 პლუსის კორპუსი ალუმინისგანაა დამზადებული, თუმცა მისი ზუსტი ფორმულა საიდუმლოა. ტვიტერზე ეფლის ახალი სმარტფონების მომხმარებლები ამტკიცებენ, რომ ტელეფონის სუსტი წერტილი იმ ადგილას მდებარეობს, სადაც ხმის რეგულირების ღილაკია განთავსებული. საუბარია იმაზე, რომ თუ ტელეფონს ხელით საკმარისად ძლიერად დააწვები, ან შარვლის ჯიბეში ჩაიდებ და დაჯდები, შესაძლოა გაიღუნოს. გარდიანის ცნობით, დეფორმაციის პროცესში სმარტფონის ეკრანი არ ზიანდება.

 

 

 

გამოცემის ინფორმაციით, ახალი აიფონი პირველი არ არის სმარტფონების ბაზარზე, რომელთაც მსგავსი პრობლემები შეექმნათ. მომხმარებლების ცნობით, ანალოგიურად იღუნება Sony Xperia Z1, Samsung Galaxy S4 და BlackBerry Q10.

 

 

 

გარდიანი წერს, რომ ახალი აიფონებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ე.წ. სქინი შარვლების ჯიბეები წარმოადგენს. გამოცემის ცნობით, ნორამალური მოხმარების პირობებში სმარტფონების დეფორმაციის ტენდენცია არ დაფიქსირებულა.


მასალების გადაბეჭდვის წესი