ნეტგაზეთი | რატომ შეუზღუდეს “კავკასუს ონლაინის” აბონენტებს რამდენიმე ვებ-გვერდზე წვდომა რატომ შეუზღუდეს “კავკასუს ონლაინის” აბონენტებს რამდენიმე ვებ-გვერდზე წვდომა – Netgazeti
RU | GE  

რატომ შეუზღუდეს “კავკასუს ონლაინის” აბონენტებს რამდენიმე ვებ-გვერდზე წვდომა

თუ თქვენ “კავკასუს ონლაინის” აბონენტი ხართ და www.imovies.ge-დან ფილმის გადმოწერა ან ონლაინ ყურება გინდათ, ამას ვერ შეძლებთ, რადგან კომპანია, რომლის სერვერზეც განთავსდა ეს საიტი, “კავკასუსისგან” გადასახადს ითხოვს, რაც ამ უკანასკნელს უსამართლოდ მიაჩნია და შესაბამისი განცხადებით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა.

www.imovies.ge-ს გარდა, “კავკასუს ონლაინის” აბონენტებს კიდევ 5 ვებ-გვერდზე (www.myhit.ge; www.mydisk.ge; www.idisk.ge; www.svideo.ge და www.jobs24) შეეზღუდათ წვდომა 2014 წლის 25 ივლისიდან, როდესაც ამ საიტებმა ერთი ინტერნეტპროვაიდერი კომპანიიდან – “კავკასუსიდან” მეორე კომპანიის – IGS Network-ის სერვერზე გადაინაცვლა.

 

2014 წლის მარტში დაფუძნებულ კომპანიაში IGS Network ძმები – გიორგი და შოთა ჩლაიძეები 25-25%-იან წილებს ფლობენ. ერთ-ერთი მათგანი – შოთა ჩლაიძეა imovies.ge-სა და myhit.ge-ის შემქმნელიც. ამ საიტების IGS Network-ის სერვერზე გადატანის შემდეგ, ამ უკანასკნელმა სხვა ინტერნეტ-პროვაიდერებისგან გაფართოებული ურთიერთჩართვის გადასახადი მოითხოვა – თვეში 5900 ლარი ერთ გიგაბიტზე წამში, რაზეც “კავკასუს ონლაინი” არ დათანხმდა და ამის გამო მის აბონენტებს ზემოთ აღნიშნულ საიტებზე წვდომა შეეზღუდათ.

 

რას ნიშნავს გაფართოებული ურთიერთჩართვა?

 

გაფართოებული ურთიერთჩართვა გულისხმობს ინტერნეტ პროვაიდერების ქსელების ურთიერთჩართვას. სწორედ გაფართოებული ურთიერთჩართვის პირობებზეა დამოკიდებული ერთი ინტერნეტ პროვაიდერის მომხმარებელი რამდენად ეფექტურად უკავშირდება და მოიხმარს მეორე ინტერნეტ პროვაიდერის ქსელში განთავსებულ ინტერნეტ რესურსებს – ინტერნეტ-გვერდს, სადაც განთავსებულია სხვადასხვა სახის აუდიო-ვიზუალური კონტენტი.

 

გაფართოებული ურთიერთჩართვის პირობებს არ ექვემდებარება ისეთ საიტებზე დაშვება, რომლებთანაც გლობალური ქსელითაა შესაძლებელი წვდომა, როგორიცაა, მაგალითად, youtube-ი და სხვა.

 

იმ შემთხვევაში კი, თუკი, მაგალითად, “კავკასუს ონლაინის” ქსელშია განთავსებული რომელიმე საიტი, რომელზეც ატვირთულია კონკრეტული რეჟისორის ფილმი, რომლის ნახვაც სურს სხვა ინტერნეტპროვაიდერის, პირობითად, “სილქნეტის” აბონენტს, მაშინ აუცილებელია, რომ “კავკასუსსა” და “სილქნეტს” შორის არსებობდეს გაფართოებული ურთიერთჩართვა. თუმცა ამისთვის კომპანიების ერთმანეთს კონკრეტულ თანხას უხდიან.

 

ვინ და როგორ ადგენს გაფართოებული ურთიერთჩართვის ტარიფს?

 

უკვე ერთი წელია, რაც საქართველოში ინტერნეტ პროვაიდერებისთვის გაფართოებული ურთიერთჩართვისთვის დადგენილი ტარიფი აღარ არსებობს, თუმცა გამონაკლისია მხოლოდ კომპანია “კავკასუს ონლაინი”.

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის ანგარიშის მიხედვით, ”კავკასუს ონლაინის” სერვერებზე გაწერილია საქართველოში რეგისტრირებული დომენების 66.32%. ამ გარემოებიდან გამომდინარე, კომისიამ იგი მიიჩნია “მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად” და ურთიერთჩართვის განსახორციელებლად ტარიფის ზედა ზღვარი დაუდგინა, რაც შეადგენს თვეში 250 ლარს ერთ გიგაბიტზე წამში.

 

ეს დადგენილება 2013 წლის 16 აგვისტოდან ამოქმედდა და მაშინვე გაუქმდა 2008 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც ინტერნეტ პროვაიდერებისთვის გაფართოებული ურთიერთჩართვის ტარიფი შეადგენდა თვეში 5900 ლარს ერთ გეგაბიტზე წამში.

 

კომუნიკაციების კომისიაში განმარტავენ, რომ “კავკასუს ონლაინის” გარდა, ყველა სხვა პროვაიდერი თავისუფალია გაფართოებული ურთიერთჩართვის გადასახადის მოცულობის განსაზღვრაში, თუმცა იმის გამო, რომ 2013 წლის აგვისტომდე არსებობს 5900 ლარიანი ტარიფი, კომპანიები კვლავ ამ პრაქტიკას მიმართავენ.

 

IGS Network-მაც სწორედ ამ ტარიფით მოთხოვა გაფართოებული ურთიერთჩართვის განხორციელება სხვა ინტერნეტპროვაიდერებს. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი ჩლაიძის განცხადებით, მათ ყველა პროვაიდერს ერთი და იგივე ტარიფი (თვეში 5900 ლარი ერთ გიგაბიტზე წამში) შეთავაზეს და ამ ეტაპზე IGS Networkთან ჩართულია ყველა ძირითადი ინტერნეტ პროვაიდერი – სილქნეტი, ახალი ქსელები, CGC (რუსთავში), ხოლო მაგთი და ჯეოსელი ახლა ერთვება.

 

კომპანია “სილქნეტში” “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ IGS Network-ს გაფართოებული ურთიერთჩართვის გადასახადს უხდიან იმ ტარიფით, რაც კომუნიკაციების კომისიას აქვს დადგენილი, თუმცა კომისიას ტარიფი უკვე ერთი წელია გაუქმებული აქვს:

 

“მომსახურების საფასურს, რომელიც დაწესებულია მარეგულირებლის მიერ, ვიხდით. მე როგორც ვიცი, ეს არ არის შეთანხმების საკითხი, ეს დაწესებულია მარეგულირებლის მიერ და ყველა ოპერატორი იხდის თანაბრად ერთსა და იმავე თანხს”, – უთხრეს “ნეტგაზეთს” “სილქნეტში”.

 

კომპანია “მაგთიკომი” კი განაცხადეს, რომ შეთანხმება ტარიფის თაობაზე არის საიდუმლო და ამ ინფორმაციას არ გაასაჯაროებენ.

IGS Network-თან ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი განაცხადა “კავკასუს ონლაინმა”, რის გამოც ამ კომპანიის აბონენტებს IGS Network-ის სერვერზე განთავსებულ ვებ-გვერდებზე წვდომა შეეზღუდათ.

 

რატომ შეუზღუდეს “კავკასუს ონლაინის” აბონენტებს რამდენიმე ვებ-გვერდზე წვდომა
რატომ შეუზღუდეს “კავკასუს ონლაინის” აბონენტებს რამდენიმე ვებ-გვერდზე წვდომა

“კავკასუსი” ახალი ტარიფის დადგენას მოითხოვს

 

2014 წლის 30 ივლისს “კავკასუს ონლაინმა” განცხადებით მიმართა კომუნიკაციების კომისიას:

 

“ბაზრის ამ სეგმენტის ხელახალი შესწავლისა და ახალი რეგულაციების დადგენის მიზნით, რომელიც თანაბარ პირობებში ჩააყენებს ყველა პროვაიდერს, “კავკასუს ონლაინმა” უკვე მიმართა შესაბამისი განცხადებით საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას”, – უთხრეს “ნეტგაზეთს” “კავკასუსში”.

 

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, იურისტი დავით კაპანაძე მიაჩნევს, რომ გაფართებული ურთიერთჩართვის ტარიფი გაწეულ ხარჯზე უნდა იყოს ორიენტირებული.

 

“თანაბარი ხარჯი შეიძლება არ იყოს. დიდ კომპანიას შეიძლება უფრო ნაკლები დაუჯდეს, ვიდრე – პატარას. თუ ვამბობ, რომ, დავუშვათ, 1000 ლარი ღირს გიგაბიტი წამში, უნდა მქონდეს ვალდებულება იმისა, რომ დავასაბუთო, რომ 900 მაქვს ხარჯი და 100 ვიღებ მოგების დამატებით და არა ისე, რომ ხარჯი არის 2 ლარი და დანარჩენი თანხა დავაწესე უბრალოდ იმიტომ, რომ ასეთი სურვილი მქონდა”, – აცხადებს კაპანაძე.

 

IGS Network-ი გაფართულებული ურთიერთჩართვისთვის თვეში 5900 ლარს ითხოვს 1 გიგაბიტზე წამში.

 

ერთი გიგაბიტი წამში ნიშნავს იმას, რომ წამში ერთდროულად შეიძლება ერთი გიგაბიტი მოცულობის ინფორმაციის გატარება. მაგალითად, imovies.ge-ის შემთხვევაში, რაც უფრო მეტია მოთხოვნა და უფრო მეტი მომხმარებელი ნახულობს ფილმს, მით მეტი მოცულობის არხი იქნება საჭირო იმისთვის, რომ ეს მონაცემები ერთდროულად გაატაროს.

 

მაგალითად, თუკი “კავკასუს ონლაინის” 100 აბონენტი, რომელთაგან თითოეულ მათგანს 10 მეგაბიტი სიმძლავრის ინტერნეტპაკეტი აქვს ნაყიდი, ერთდროულად მოისურვებს დიდი მოცულობის ფილმის გადმოწერას, რომელიც “IGS Network”-ის ქსელში მდებარეობს, გამოვა, რომ ეს 100 მომხმარებელი მომენტალურად აითვისებს ერთი გიგაბიტის სიმძლავრეს.

 

“იმ შემთხვევაში, თუ უფრო მეტი სიმძლავრის არხი არის საჭირო ქსელებს შორის ურთიერთჩართვის განსახორციელებლად, მაშინ ნაყიდი გიგაბიტების რაოდენობა გაიზრდება”, – განმარტავს დავით კაპანაძე.

 

აღუდგებათ თუ არა “კავკასუსის” აბონენტებს წვდომა შეზღუდულ საიტებზე?

 

„კავკასუს ონლაინის“ მომხმარებელი თათია კალატოზიშვილი, imovies.ge-ს შეზღუდვის ფაქტს მისი უფლებების დარღვევად მიიჩნევს. ის მიიჩნევს, რომ “კავკასუს ონლაინი” ვალდებული იყო წინასწარ ეცნობებინა მომხმარებლების შეზღუდვის შესახებ:

 

“დისკომფორტი შემიქმნა. არ ვიცი გადავალ თუ არა სხვა პროვაიდერზე იმიტომ, რომ, როგორც ვიცი, ხარისხი ამათი უკეთესია, ჯერ უნდა მოვიპოვო ინფორმაცია იმ პროვაიდერზე, რაზეც გადასვლას დავაპირებ, პირდაპირ ვერ გადავალ.”

 

იურისტ დავით კაპანაძის თქმით, ის, რომ “კავკასუს ონლაინის” მომხმარებლები შედიან imovies.ge-ზე, მაგრამ საიტზე განთავსებულ მასალაზე წვდომა არ აქვთ, იმითაა განპირობებული, რომ სატის ინტერფეისი, ვიზუალური მხარე, ის, რასაც მომხმარებელი ხედავს, განთავსებულია ისეთ სერვერზე, რომელსაც “კავკასუს ონლაინთან” გაფართოებული ურთიერთჩართვა აქვს, ხოლო ფილმები განთავსებულია ისეთ სერვზერზე, რომელსაც არ აქვს გაფართოებული ურთიერთჩართვა “კავკასუსთან”.

 

იურისტი ეჭვს გამოთქვამს, რომ საიტის ინტერფეისი იმის გამო დატოვეს “კავკასუს ონლაინთან” პირდაპირი ურთიერთჩართვის მქონე ქსელთან, რომ დაეტოვებინათ განცხადება, სადაც “კავკასუს ონლაინს” დაადანაშაულებდნენ ურთიერთჩართვის არარსებობაში:

 

“თავის საიტიანად რომ სხვაგან გადაეტანათ, მაშინ საერთოდ არ გაიხნებოდა. საიტი აქ დატოვეს. ერთადერთი ამოცანა მაგ საიტის დატოვებას ის აქვს, რომ ზემოთ ეწეროს, რომ “კავკასუსის მომხარებლებო, ამ საიტს ვერ გამოიყენებთ”, – ამბობს დავით კაპანაძე.

 

“მას შემდეგ, რაც რამდენიმე ვებ-გვერდზე გაჩნდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ეს გვერდები მიუწვდომელია კავკასუს ონლაინის მომხმარებლებისთვის ჩვენი მიზეზით, მივმართეთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დაეწყოთ ამ საკითხის შესწავლა და მონიტორინგი”, – აცხადებენ “კავკასუსში”.

 

კომუნიკაციების კომისიას ეს განცხადება, რომელიც 30 ივლისს მიიღო, ჯერ არ განუხილავს. კომისიაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ეს საკითხი სისტემურ შესწავლას საჭიროებს. კითხვაზე, დაირღვა თუ არა მომხმარებლების უფლებების, როდესაც “კავკასუსის” აბონენტები კონკრეტულ საიტებს განაკავშირეს, კომისიას ცალსახა პასუხი არ აქვს, რადგან, როგორც გვითხრეს, საკითხის შესწავლა ახლახანს დაიწყეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიხეილ მეფარიშვილი, თიკო გადელია