სააგენტოს ცნობით, მათი თანამშრომლების მიერ აწყობილია უსაფრთხო DNS სერვერი, რომლის მოხმარების შემთხვევაშიც თქვენს ქსელში ავტომატურად იქნება დაბლოკილი ისეთი ვებგვერდები, რომლებიც კომპიუტერებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. საუბარია არასაბავშვო, დაინფიცირებულ და ე.წ. „ფიშინგ“ ვებგვერდებზე.
“აღნიშნული მომსახურების გააქტიურებისას მაქსიმალურად მცირდება რისკი, რომ მომხმარებლის კომპიუტერი დაინფიცირდეს. მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც ორგანიზაციებისთვის, ისე კერძო პირებისთვის. იმისათვის, რომ მომხმარებელმა ისარგებლოს ახალი მომსახურებით, ინტერნეტთან დაკავშირებისას საკმარისია მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ გაწერილი შემდეგი DNS მისამართების გამოყენება: 5.159.16.16 და 5.159.20.20,” – აცხადებენ სააგენტოში.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი გვენეტაძის თქმით, დღეს საქართველოში დაფიქსირებულია 8 მილიონზე მეტი კომპიუტერული ვირუსი 150 ათასზე მეტ უნიკალურ IP მისამართზე:
“დავირუსების ყველაზე გავრცელებულ წყაროს წარმოადგენენ სპეციალურად დაინფიცირებული ვებგვერდები, რომელთა მეშვეობითაც ხდება აღნიშნული ვირუსების გავრცელება. ამ ვებგვერდებზე არსებული ვირუსების მეშვეობით შესაძლებელია როგორც დაუინფიცირებელი კომპიუტერების დაინფიცირება, ისე სხვადასხვა სახის არასაბავშვო ინფორმაციისა და ე.წ. „ფიშინგ“ საიტების გავრცელება, რომლებიც თავის მხრივ ასევე წარმოადგენენ ვირუსის წყაროს. იმისათვის, რომ ჩვენი კომპიუტერული სისტემები მაქსიმალურად დავიცვათ ამ ვირუსებისგან, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სპეციალისტების მიერ აეწყო დაცული სერვერი, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია“.







