ტექნოლოგიები

ხელისუფლებამ საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვის სერვისი დანერგა

11 სექტემბერი, 2013 • • 1762
ხელისუფლებამ საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვის სერვისი დანერგა

ალექსანდრე ბურჭულაძე/ფოტო: იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური
ალექსანდრე ბურჭულაძე/ფოტო: იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ელექტრონულად წარმოებულ კორესპონდენციაზე საჯარო ორგანიზაციიდან პასუხის მიღების შესახებ მოქალაქეს შეტყობინება ეგზავნება ელექტრონული ფოსტითა და მოკლე ტექსტური შეტყობინებით.  საჯარო ორგანიზაციის პასუხის სრულად ნახვა კი მოქალაქეს პორტალზე „შესრულებული დავალებების“ სექციაში შეუძლია.  მომხმარებელს აქვე ექნება საშუალება, დაათვალიეროს მის მიერ სხვადასხვა დროს ამა თუ იმ საჯარო ორგანიზაციაში  გაგზავნილი წერილები და მიღებული პასუხები. განცხადების ელექტრონულად გაგზავნის შემდეგ მას სისტემაში ნახავს შესაბამისი უწყების კანცელარიის თანამშრომელი და განცხადების ჩაბარების შესახებ ინფორმაციას განცხადების ავტორს ტელეფონზე გაუგზავნის. სწორედ ამის შემდეგ ითვლება განცხადება ჩაბარებულად.

 

საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვის პარალელურად ძალაში რჩება ინფორმაციის წერილობით გამოთხოვის საშუალებაც.

 
ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვის მომსახურება ვრცელდება იმ საჯარო ორგანიზაციებზე, სადაც დანერგილია ელექტრონული საქმისწარმოების სისტემა (დღეისათვის − 60-მდე საჯარო ორგანიზაცია).  საქართველოს საჯარო სექტორში დღეს სამი ორგანიზაციის (იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების) მიერ შექმნილი ელექტრონული საქმისწარმოების სისტემა მოქმედებს, რომელთა  შორის დოკუმენტების ელექტრონული სახით გაცვლას  იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა  გაცვლის სააგენტო უზრუნველყოფს.

 

ჯერჯერობით, ელექტრონულად ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელი არ არის თვითმმართველობებიდან, ასევე, არის რიგი სახემწიფო უწყებებისა, რომლებსაც ელექტრონული საქმისწარმოება არ აქვთ დანერგილი.

 

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბურჭულაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ის უწყებები, რომლებიც ელექტრონული საქმისწარმოების სისტემას არ იყენებენ, უახლოეს პერიოდში აუცილებლად გადავლენ აღნიშნულ სისტემაზე, რადგან დღითიდღე მოუხერხებელი და არაკომფორტული ხდება საქმისწარმოება ძველი მეთოდით – არაელექტრონულად. ბურჭულაძისვე თქმით, თვითმმართველობებთან უკვე მიმდინარეობს მუშაობა, რათა ისინიც ჩაერთონ ერთიან ელექტრონულ სისტემაში და მათგანაც შესაძლებელი იყოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვა.

 

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საჯარო დაწესებულებებთან ელექტრონული კომუნიკაციის   სერვისი  ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში, ანტიკორუფციული საბჭოს, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტისა და ამავე სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინიციატივით შემუშავდა. 
 

დღემდე საჯარო ორგანიზაციასთან კომუნიკაციისთვის მოქალაქეს წერილობით უნდა მიემართა შესაბამისი უწყებისთვის.  ახალი მომსახურების მეშვეობით კი შესაძლებელი ხდება, სხვადასხვა საჯარო უწყებასთან კომუნიკაცია  ელექტრონულად დამყარდეს. 
 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო, რომელიც ადმინისტრირებას უწევს მოქალაქის პორტალს (MY.GOV.GE), არის მხოლოდ დამაკავშირებელი საშუალება შესაბამის სახელმწიფო უწყებასა და მომხმარებელს შორის და არ წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მფლობელს. შესაბამისად, ინფორმაციის სიზუსტესთან, მიღების ვადებთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს იმ საჯარო უწყებას, რომელსაც მიმართა.

 

ელექტრონულად გამოთხოვილ საჯარი ინფორმაციას იგივე იურიდიული ძალა აქვს, რაც წერილობით დოკუმენტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი