ტექნოლოგიები

საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია დამტკიცებულია

24 მაისი, 2013 •
საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია დამტკიცებულია

“საქართველოს ხელისუფლება პირველად აქვეყნებს საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიას. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა კიბერშეტევებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება ვერ შედგება კიბერსივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე”, – ნათქვამია დოკუმენტში.

 

საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია კიბერუსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი დოკუმენტია, რომელიც ეროვნულ უშიშროების საბჭოსთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებული მუდმივმოქმედი საუწყებათშორისი კომისიის მიერ შემუშავდა.

 

სტრატეგია მიზნად ისახავს ქვეყანაში კიბერ უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარებას, რაც სახელმწიფო ორგანოების, კერძო სექტორისა დასამოქალაქო საზოგადოების კიბერ სივრცეში დაცულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

 

დოკუმენტში ყურადღებაა გამახვილებული ისეთ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, როგორიცაა კიბერომი, კიბერტერორიზმი და კიბერსივრცის გამოყენებით ჩადენილი სხვა ქმედებები.

 

2012 წლის მდგომარეობით, საქართველოს არ გააჩნია სპეციალიზებული ეროვნული კანონმდებლობა კიბერუსაფრთხოების სფეროში.

 

“მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების სფეროში საკანონმდებლო ბაზის ფორმირება, რაც ხელს შეუწყობს კიბერუსაფრთხოების დაცვის ქმედითი და ეფექტიანი მექანიზმების შექმნას”, – ნათქვამია სტრატეგიულ დოკუმენტში.

 

სტრატეგიის განხორციელების ვადებია 2013-2015 წლები და მის შესრულებაზე პასუხისმგებელია რამდენიმე უწყება, მათ შორის – მონაცემთა გაცვლის სააგენტო, შსს, იუსტიციის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, უშიშროების საბჭოს აპარატი.

 

დოკუმენტით გათვალისწინებულია, რომ კიბერუსაფრთხოების საკითხებზე კვლევა და ანალიზი უნდა ჩატარდეს 2013 წლის მანძილზე, რომ მოხდეს შესაბამისი საკანონმდებლო საკითხების ინიცირება და დამტკიცება, ასევე, დაგეგმილია კიბერუსაფრთხოების სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა; კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების კადრებისა და ტექნიკური პერსონალის გადამზადება; კიბერდანაშაულის ექსპერტებისთვის სპეციალიზებული ტრენინგების ჩატარება ელექტრონული მტკიცებულებების (კიბერკრიმინალისტიკის) დარგში. ამას გარდა, დაგეგმილია კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების განმტკიცება ამ სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან (OECD, EU, OSCE, NATO, CoE, UN, ITU) და სახელმწიფო ორგანოებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი