როგორ დავიცვათ თავი არასასურველი სარეკლამო sms-ებისგან

როგორ უნდა დაიცვას აბონენტმა თავი არასასურველი სარეკლამო sms-ებისაგან და ვინ არის პასუხისმგებელი ამ კუთხით მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე?

“მესიჯებს ვუგზავნით მხოლოდ ჩვენს მომხმარებლებს, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება ჩვენს ბანკთან. ხოლო სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და უარი თქვან რეკლამის მიღებაზე”, – განმარტავენ “თი–ბი–სი ბანკში”. იმავეს აცხადებენ Unicard–სა და რამდენიმე სხვა კომპანიაშიც, რომლებსაც საკუთარი ბაზები გააჩნიათ და მომხმარებლებს სატელოფონო შეტყობინებების სახით უგზავნიან სარეკლამო შეთავაზებებს.


თუმცა ზოგიერთი კომპანია ამ სერვისს მობილური ან კერძო კომპანიებისგან უშუალოდ ყიდულობს. ასეთია, მაგალითად, მაღაზია “ტექნო ბუმი”, “ბაზისბანკი” და სხვ.


სალომე მეტრეველი “ჯეოსელის” აბონენტია, რომელსაც არასდროს ჰქონია “ბაზისბანკთან” რაიმენაირი შეხება, თუმცა ამ ბანკის სარეკლამო მესიჯებს მობილური ტელეფონით ხშირად იღებს.


“ბაზისბანკის” წარმომადგენლის განცხადებით, sms-რეკლამას ისინი კომპანია “ჯეოსელს” უკვეთავენ.


კომპანია “ჯეოსელის” პრესსამსახურის უფროსის, ირმა ცქიტიშვილის თქმით, “ჯეოსელი” აბონენტს სარეკლამო მესიჯს არ უგზავნის, თუკი ამასთან დაკავშირებით აბონენტს თანხმობა არ განუცხადებია. სალომე მეტრეველი ამბობს, რომ არ მიუცია თანხმობა “ჯეოსელისთვის”, რომ მას “ბაზისბანკის” სარეკლამო შეტყობინებები მიეღო.


“თუ თქვენ მოგდით ჩვენი კონტრაქტორისგან თარგეთულად შეკვეთილი sms-ები და არ მიგიღიათ შეკითხვა – გსურთ თუ არა ამ ინფორმაციის მიღება, მაშინ ეს არის “სპამი”. მე პირადად მქონდა შემთხვევა, როცა ვიღებდი მესიჯებს, ნამდვილად ვიცი, რომ ეს არ იყო “ჯეოსელისგან”, ეს იყო, ალბათ, შემთხვევა, როდესაც უბრალოდ ნომრების კომბინაციას არჩევენ და სპამის სახით აგზავნიან  რეკლამას”, – აცხადებს “ჯეოსელის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ირმა ცქიტიშვილი.


საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტი ე.წ. სპამისგან (არასასურველი ელექტრონული გზავნილი) მომხმარებლის დაცვის ვალდებულებას მხოლოდ ინტერნეტ–მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს აკისრებს:


“კერძოდ, რეგლამენტის 101-ე მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი შეიმუშავებს ისეთ მექანიზმებს, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს გააუქმოს ან განაკავშიროს მომხმარებელი, თუ გამოვლინდა ან ცნობილი გახდა, რომ ის აწარმოებს არასასურველი ელექტრონული გზავნილების გავრცელება/გადამისამართებას, ხოლო ამავე მუხლის მე–6 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ღებულობს ყველა ზომას მომხმარებლისათვის არასასურველი ელექტრონული კორესპონდენციის მიწოდების აღსაკვეთად”.


შესაბამისად, არასასურველი სარეკლამო ხასიათის შეტყობინებების ბლოკირების საკითხი წყდება უშუალოდ მობილური სატელეფონო მომსახურების მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული და მომხმარებლისთვის შეთავაზებული მომსახურების მიწოდების პირობებით.


“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი ქეთი კრაწაშვილი განმარტავს, რომ აბონენტის ტელეფონის ნომრის, როგორც პერსონალური მონაცემის დაცვის ვალდებულებას ამა თუ იმ კომპანიას  “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი” ავალდებულებს, თუმცა შეთანხმების, ანუ კონტრაქტის საფუძველზე ნებისმიერი პირადი მონაცემი შეიძლება გამჟღავნდეს და გადაეცეს მესამე პირს:


“თუკი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში ჩადებულია წინასწარი თანხმობა, სატელეფონო კომპანიას სრული და მართლზომიერი უფლება ექნება გადასცეს აბონენტის სატელეფონო ნომერი სხვა სუბიექტს”.


“ბილაინი”, იგივე “მობიტელი”, ერთადერთი მობილური ოპერატორია საქართველოში, რომელსაც კონტრაქტით აქვს მინიჭებული აბონენტების თანხმობა sms-რეკლამების თაობაზე. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს “ბილაინის” აბონენტებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სარეკლამო მესიჯები მიიღეს, რაც მაშინ ამ კომპანიის პრესსამსახურის უფროსმა თეონა ბაღდავაძემ ასე ახსნა:


“ჩვენ ოფიცილურად ვყიდით ამ მომსახურებას. ნებისმიერს შეუძლია მოვიდეს და იყიდოს. დამკვეთს აბონენტების სრულ ბაზას გადავცემთ, ვავრცელებინებთ sms შეტყობინებებს. სერვისს სტანდარტული ფასი არ აქვს. ფასი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი აბონენტი მიიღებს ამ შეტყობინებას”.


ე.წ. სპამის პრობლემის რეგულაციის მიზნით კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა შეისწავლა შპს “მაგთიკომის“, შპს “მობიტელის“ და შპს “ჯეოსელის“ მიერ კომისიაში წარდგენილი სააბონენტო ხელშეკრულებების ტიპური ფორმები. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში მიაჩნიათ, რომ ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით არ არის საკმარისი სპამთან დაკავშირებული საკითხები წყდებოდეს უშუალოდ ოპერატორების მიერ შემუშავებული და მომხმარებელთან სააბონენტო ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებით:


“შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტში, რათა მომხმარებლის სპამისგან დაცვის ვალდებულება დაეკისროს არა მხოლოდ ინტერნეტ–მომსახურების მიმწოდებელს, არამედ სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მიმწოდებლებსაც.”


როგორც ირკვევა, სარეკლამო sms-ებს კომპანიების დიდი ნაწილი ხშირ შემთხვევაში არა მობილურ ოპერატორებს, არამედ კერძო ფირმებს უკვეთავენ, რომელთა საქმიანობაზე ზედამხედველობაც სცდება მარეგულირებელი კომისიის კომპეტენციას და, შესაბამისად, ამ კომპანიებზე პირდაპირი ზემოქმედების სამართლებრივი ბერკეტი მას არ აქვს.


ასეთი კომპანიაა, მაგალითად, შპს “ჯეო ეს ემ ეს”-ი, თუმცა ამ კომპანიაში არ ისურვეს “ნეტგაზეთთან” საუბარი იმ საკითხზე, თუ როგორ მოიპოვებენ ისინი მობილური ოპერატორების აბონენტების ტელეფონის ნომრებს, ანუ მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემებს.


იურისტი ქეთი კრაწაშვილი განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში მომხმარებლის უფლებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი იცავს:


“კომპანია, რომელიც რეკლამას გზავნის, იმ შემთხვევაში მოქმედებს მართლზომიერად, თუკი ტელეფონის ნომერს მოიპოვებს საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროდან, ნებისმიერი სხვა გზით ინფორმაციის მოპოვება დაუშვებელია მონაცემის სუბიექტის თანხმობის გარეშე”, – განმარტავს იურისტი.


კანონით გათვალისწინებულია სანქციებიც:


“მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენება ამ კანონით დადგენილი წესების დარღვევით გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის, გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით.”


პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავების წესებს, რომელთა საფუძველზე მოქალაქეს აქვს უფლება, მოსთხოვოს ნებისმიერ პირს მისთვის მარკეტინგული ხასიათის შეტყობინებების გაგზავნის ნებისმიერ დროს შეწყვეტა, მაგრამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორის ინსტიტუტი, რომელიც პასუხისმგებელია ამ საკითხზე, საქართველოში ჯერჯერობით არ ამოქმედებულა.


პრემიერმა რამდენიმე კვირის წინ უკვე შექმნა კომისია, რომელმაც უნდა შეარჩიოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კანდიდატურა და წარუდგინოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც 3 წლის ვადით დაინიშნება ამ თანამდებობაზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ანი ბერუკაშვილი