ტექნოლოგიები

რას მოუტანს სოფელს კომპიუტერული ცოდნის გავრცელება [Video]

25 ივნისი, 2012 • 1407
რას მოუტანს სოფელს კომპიუტერული ცოდნის გავრცელება [Video]

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი მეტეხი იმ 300 სოფელს შორისაა, სადაც სექტემბრიდან კომპიუტერის ცოდნის გავრცელება დაიწყება.  „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების“ პროექტს მეტეხის მოსახლეობა პოზიტიურად აფასებს, თუმცა მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ კომპიუტერის სწავლებაში ფულის გადახდა მოუწევთ.

 

61 წლის ციცინო მერებაშვილი სოფლის ცენტრში პატარა სურსათის მაღაზიის მფლობელია. სექტემბრიდან კომპიუტერის კურსებზე შესვლას ბიზნესის განვითარების მიზნით გეგმავს.

 

„ამბობენ, მოვა დრო, ყველა მაღაზია კომპიუტერებით იმუშავებსო. რა ვიცი, იქნებ მეც დამჭირდეს. მოკლედ, აუცილებლად უნდა გამოვნახო დრო და მივიდე,“ – ამბობს მაღაზიის მეპატრონე.

 

„სოფლებში განვითარების შეტანის“ მიზნით წამოწყებული პროექტის ფარგლებში მოსახლებამ საკუთარი გასაყიდი პროდუქტის amazon.com-ზე, mymarket.ge-ზე ან myauto.ge-ზე განთავსება, სასურველი პროდუქტის მოძიება და ყიდვა უნდა შეძლოს.

 

სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი ამბობს, რომ არც გასაყიდი აქვთ რამე და არც ფული, რომ ინტერნეტით სასურველი პროდუქტი მოიძიონ, თუმცა, მოხარულები არიან, რომ ამ პროგრამით სოციალური ქსელებისა და საოფისე პროგრამების გამოყენების საშუალება მიეცემათ.

 

ინფორმაციის მომზადება და განთავსება ისეთ ვებ-გვერდებზე, საიდანაც შესაძლებელია კონკრეტული ეკონომიკური სარგებლის მიღება, ვიდეოგაკვეთილები, შემეცნებითი ფილმები და აუდიოლიტერატურა, სასურველ საიტებზე დარეგისტრირება, მარტივი ვებ-გვერდების აწყობა, პროგრამირების საფუძვლები და სხვადასხვა სერვისის სოფლიდან გაუსვლელად მიღება – ეს ის ძირითადი სერვისებია, რომელმაც პროექტის შედეგად სოფელი უნდა განავითაროს.

 

გარდა ამისა, როგორც იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრში განმარტავენ, კომპიუტერულ ცენტრში შესაძლებელი იქნება ისეთი მომსახურებებით სარგებლობა, როგორიცაა –ასლის გადაღება, დოკუმენტის ამობეჭდვა, დასკანერება და ა.შ.

 

„მაგალითად, ერთი თვე სწრაფი ბეჭდვის გაკვეთილები იქნება, ერთი თვე –ონლაინ შოპინგი და ა.შ. სულ ერთწლიანი იქნება კურსი,“ – ამბობს ლალი კალანდაძე, „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების“ პროგრამის ხელმძღვანელი.

 

სოფელ მეტეხის საკრებულოს შენობაში კომპიუტერის შესასწავლად ოთახი უკვე გამოყოფილია და არემონტებენ. სამოქალაქო რეესტრის თანამშრომლები, რომლებიც  პროექტს ახორციელებენ, რამდენიმე კვირის წინ სოფლის მოსახლეობისთვის პროექტის გასაცნობადაც იყვნენ ჩასული. თუმცა მოსახლეობის დიდ ნაწილს სახელმწიფო სტრუქტურასთან გასაუბრების საშუალება არ მიეცა. სოფელში ამბობენ, რომ შეხვედრაზე მხოლოდ მასწავლებლები დაიბარეს.

 

შესაბამისად, დეტალები, თუ რას ითვალისწინებს პროექტი, მოსახლეობამ არ იცის. მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის დეტალიც, რომ კომპიუტერის სწავლაში ყოველთვიურად სამი ლარის გადახდა მოუწევთ.

 

სამოქალაქო რეესტრში განმარტავენ, რომ ეს არის სიმბოლური გადასახადი იმისთვის, რომ მოსახლეობა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს პროექტს.

 

„სხვა შემთხვევაში ზარმაცობენ ხოლმე,“ – ამბობენ სამოქალაქო რეესტრში.

 

მოსახლეობა კი მიიჩნევს, რომ სოფელში, სადაც ადამიანებისთვის ეს კურსები ერთადერთი ნათელი წერტილი იქნება, ისედაც პასუხისმგებლობით მოეკიდებოდნენ.  

 

„სოფლებში განვითარების შეტანის“ მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, სამოქალაქო რეესტრში პირველ ეტაპზე 300 ყველაზე მსხვილი სოფელი შეარჩიეს.

 

„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება“ მიმდინარე, 2012 წლის 10 მაისს ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში დაფუძნდა.

 

როგორც პრეზიდენტმა პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, ილიას სახლ-მუზეუმში ამ საზოგადოების დაარსება სიმბოლურია, ვინაიდან „სწორედ ილია ჭავჭავაძის თაოსნობით, მე-19 საუკუნის მიწურულს შეიქმნა „ქართველა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, რომლის საქმიანობამ ფასდაუდებელი გავლენა მოახდინა განათლების სისტემის ჩამოყალიბებაზე. თანამედროვე სამყაროში კომპიუტერის ცოდნის გავრცელება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მე-19 საუკუნის მიწურულს წერა-კითხვის სწავლება და გავრცელება იყო. ეს არის ძალიან კეთილშობილური საქმე. ილიამ თქვა, რომ ცოდნა ანთებულ სანთელს ჰგავს, სანთელი დღეს ჩვენთვის არის კომპიუტერი,“ – განაცხადა სააკაშვილმა პროექტის პრეზენტაციაზე, სადაც ბიზნესმენებიც დაპატიჟეს.

 

მაშინ ბიზნესმენების პრეზენტაციაზე მიწვევა შემთხვევითი არ ყოფილა.

 

სამოქალაქო რეესტრში განმარტავენ, რომ ოფისების მოწყობისა და აღჭურვის პატრონაჟს საკუთარ თავზე პროექტის პარტნიორი კომპანიები აიღებენ. მათივე განმარტებით, ბიზნესკომპანიები გადაუხდიან ხელფასს იმ თანამშრომლებს, რომლებიც სოფლის მოსახლეობას კომპიუტერულ პროგრამებს შეასწავლიან.

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი