დღეს ქართული ვებ გვერდების გახსნისას მომხმარებლებს გამაფრთხილებელი წარწერა ხვდებათ, რომ აქ რაღაც რიგზე არ არის [Warning: Something’s Not Right Here], თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ვებ გვერდი დავირუსებულია და მომხმარებლისთვის საშიშია.
რისკის წყარო ვებ გვერდების ქართული მთვლელი top.ge -ა, რომლის კოდი ქართული საიტების უმრავლესობას აქვს დაყენებული. საიტებზეც google-ს გამაფრთხილებელი ნიშანიც სწორედ იმიტომ გაჩნდა, რომ top.ge სავარაუდოდ ვირუსს შეიცავს.
ამის შესახებ google-მა უკვე შეატყობინა ქართულ მთვლელს.
top.ge-ს მფლობელმა თემურ ხაინდრავამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, რომ ვირუსს შეიცავს არა თვითონ საიტი top.ge, არამედ მასზე განთავსებული ერთ-ერთი სარეკლამო ბანერი.
“ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, დავირუსებული ბანერის საპოვნელად და ამოსაღებად, რის შემდეგაც რამდენიმე საათში იგი ავტომატურად ამოვარდება google-ის “შავი სიიდან”, რომელშიც ის ახლაა განთავსებული. მანამდე კი, ვინაიდან ბანერებიც საიტთან ერთად ერთ დომენზეა განთავსებული, სისტემა საშიშად აღიქვამს მთლიანად დომენს და ყველა იმ პროდუქტს, რაც მასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, მათ შორის მთვლელსაც, რომელიც კოდში შეიცავს დომენის შესახებ ინფორმაციას და, შესაბამისად, ყველა იმ საიტს, რომელსაც ეს მთვლელი აქვს დაყენებული. მაშინ, როცა ეს ხარვეზი არის დომენის და არა მთვლელის, ან, მით უმეტეს, იმ საიტების “ბრალი”, რომელთაც მთვლელი აქვთ დაყენებული“, – ამბობს ხაინდრავა.
თემურ ხაინდრავას თქმით, მსგავსი ფაქტებისგან წინასწარი პრევენცია თითქმის შეუძლებელია და გამოსავლად ისევ პოსტ ფაქტუმ დროული რეაგირება რჩება.
იმისათვის, რომ ქართულ ვებ გვერდებზე მომხმარებელს ასეთი გაფრთხილება არ დახვდეს, საიტების მფლობელებმა top.ge -ს კოდი მანამდე მაინც უნდა წაშალონ, ვიდრე top.ge პრობლემას გადაჭრის. სპეციალისტები მოხმარებელს ურჩევენ არ ეწვიონ ქართულ მთვლელს, სხვა ვებ გვერდბეი კი საშიშროებას არ წარმოადგენს იმ შემთხვევაშიც კი თუ გამაფრთხილებელი წარწერა კვლავ დახვდებათ.
“მომხმარებელს შეუძლია დააჭიროს ლინკს proceed anyway და ის უპრობლემოდ შევა ამ საიტზე. როგორც წესი, ასეთ დროს სხვა საიტები საშიში არ არის ხოლმე, მხოლოდ მთავარი – დავირუსებული საიტი – ჩვენ შემთხვევაში, top.ge”, – ამბობს “ომედიას” დამფუძნებელი ნოდარ დავითური.