ტექნოლოგიები

ბლოგერები პლაგიატის წინააღმდეგ

28 მარტი, 2012 •
ბლოგერები პლაგიატის წინააღმდეგ

“ბატონო პლაგიატორებო! თქვენთვის, როგორც ჩანს, არავის უსწავლებია, რომ ქურდობა ვერაფერი შვილი მოსაწონი საქციელია და სხვისი ნივთით (და არა მხოლოდ ნივთით) სარგებლობისთვის ნებართვის აღებაა საჭირო. მორალის კითხვას და ჭკუის დარიგებას არ მოვყვებით (ჩვენში დარჩეს, დაგვიანებულიც კია) მაგრამ ერთს გპირდებით: დღეიდან პლაგიატის თითოეულ შემთხვევას აფთიაქარის სიზუსტით აღვნუსხავთ და თქვენს შესახებ სრულიად ქართული ბლოგოსფერო თუ არა, მისი აქტიური ნაწილი მაინც შეიტყობს,”– ასეთ მიმართვას აქვეყნებენ თავიანთ პირველ პოსტში ბლოგერები, ბლოგზე, რომელიც პლაგიატის წინააღმდეგ შექმნეს.

ბლოგი “ბლოგერები პლაგიატის წინააღმდეგ” ორი კვირის წინ გაკეთდა და ის ჯერჯერობით ოთხი ავტორის რამდენიმე პოსტს აერთიანებს, თუმცა, როგორც იქ განთავსებული პოსტებიდან ირკვევა, პლაგიატობას ქართულ ვებ-სივრცეში ბევრად დიდი ხნის ისტორია აქვს, ვიდრე  ბლოგს. პლაგიატის მსხვერპლიც რეალურად უფრო მეტია. მაგალითად,  GO! Blog-ის მთავარი რედაქტორი, დიმიტრი გოგელია, ამბობს, რომ  “ჩვენ დღეში 10-15 პოსტი გვაქვს ხოლმე საშუალოდ. ასევე, საშუალოდ თვეში 2-3 პოსტი „იკარგება“, ანუ იპარავენ. ხან ვახერხებ მოძებნას, ხან — ვერა. როცა ვპოულობ, ჯერ ვთხოვ, რომ წაშალონ, ან მიაწერონ მაინც საიდან დააკოპირეს, წყაროს და ავტორის მითითებით. თუ ამან არ გაჭრა, მაშინ ვეუბნები, რომ განვაცხადებ, სადაც ჯერ არს, ანუ პოლიციაში. ეს ჭრის ხოლმე. 90% ეგრევე შლის. პატარა ბავშვები იპარავენ, ძირითადად. ეგ ბლოგები აბსოლუტურად უსახელო და უცნობია.“

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული ბლოგის ავტორი, მოლი ბლუმი ამბობს, რომ: ”პლაგიატის პირველი ფაქტი – ჩემგან დაუკითხავად აღებული პოსტი, რამდენიმე თვის წინ, სრულიად შემთხვევით,http://icode.ge/-ზე აღმოვაჩინე. თუმცა, მანამდე, რამდენიმე გახმაურებული შემთხვევის მომსწრეც გახლდით. ვინ უფრო ხშირად იპარავს, ამის თქმა ნამდვილად გამიჭირდება. აბსოლუტურად გაურკვეველი შინაარსის და დანიშნულების საიტებზეც მინახავს მითვისებული პოსტები და ვორდპრესსზე დარეგისტრირებულ პერსონალურ ბლოგებზეც.  როგორც წესი, პლაგიატებს მაშინვე ვუკავშირდებით და საავტორო უფლებების დარღვევით განთავსებული ტექსტების წაშლას ვთხოვთ. ზოგჯერ შლიან, ზოგჯერ მტკიცებულებებს ითხოვენ (რაც, თავისთავად სასაცილოა, მათ ხომ იციან, საიდან აიღეს პოსტი), ზოგჯერ, რატომღაც, ჯიუტობენ  და უსამართლოდ დადანაშაულებული, კეთილსინდისიერი მომხმარებლის სახის მიღებას ცდილობენ. უკიდურესად ცინიკური პასუხიც მომისმენია “ნეტავ ვიცოდე, ეს პოსტები ვინ გიანდერძა, იქნებ შენც მოპარული გაქვსო. ახლაც,  ერთ დიდ პორტალზე ჩემი ოთხი პოსტი დევს ისე, არავის არაფერი უკითხავს. სამს ავტორი უწერია, მეოთხეს – არა. ბუნებრივია, განთავსების ნებართვა არავის უთხოვია. მივწერე ფეისბუქზეც და საიტის კონტაქტის მეშვეობითაც და წაშლა ვითხოვე. მიპასუხეს – მტკიცებულებები წარმოადგინე, ამ ზღაპრების ავტორი შენ რომ ხარ და ავიღებთო. ზღაპრების არა, მაგრამ პოსტების ავტორი მე ვარ მეთქი, ვუპასუხე, თან ჩემი ბლოგის ბმულებიც გავუგზავნე (მტკიცებულებებს ითხოვდნენ, არადა, ოთხი პოსტიდან სამს მოლი ბლუმი მიაწერეს თავად ავტორად). კარგი, ავიღებთო, მიპასუხეს, მაგრამ არ აუღიათ. ერთი კვირის წინ ისევ მივწერე და პასუხი არ ისმის.”

ყველაზე მასშტაბური პლაგიატის მსხვერპლი, ასევე, პოპულარული და ორიგინალური ბლოგერი ბექა ადამაშვილია, რომლის პოსტებსაც ოდნავი “კორექტურით” და თითქმის სიტყვასიტყვით იპარავენ ხოლმე სერიალის სცენარისტები, საკმაოდ მსხვილი მედიაგამოცემები და ა.შ.

“ჩემს შემთხვევაში – პირველი პლაგიატი დაფიქსირდა გაზეთში “კვირის პალიტრა”, რუბრიკა “სადღეგრძელოდ” 2010 წლის ივნისში, სადაც ჩემი პოსტი “ვანგა არა, ისა” “შესწორებული” და გარედაქტირებული სახით გადაიტანეს. ტექსტის ნაწილი “დამიწუნეს” (ან რედაქტორმა მეტი ადგილი არ დაუთმო) და საერთოდ ამოიღეს ან შეცვალეს. მივწერე რედაქტორს, დავუწერე საიტზე კომენტარები, მაგრამ მაშინ თქვეს, რომ “ჩვენთან შემოდის უამრავი წერილი და იუმორისტული ჩანახატები, რომელთა უმრავლესობა, როგორც ყოველთვის უდიდესი სისულელეა და მათი იმ ფორმით დაბეჭვდა, როგორიც შემოდის, უბრალოდ არ შეიძლება…აქედან გამომდინარე, ჩვენ ვარჩევთ საუკეთესოს და თუ კარგი იდეაა, ვუმატებთ ჩვენსას. ასე მოხდა ამ შემთხვევაში.”
თუმცა, მერე თქვეს, რომ აღმოაჩინეს ფორუმზე, მიწერეს იმ ავტორს, ვისაც დადებული ჰქონდა და რადგანაც პასუხი ვერ მიიღეს, თანხმობად ჩათვალეს.

მეორე “მასშტაბური“ შემთხვევა – იყო სერიალი “დეტექტივები”, როდესაც სერიალში – დღიურის წაკითხვის ერთ–ერთ ეპიზოდში გადაიტანეს “ვინ ვარ მე”–ს ერთი აბზაცი მცირე ცვლილებებით. მაგალითად, “ანჯელინა ჯოლის” ნაცვლად ჩასვეს “ბრედ პიტი” და შემიცვალეს წონა.  მივწერე, მაგრამ არანაირი რეაგირება. ბლოგზე შეგიძლიათ ნახოთ პოსტი ამის შესახებ.”

სხვე ბლოგერები ამბობენ, რომ ბექას ბლოგების დამკოპირებელ-რეალიზატორებს შეიძლება ყველგან ელოდე, მაგალითად, “რა?სად?როდის?” თამაშისას კითხვებად, ან რომელიმე საიტზე სიტყვასიტყვით დაკოპირებულს.

ზოგადად, ინტერნეტში პლაგიატის შემთხვევები არც ისე იშვიათია, ვინაიდან ამ სივრცეში საკუთარი მასალების საავტორო უფლებების  კონტროლი შედარებით რთულია, თუმცა სავსებით შესაძლებელია  მითვისების ფაქტების გამომჟღავნებით და რამდენიმე მარტივი პრევენციით ჩვენი საკუთრება უკეთ დავიცვათ. ბლოგი “პლაგიატის წინააღმდეგ” მსგავსი შინაარსის პოსტებსაც გვთავაზობს, მაგალითად, როგორ დავიცვათ საკუთარი ფოტოები ინტერნეტში განთავსების შემდეგ პირატებისგან.

“მოკლედ, პატივცემულო პლაგიატორებო! თუკი ისე ძალიან მოგწონთ სხვისი პოსტები, რომ ერთი სული გაქვთ, იგი თქვენს აუდიტორიასაც გააცნოთ, უმორჩილესად გთხოვთ, თუ ძალიან არ შეწუხდებით და დაიზარებთ, იქნებ ავტორს სთხოვოთ ნებართვა, რომ მისი პოსტი გადააკოპიროთ. რასაკვირველია, წყაროს მითითებით! გაითვალისწინეთ, რომ ბლოგერი, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ ამდიდრებს თავის ბლოგს ახალი და უნიკალური კონტენტით, სრულიადაც არ არის უსაქმური, როგორც ეს, შესაძლოა, ბევრ თქვენგანს ჰგონია; ამიტომ, გთხოვთ, პატივი სცეთ სხვის დროსა და შრომას, რომ აღარაფერი ვთქვათ ისეთ რთულ საკითხზე, როგორიც საავტორო უფლებებია,” – ესეც ნაწყვეტია ბლოგიდან პლაგიატის წინააღმდეგ, რომლის ავტორებიც თვლიან, რომ : “პლაგიატი მხოლოდ ბლოგოსფეროს ჭირი არ არის და ბუნებრივია, ამ პრობლემას, მხოლოდ ჩვენი ძალისხმევით, ბოლომდე ვერ გადავჭრით. თუმცა, ბრძოლის დაწყება აუცილებელი იყო. ახლა, სულ მცირე, იმის შესაძლებლობა მაინც გვაქვს, უსინდისო მიმთვისებლის შესახებ ბლოგოსფეროს აქტიურ ნაწილს გავაგებინოთ და პლაგიატორმა მის მიერ “შექმნილი” ხარისხიანი კონტენტით თავი არ მოიწონოს. მერე და მერე, საინფორმაციო ბანკის შექმნის გარდა, ვფიქრობთ, პლაგიატის ცალკეულ შემთხვევებთან გამკლავებას და ლეგალური ხერხების (მაგალითად, რეპორტის) გამოყენებასაც უფრო ეფექტურად შევძლებთ.”

უკვე არსებობს ე.წ. “შავი სია”, სადაც ბლოგერები პლაგიატში შემჩნეულ რესურსებს აერთიანებენ, პერიოდულად ამოწმებენ ხოლმე და იქ საკუთარი პოსტების აღმოჩენის შემთხვევაში, წყაროს მითითებას ითხოვენ. თუმცა ეს მათთან ბრძოლის რთული და დროებითი ეფექტის მატარებელი მეთოდია.

ბექა ადამაშვილი თვლის, რომ მხოლოდ პლაგიატთან ბრძოლა უფრო  სერიოზულ დონეზე გადასაწყვეტი საკითხია: “პლაგიატისგან თავის დასაცავად, ჩემი აზრით, უნდა შემუშავდეს რაიმე მარტივი მექანიზმი, სადაც იოლი იქნება მთლიანად ბლოგის “დაპატენტება” და ყოველ ახალ პოსტზე ავტომატურად გავრცელდება ეს საავტორო უფლებები. “დეტექტივების” შემთხვევაში, მაგალითად, მივმართე “ავტორთა დაცვის საზოგადოებას” (იმედია, სწორად მახსოვს სახელი), მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა პასუხი (კონტექსტის მიხედვით), რომ არ ღირს მაგაზე ჩივილიო.

სხვა მექანიზმი არაფერი მახსენდება – თავიდან ვამოწმებდი ხოლმე, ვწერდი სათითაოდ კომენტარებს, მეილებს, რომ წაეშალათ, მაგრამ ზოგი აქეთ მიტევდა – ჩემია, რა სისულელეა, შენ გაქვს პირიქით გადაკოპირებულიო. ბოლოს დავანებე თავი. თუ იქნება რამე ისეთი მასშტაბური აქცია, სადაც ბლოგერების უმეტესობა ჩაერთვება და ე.წ. “ლობირებას” გაუწევს, ასევე, ე.წ. “ზემდგომ ორგანოებში” – ვისაც ეხება, მაშინ, შეიძლება რაღაცის შეცვლა. იმიტომ, რომ “სადამსჯელო ღონისძიებები” მაინც ისეთი რამეა, რაც მეტ–ნაკლებად აიძულებს ადამიანს ადამიანურად მოიქცეს. თორემ მხოლოდ ბლოგებზე მხილებით და მერე მკითხველებისა და ავტორის ერთობლივი კრიტიკით (კომენტარებში) პლაგიატორისადმი, არ მგონია, რამე განსაკუთრებული ცვლილება მოხდეს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი