მსოფლიო მოქალაქე: Facebook, Twitter და 2011 წლის პროტესტი

შაბათს მოსკოვში ყოფილი პრეზიდენტისა და დღევანდელი პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციიდან ყველაზე გამაოგნებელი მომიტინგეთა იერი იყო, რომლებსაც ხელში iPad-ები და iPhone-ი ეკავათ და ამ ისტორიული მოვლენების ტრანსლირებას ინტერნეტით ახდენდნენ.

მოსკოვის ყინვაში თბილად ჩაცმული ახალგაზრდა რუსების იერი, რომლებიც სოციალური ქსელების საშუალებით დემოკრატიას უჭერენ მხარს, იმ პოლიტიკური პროტესტის ტალღას გვახსენებს, რომლებმაც 2011 წელი განსაზღვრა – დაწყებული ახლო აღმოსავლეთის არაბული საპროტესტო აქციებიდან, დამთავრებული მოძრაობით Occupy, განვითარებულ ქვეყნებსა და ახლა რუსეთშიც.

ეს აჩენს კითხვას იმის თაობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინტერნეტმა და სოციალურმა ქსელებმა ამ წლის საპროტესტო მოძრაობის განხორციელებაში, იმ მოძრაობების ჩათვლით, რომლებსაც ზოგიერთ არაბულ ქვეყნებში დიქტატურების დამხობა მოჰყვა.

არცთუ დიდი ხნის წინ, რევოლუციურმა ლიდერებმა იცოდნენ, რომ წარმატებისთვის მათ ტელეარხთან ან რადიოსადგურთან წვდომა, მათი ხელში ჩაგდება და საკუთარი გზავნილის გავრცელებისთვის მათი გამოყენება სჭირდებოდათ მაშინ, თუკი ამბოხება იწყებოდა. მაგრამ მსხვილი მედიასაშუალებები მას არ აშუქებდნენ, არსებობდა რისკი იმისა, რომ ისტორიისთვის ის შეუმჩნევლად ჩაივლიდა, როგორც ტყეში წაქცეული ხე. ახლა არცერთი რევოლუცია ელექტრონული ელემენტების ახალი კრებულის გარეშე არ ხდება. ესენია–აქტიური გვერდები Facebook-ში, სადაც ათასობით „მეგობარია“ დარეგისტრირებული, „ტვიტერის“ „ჰეშტეგი“ (#), რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება და სადაც მოკლედ შეიძლება მოძრაობის აღწერა და ინფორმაციის განახლება, ასევე, „ტვიტერის“ უამრავი მკითხველი და აქტიური მომხმარებლი.

ცხადია, რომ ასეთი ელემენტები სოციალური საპროტესტო მოძრაობის ახალი ტალღის გამორჩეული ნიშნებია. თუმცა საუკუნეების განმავლობაში, ფრანგული, რუსული და ამრიკული რევოლუციები ელექტრონული კავშირების უპირატესობის გარეშე ხორციელდებოდა.

მეტიც, არაბული სამყაროს ტირანებმა ნელ-ნელა ისეთი უკმაყოფილების დაგროვებას შეუწყვეს ხელი, რომელიც აუცილებლად იფეთქებდა– ინტერნეტით, თუ მის გარეშე.

მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ თანამედროვე მედიამ საკვანძო როლი ითამაშა პროტესტის გაღვივებასა და მის მხარდაჭერაში მანამ, სანამ ეს პროტესტი კრიტიკულ მასას შექმნიდა, რამაც ისინი დამოუკიდებელ მოძრაობებად აქცია. ინტერნეტმა ისტორიის განხორციელება დააჩქარა.

ის, რომ „არაბული გაზაფხულის“ სახელით ცნობილი მოვლენები პირველად ტუნისში მოხდა, ჩრდილოეთ აფრიკის ერთ-ერთ ისეთ ქვეყენაში, რომელიც ინტერნეტ-მომხმარებლების რაოდენობით ლიდერია, შემთხვევითი არ არის. ტუნისის პრეზიდენტის ზინ ელ-აბიდინ ბენ ალის რეჟიმის ელვისებურმა დაცემამ ინტერნეტის მომხმარებელი ახლაგაზრდა ეგვიპტელები შთააგონა. და სწორედ „ტვიტერის“ და Facebook-ის მომხმარებლებმა უზრუნველყვეს არაბული რევოლუციის ახალი ეტაპის ონლაინ-მხარდაჭერა.

დასავლეთმა უმალ მიაკრა იარლიყი ეგვიპტურ პროტესტს, რომლის ეპიცენტრიც ქაიროს ტაჰრირის მოედანი იყო, და მას „Facebook-ის რევოლუცია“ უწოდა. ორგანიზატორებმა 25 იანვრის ისტორიული პროტესტის ორგანიზება „ტვიტერში“ #Jan25 „ჰეშტეგით“ დაიწყეს. ხოლო Facebook-ის გვერდმა– სახელწოდებით „ჩვენ ყველანი ჰალედ საიდები“ ვართ (გვერდი იმ ალექსანდრიელი ახალგაზრდას საპატივცემულოდ შეიქმნა, რომელიც პოლიციამ სიკვდილამდე სცემა), მოძრაობის გაცოცხლებას შეუწყო ხელი. ეს გვერდი ვაილ ღონიმმა შექმნა, კომპანია Google-ის თანამშრომელმა, რომელიც პროდემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გახდა.

მაგრამ ეგვიპტის მოვლენებზე უფრო ყურადღებით დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ინტერნეტი რევოლუციისთვის არც საკმარისი და არც შეუცვლელი საშუალება არ ყოფილა. რიგითი ეგვიპტელის შემოსავალი თვეში 200 დოლარია, რაც არ არის საკმარისი „სმარტფონის“ და გულუხვი ინტერნეტ-ტარიფის შესაძენად. ოთხი ეგვიპტელიდან სამს ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება. ოთხი ეგვიპტელიდან ერთი გაუნათლებელია, ხოლო გაბატონებული სიღარიბე, რაც რევოლუციის კოცონზე ნავთს ასხამს, იმას ნიშნავს, რომ კომპიუტერი და iPhone იქ ცოტას თუ აქვს.

ის სხვაობა, რომელიც ეგვიპტის დემოგრაფიულ რელობას და მედიის მიერ შექმნილ იმიჯს შორის არსებობს იმ მოსახლეობაზე, რომელიც გარდამტეხი ჰაიტეკ რევოლუციის ავანგარდში გაერთიანდა, შესანიშნავად ხსნის ბოლო არჩევნების შედეგებს. ახალგაზრდა ლიბერალებმა, რომლებმაც საპროტესტო მოძრაობა სოციალური ქსელის საშუალებით დაიწყეს, არჩევნებში სამწუხარო შედეგი მიიღეს. გამარჯვება ტრადიციის მიმდევარმა „ძმებმა-მუსლიმებმა“ მოიპოვეს, მეორე ადგილზე კი სალაფიტები გავიდნენ, რომლებიც მეშვიდე საუკუნეში მცხოვრები წინასწარმეტყველი მუჰამედის და მისი თანამედროვეების მორალისა და ცხოვრების წესის აღდგენისკენ მიისწრაფვიან.

სოციალურმა ქსელებმა ახალგაზრდა, თანამედროვე, ლიბერალი აქტივისტების ხელში გადამწყვეტი როლი ითამაშა პროტესტის ორგანიზებაში. მათი შედარება შეიძლება საწვავით სავსე კასრთან, საიდანაც ეს საწვავი ნელ-ნელა იღვრება უზარმაზარ ველზე, რომელიც უკვე არსებობდა და ხანძრისთვის მზად იყო.

რევოლუციის წარმატებამ ტუნისში, რაც ტრადიციულმა მედიასაშუალებებმა და ისეთმა თანამგზავრულმა ტელეარხმა, როგორიც „ალჯაზირაა“, ფართოდ გააშუქეს, ხელი შეუწყო იმ ცნობის გავრცელებას, რომ დიქტატურასთან ბრძოლაში წარმატების მიღწევა შესაძლებელია. როდესაც ადამიანებმა შიში დაკარგეს, მათ ტაჰრირის მოედანი გაავსეს. რევოლუცია გადაედო ეგვიპტელებს, რომლებმაც არაფერი იცოდნენ „ტვიტერზე“ და Facebook-ზე, მაგრამ ამის მიუხედავად, რევოლუცია ტრადიციულ სტილში განახორციელეს.

დასავლური საზოგადოება, რომელიც Facebook-ს იცნობდა, მოიხიბლა ისტორიით სოციალური ქსელების მნიშვენლობაზე – გამაოგნებელი გარდატეხით, რომელმაც ისტორია 21-ე საუკუნის აუდიტორიისთვის საინტერესო გახადა.

მსგავსი სიტუაცია შეიქმნა სხვა არაბულ ქვეყნებშიც. იემენში მოსახლეობის 90%-ს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. ორგანიზატორები, რომელთა შორის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ტავაკულ კრამანია, Facebook-ის გვერდები და „ტვიტერში“ მიკრობლოგი გახსნეს, მაგრამ მოსახლეობას ქსელთან დაკავშირება არ სჭირდებოდა იმისთვის, რომ საპროტესტო მოძრაობას შეერთებოდა.

დასავლურ ქვეყნებში მოძრაობა Occupy უფრო მდიდარი და ინტერნეტთან დაკავშირებული საზოგადოების უპირატესობებით სარგებლობს. პირველ და, შესაძლოა, ყველაზე წარმატებულ სოციალურ აქციად იქცა 25 წლის დაფნა ლიფის მიერ ორგანიზებული პროტესტი თელ-ავივში. როდესაც მან გაიგო, რომ მალე ბინას დაკარგავდა და ახლის დაქირავებასაც ვერ შეძლებდა, მან Facebook-ში მეგობრებს მოუწოდა, მის პროტესტს შეერთებოდნენ და როტშილდის მდიდრულ ბულვარში კარავი გაშალა. მალე ლიფმა 430 000 ისრაელელის მობილიზება შეძლო (მოსახლეობის 7%) და მათთან ერთად საცხოვრებლის ხელმისაწვდომობას მოითხოვდა. შემთხვევითი არ არის, რომ ინტერნეტთან წვდომის თვალსაზრისით ისრაელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.

Occupy Wall Street-მა და მოძრაობა Occupy-ს სხვა საპროტესტო გამოსვლებმა მდიდარ ქვეყნებში ინტერნეტი მსგავსი საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის გამოიყენეს, რათა შემოსავლების უთანასწორობა გაეპროტესტებინათ.

ეკონომიკური პრობლემების დროს საპროტესტო აქციებმა სხვა ქვეყნების, მათ შორის რუსეთის დემონსტრაციებიც შთააგონა.

როდესაც პუტინმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე ბრუნდებოდა, ამის შემდეგ კი მისი პარტია საპარლამენტო არჩევნების უხეშ გაყალბებაში დაადანაშაულეს, ახალგაზრდობამ მკაფიოდ იცოდა, თუ როგორ უნდა მოეხდინა პროტესტის ორგანიზება.

მთავრობის მხარდამჭერები ქსელთან ხელმისაწვდომის ბლოკირებას შეეცადნენ, მაგრამ ცხადი იყო, რომ ეგვიპტესა და სხვა ქვეყნებში დიქტატურის მიერ აპრობირებული ასეთი ხისტი მიდგომა მარცხისთვის იყო განწირული.

ინტერნეტმა 2011 წლის პროტესტებს უნიკალურობა შესძინა. „ტვიტერი“ და Facebook შეუცვლელი არ იყო, მაგრამ ეს სოციალური ქსელები ძლიერ ინსტრუმენტებად იქცა ახალი ტიპის პოლიტიკური პროტესტის შესაქმნელად. სოციალურმა ქსელებმა პროტესტანტებს ქმედებისკენ უბიძგა, დააჩქარა მოძრაობის შექმნის პროცესი და მთავრობაზე ზეწოლა გააძლიერა. პროტესტი შეიძლება ინტერნეტის გარეშეც ხდებოდეს. ის, რაც ჩვენ წელს ვნახეთ, ოდესღაც თავისით მაინც მოხდებოდა. მაგრამ ახალმა მედიამ მას თავბრუდამხვევი ტემპით განვითარების საშუალება მისცა და მისკენ მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღება მიაპყრო, აიძულა რა რეჟიმებს– ან უფრო ფრთხილად ემოქმედათ, ან პირდაპირ შედეგებთან ჰქონოდათ საქმე.

წყარო: http://foreignpress.ge/?p=18999

ვიდეოსტრიმინგის კადრი მოსკოვის საპროტესტო აქციიდან მობილური ტელეფონით
ვიდეოსტრიმინგის კადრი მოსკოვის საპროტესტო აქციიდან მობილური ტელეფონით
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ფრიდა გიტისი, World Politics Review; თარგმანი: http://foreignpress.ge/