ტექნოლოგიები

გაამართლებს თუ არა ქართული “ქინდლი” – “იოტა რიდერი”?

14 ნოემბერი, 2011 •
გაამართლებს თუ არა ქართული “ქინდლი” –  “იოტა რიდერი”?
იქნება თუ არა ხელმისაწვდომი პირველი ქართული ელექტრონული “იოტა რიდერი” მომხმარებლისთვის და მოიაზრება თუ არა იგი “ქინდლის” ან სხვა უცხოური რიდერების კონკურენტად.
www.lit.ge –ს პირველი ქართული ელექტრონული წიგნების მაღაზია რამდენიმე დღეში ჩაეშვება მოხმარებაში. მაღაზიას ექნება თავისი ბრენდირებული ელ-წიგნების წამკითხველი მოწყობილობა – ”იოტა რიდერი”, რომელიც მთლიანად გაქართულებულია, აქვს ”თაჩსქრინი”, ”სტილუსით” წერის, ხატვისა და  სხვა დამატებითი ფუნქციები. როგორც პროექტის ერთ–ერთი ავტორი და www.lit.ge –ს ადმინისტრატორი ავთო სულაძე ამბობს, “იოტა რიდერის” დამზადება ჩინურ კორპორაციაში ხდება, საქართველოში კი რიდერში სპეციალურად დამზადებული ქართული პროგრამა იტვირთება:

“პირველი ქართული ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნის იდეა ლიტერატურა.გე–ს შემოქმედებით ჯგუფს ეკუთვნის. ჩვენ დავწერეთ პროექტი, რომელიც კომპანია UGT-მ დააფინანსა. ელექტრონული ბიბლიოთეკა როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე წიგნებს მოიცავს”.

“იოტა რიდერის” ღირებულება 350 ლარი იქნება.
ახალი მედიის ექსპერტი, ნოდარ დავითური ქართული რიდერის შექმნის იდეას მიესალმება, თუმცა, მისი აზრით, ფასიდან გამომდინარე, რიდერს ბაზარზე დამკვიდრება გაუჭირდება:

“ქართული რიდერის ერთ–ერთი პლუსი შეიძლებოდა ფასი ყოფილიყო, ვინაიდან ფასი ძალიან მაღალია, რიდერის ერთადერთი პლუსი ისაა, რომ წიგნები ქართულ ენაზე იქნება. თუმცა, ჩემი აზრით, იმ მომხმარებლისთვის, ვისაც ქინდლი აქვს და ამ სახის მკითხველად ითვლება, დიდ პლუსს არ წარმოადგენს ლიტერატურის ქართულ ენაზე არსებობა, იმისთვის, რომ სპეციალურად ამის გამო იოტა რიდერი გამოიყენონ.  იგივე ფუნქციები კი, რაც lit.ge-ს ექნება,  ელქტრონული ბიბლიოთეკა, ამის სერვერზე შენახვა და ა.შ. ამაზონსაც აქვს და კიდევ ბევრ ელექტრონულ მაღაზიას მთელს მსოფლიოში”.
პროექტის კოორდინატორის, პაატა სირბილაძის განცხადებით, ქართულ რიდერს სხვა პლუსებიც გააჩნია:
“მომავალ წლამდე წიგნების რაოდენობა 3000–მდე უნდა ავიდეს და ამ წიგნების უმეტესობას მომხმარებელი იღებს ნახევარ ან უფრო დაბალ ფასში. პლიუსი იმასთან ერთად, რომ ქართულ წიგნს წაიკითხავ, არის ისიც, რომ 100–ზე მეტი უფასო წიგნი მოყვება და რომელთა ღირებულებაც ჩვეულებრივ მაღაზიებში საკმაოდ მაღალია.”
თუმცა, როგორც ბლოგერი და IREX-ის G-მედია პროგრამის ახალი მედიის უფროსი მენეჯერი გიგა პაიჭაძე ამბობს, კლასიკური ლიტერატურა, რომელიც რიდერს უფასოდ მოყვება, მკითხველის უმეტესობას სახლში ისედაც აქვს:
“რადგან საქართველოში ეს ბაზარი არ არის განვითარებული, მიჭირს შეფასება, მაგრამ მსოფლიო ტენდენციით რიდერის მფლობელს ურჩევნია, ახალი წიგნები გადმოიწეროს, იყიდოს ერთი კლიკით. როდესაც თანამედროვე მწერალი წერს წიგნს, ის ელექტრონულად იწყობა და სანამ დაიბეჭდება, შენ უკვე შეგიძლია მისი ყიდვა. გასაგებია, რომ ბრენდირებულია, პირველი ქართულია, მაგრამ 350 ლარი ძალიან ძვირია. მაშინ, როცა “ქინდლი” 79 დოლარადაც იყიდება ამაზონზე, ქართულ რიდერს ასეთ ფასად ბევრი ვერ იყიდის. რომ ღირდეს უფრო იაფი, მაშინ მიწვდებოდი იმ აუდიტორიას, რომელიც ახალგაზრდაა, დაინტერესებულია და უნდა ტექნოლოგიური სიახლეების გამოყენება”.
იქიდან გამომდინარე, რომ “იოტა რიდერს” ქართული წიგნების წაკითხვის ფუნქცია ექნება, არც ორგანიზატორები და არც მედიაექსპერტები მას “ქინდლის” კონკურენტად არ მიიჩნევენ.
პაატა სირბილაძის განცხადებით, წიგნების ავტორები ანაზღაურებას ელექტრონული წიგნების უშუალო გაყიდვებიდან მიიღებენ:
“მაგალითად, გაიყიდა 100 ლარის, ამის გარკვეულ პროცენტულ რაოდენობას მიიღებს ავტორი ან გამომცემლობა. ბევრ რამეზეა დამოკიდებული, რა ეღირება წიგნების ელექტრონული ვერსია, თუმცა ჩვენ რა დაკვირვებასაც ვაკეთებთ, 50–70%–ით ნაკლებია, ვიდრე ნაბეჭდი წიგნი. შემდეგში შეიძლება გამომცემლობებმა უფრო მეტი ფასი დაადონ, მაგრამ ჩვენი რეკომენდაცია ასეთია, რომ 50–70%–ით ნაკლები იყოს. შესაბამისად, ადამიანი, ვისაც უყვარს კითხვა, “იოტა რიდერით “ უნდა დაინტერესდეს”.
გამომცემლობას, წიგის ავტორს, ან საავტორო უფლებების მქონე პირს შეეძლება, lit.ge-ს მფლობელებს მიაწოდოს წიგნი ელექტრონულ ფორმატში, რომელსაც დაარედაქტირებენ, გაუკეთებენ კორექტურას, ყდას, გადაიყვანენ შესაბამის ფორმატში და გასაყიდად დადებენ. წიგნის ავტორს სპეციალური ინტერფეისის საშუალებით შესაძლებლობა ექნება, ონლაინ–რეჟიმში აკონტროლოს გაყიდვები, ცვალოს წიგნის ფასი წინასწარ შეთანხმებული დიაპაზონის ფარგლებში.
საიტის გაშვება რამდენიმე დღეში იგეგმება. პროექტის ავტორები კი ათასობით “იოტა რიდერის” გაყიდვას ვარაუდობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი