ტექნოლოგიები

საქველმოქმედო აქციები “Facebook”–ის დახმარებით

26 ოქტომბერი, 2011 • 1688
საქველმოქმედო აქციები “Facebook”–ის დახმარებით

ღონისძიებები იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებსაც სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად გარკვეული თანხა ესაჭიროება, ბოლო პერიოდში ხშირად სოციალური ქსელის Facebook-ის მეშვეობით იგეგმება.

ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ქველმოქმედების კულტურას დიდი ხნის ისტორია აქვს.

“ჯერ კიდევ ძალიან დიდი ხნის წინ ტარდებოდა ლატარიები, საიდან შემოსული თანხითაც მიუსაფარ ბავშვებს ეხმარებოდნენ. არსებობდნენ კონკრეტული ადამიანები თუ კომპანიები, რომლებიც სრულიად უცნობ ახალგაზრდებს საზღვარგარეთ აგზავნიდნენ სასწავლებლად”.

თუმცა სოციალური ქსელების გააქტიურებამ ქველმოქმედებს უფრო ფართო შესაძლებლობები მისცა. ცოტა ხნის წინ “თი–ბი–სი გალერეაში” გამოფენა–აუქციონი გაიმართა, სადაც ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილისა და სხვა ცნობილი თუ უცნობი მხატვრების ნამუშევრები იყო გამოტანილი. საქველმოქმედო აუქციონი ფეისბუქის საშუალებით რამდენიმე მეგობარმა დაგეგმა.

“ჩვენ არ წარმოვადგენთ არანაირ ორგანიზაციას, თხუთმეტამდე მეგობარმა გადავწყვიტეთ რაიმე გვეღონა ჩვენი მეგობრისთვის, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასწრაფოდ სჭირდებოდა დახმარება,” – ამბობს ელენე მარგველაშვილი, აუქციონის ერთ–ერთი ორგანიზატორი.

ელენემ და მისმა მეგობრებმა, პირადი კონტაქტების საშუალებით, ნამუშევრების მოგროვება დაიწყეს, რომელიც შემდგომში აუქციონზე გაიყიდებოდა.

“ვრეკავდით და მივდიოდით მხატვრების სახელოსნოებში, ჩვენი და ჩვენი მშობლების კონტაქტების დახმარებით ვაგროვებდით ნამუშევრებს და ამის გარდა უამრავი ნახატი მივიღეთ Facebook-ის დახმარებით. ღონისძიებას სოციალურ ქსელში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა”.

ელენეს თქმით, იყო რამდენიმე განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი შემთხვევა. აქციის შესახებ 8 წლის ლუკა პატარქალიშვილმა სწორედ Facebook-ის მეშვეობით გაიგო და საკუთარი ნახატის ჩუქება გადაწყვიტა. ლუკას მშობლები აუქციონის ორგანიზატორებს დაუკავშირდნენ და ქაღალდზე გუაშით შესრულებული ნახატი 300 ლარად გაიყიდა.

“კიდევ იყო ერთი გოგონა – იაკო გაბუნია, რომელმაც დედას კედლიდან ჩამოახსნევინა გია ბუღაძის უზარმაზარი ნამუშევარი და გვაჩუქა”, – ამბობს ელენე.
თუმცა ამ ყველაფერთან ერთად იყო უამრავი პრობლემა, რომელსაც წააწყდნენ. აქციის ფარგლებში მეგობრები ფულს ქუჩაში დადგმულ ყუთებშიც აგროვებდნენ, ელენეს თქმით, მართალია მცირე ნაწილი, მაგრამ იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც აგრესიას იჩენდნენ მათ მიმართ: “ეგონათ, რომ ვიტყუებოდით, უბრალო სტუდენტები ვიყავით და ფულის მოგროვება ჩვენთვის გვინდოდა.”

მეორე პრობლემა, რომელსაც ელენე მეგობრებთან ერთად წააწყდა კომპანიების მხრიდან გულგრილობაა ქველმოქმედების მიმათ. “სანამ გამოფენას გავაკეთებდით, ჩვენ საქველმოქმედო კონცერტი მოვაწყეთ, სადაც უფასო სასმელის დარიგება გვინდოდა, მაგრამ ძალიან გაგვიჭირდა. მსხვილი ორგანიზაციები არ მოდიან გარიგებაზე,  თუკი ვერ ხედავენ კომერციულ ინტერესს, საზღვარგარეთ კი ასე არ ხდება, იქ დიდი ორგანიზაციები მუდმივად გამოყოფენ თანხას ქველმოქმედებისთვის, ეკოლოგიისთვის და ა.შ.”

ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ მსგავსი პრობლემა საქართველოში მართლაც არსებობს, თუმცა, მისი აზრით, ეს იმის ბრალია, რომ საქართველოში ქველმოქმედება საკანონმდებლო დონეზე წახალისებული არ არის:

“უცხოეთში, როდესაც მსხვილი ბიზნესმენი ან რომელიმე კომპანია თანხას გაიღებს ქველმოქმედებაში, მან იცის, რომ აუცილებლად ექნება შეღავათი, გადაიხდის ნაკლებ გადასახადს, ჩვენთან იყო ინიციატივები ამ საკითხზე, მაგრამ უშედეგო”.

სწორედ კომპანიებთან ურთიერთობის და სხვადასხვა იურიდიული საკითხების მოგვარებაში ეხმარება ადამიანებს სტუდენტთა ჯგუფი, რომლის ერთ–ერთი დამფუძნებელიც ვეკო დოდაშვილია. ორგანიზაცია “ახალგაზრდები ქველმოქმედებისთვის” მათ გასულ წელს დააარსეს. ღონისძიებებზე ხალხს სწორედ სოციალური ქსელების მეშვეობით იზიდავენ. ვეკო დოდაშვილის განცხადებით, ამ სფეროში სოციალური მედიის როლი უფრო და უფრო იზრდება:

“ჩვენს ორგანიზაციაში ჩართული არიან თბილისის მასშტაბით ყველა უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის წარმომადგენელი სტუდენტები, გარდა იმისა, რომ ერთმანეთში ვავრცელებთ, ყველაზე დიდი ინფორმაცია აქციების დაგეგმვასთან და ორგანიზებასთან დაკავშირებით სწორედ სოციალური მედიით და ფეისბუქით ვრცელდება.”

ვეკო ამბობს, რომ გარდა იმ აქციებისა, რომლებსაც ისინი მუდმუვად ახორციელებენ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ორგანიზაციას თხოვნით მიმართოს.
ელენე მარგველაშვილმა და მისმა მეგობრებმა ამ ორგანიზაციის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ, თუმცა როგორც ვეკო ამბობს ხშირია შემთხვევები, როდესაც მათ დასახმარებლად მიმართავენ:

“ჩვენ ვამზადებთ მიმართვებს, ყველანაირ იურიდიულ დოკუმენტაციას, რაც არის საჭირო და შემდეგ უკვე ვიძიებთ სპონსორს,  ვინც დააფინანსებს”, – ამბობს თსუ–ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ვეკო დოდაშვილი.

მანამდე კი, სანამ სოციალური ქსელი Facebook-ი იარსებებდა, როგორც თსუ–ს სოციოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ნინო ბერიძე იხსენებს, მსგავსი აქციები მაინც ეწყობოდა, მაგრამ გაცილებით მცირე მასშტაბით. სტუდენტები ძირითადად სახლიდან გამოტანილ ნივთებს, წიგნებსა და ხელნაკეთ ნამუშევრებს ისევ თავიანთ მეგობრებზე და ლექტორებზე ყიდდნენ:

“უნივერსიტეტში სწალისას მთელი 4 წელი ვიღებდი მონაწილეობებს საქველმოქმედო აქციებში, ვისაც რა შეეძლო, სახლიდან მოჰქონდა და ამ ყველაფერს შარდენის ქუჩაზე ვყიდდით, შემოსული ფულით ძირითადად ბავშვთა სახლებს ვეხმარებოდით. გროვდებოდა ტანსაცმელიც, თუმცა მაშინ ფეისბუქი არ არსებობდა, ამიტომ ყველაფერი ძირითადად ისევ სტუდენტებზე, უბრალო გამვლელებზე და იმ ლექტორებზე იყიდებოდა, რომლებიც ლექციებზე შემთხვევით იგებდნენ აქციის ამბავს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი