აფხაზეთში, სადაც ამჟამად უცხოელებზე უძრავი ქონების მიყიდვა აკრძალულია, ამ თემაზე მომზადებული კანონპროექტი კვლავ მღელვარებას იწვევს. რას ფიქრობენ სოხუმში პოლიტიკოსები და მოქალაქეები უძრავი ქონების უცხოელებზე მიყიდვაზე და რა ვითარებაა აფხაზეთში უძრავი ქონების ბაზარზე?
„უნდა გაიყიდოს უცხოელებზე, მაგრამ მყიდველს არ უნდა მივცეთ მოქალაქეობა. მხოლოდ უძრავი ქონების ფლობის დამადასტურებელი ქაღალდი [უნდა მივცეთ]. უცხოეთის მოქალაქეებს გაზრდილი გადასახადები დაუწესდეთ და არა ისეთი, როგორც ადგილობრივს აქვს. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ეს ნორმალური იქნება“, – ამბობს სოხუმში მცხოვრები, ბესლან ქიშმარია.
ნეტგაზეთისთვის სოხუმის ქუჩებში გამოკითხულ მოქალაქეებს უცხოელებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის საკითხზე კატეგორიული მოსაზრებები არა აქვთ. ისინი მიიჩნევენ, რომ საკითხის განხილვა სიფრთხილით უნდა მოხდეს. თუმცა დიდი ნაწილი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვას მაინც დადებითად აფასებს.
“უნდა გაიყიდოს, დიახ. იმიტომ, რომ ერთ სახლს გაყიდი და ამ ფულით მეორე სახლს გაარემონტებ. ხალხიც მეტი იქნება, სახელმწიფოს ბიუჯეტშიც მეტი შემოსავალი. ხალხი მაინც იქნება და საღამოს გარეთ გასვლა, სეირნობა არ შეგეშინდება. ადრე კინოთეატრ “აფსნიში” დავდიოდით, ახლა ჭიშკარს იქით არ გავდივართ, გვეშინია“, – ამბობს სოხუმში მცხოვრები სუსანა კალენჯიანი.
“უძრავ ქონებაზე ფასი გაიზრდება. დაიწყება კაპიტალური მშენებლობების განვითარება. დაიწყება ბიზნესი, შემოვა გარკვეული ინვესტიციები”,- აცხადებს მოქალაქე ნუგზარ არგუნი.
„მე არ ვარ სახლების გაყიდვის წინააღმდეგი, იმ სახლების, რომლებიც მიტოვებულია, რომელთაც აღდგენა ესაჭიროებათ“, – ამბობს ქუჩაში გამოკითხვის დროს სოხუმის მცხოვრები სერგეი კალენჯიანი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში უძრავი ქონების მიყიდვაზე დისკუსიამ მრგვალი მაგიდებიდან, შეხვედრებიდან და ვირტულურ სივრციდან უკვე აფხაზეთის პარლამენტში გადაინაცვლა.
კანონპროექტი დეპუტატებმა, გიორგი აგრბამ და სერგეი შამბამ მოამზადეს. მათი აზრით, კანონპროექტის სრულიად მისაღები ვარიანტია მომზადებული.
„იყიდება ყველაფერი, საცხოვრებლისა და მიწის გარდა. იყიდება სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, ქარხნები. საწარმოები შეიძლება გაიყიდოს. საცხოვრებელს ვერ გაყიდის, თუმცა ბევრს აქვს ისეთი უძრავი ქონება, რომელიც შეუძლიათ გაყიდონ და ის თანხა, მაგალითად, ბიზნესს მოახმარონ“, -ასე აღწერს ამჟამინდელ ვითარებას დეპუტატი სერგეი შამბა.
მისი მონაწილეობით მომზადებული კანონპროექტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საცხოვრებელი სახლებისა და ბინების გაყიდვას ითვალისწინებს.
შამბას თქმით, მოთხოვნა უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ კანონზე არსებობს როგორც საზოგადოებაში, ასევე, მთავრობაში.
„ახლახან მინისტრთა კაბინეტიდან მივიღეთ დადგენილება აფხაზეთის რესპუბლიკის უძრავი ქონების ობიექტების სახელმწიფო კადასტრის შექმნის შესახებ. ვციტირებ – „ნათელია, რომ ტრადიციული ეკონომიკის ყველა განშტოება, რომლის განვითარებაც აფხაზეთის რესპუბლიკაში პერსპექტიულად არის მიჩნეული, მაგალითად, როგორიცაა ტურისტული ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, პირდაპირ არის დაკავშირებული უძრავი აქტივების გამოყენებასთან. ანუ მიწა და მასზე მიმაგრებული შენობა-ნაგებობა, ეს ყველაფერი უძრავი აქტივებია. სწორედ ამიტომ უძრავი ქონების ძირითადი ნაწილის გამოუყენებლობა ეკონომიკურ საქმიანობაში წარმოადგენს აფხაზეთის რესპუბლიკის ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრობლემას“, – აცხადებს დეპუტატი.
სერგეი შამბას ოპონენტი, მისი კოლეგა, პარლამენტარი ალმაზ ჯაპუა დარწმუნებულია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უძრავის ქონების გაყიდვის დაწყების ინიციატივა საბაზრო კანონების უგულებელყოფით, მოთხოვნა-მიწოდების პრინციპის გარეშე, შიგნიდან, პოტენციური გამყიდველებისგან მომდინარეობს.
“სავარაუდოდ, ეს საკითხი აქედანვე იბადება, ჩვენგან. სადაც მსხვილი სამშენებლო კომპანიები და მათთან დაკავშირებული პირები, მათ შორის, შესაძლოა, აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ხელისუფლებიდან, ლობირებენ ამ საკითხს. შესაძლოა იმიტომ, რომ სამშენებლო ბაზარი მათთვის ღია გახდეს. ანუ ისინი აშენებენ სახლებს, მაგრამ ადგილობრივი მოქალაქეების მსყიდველობითი უნარი ძალიან დაბალია. ამიტომ ბაზრის გახსნა მათ აქტიური მუშაობის საშუალებას აძლევს. სამი-ოთხი წლის შემდეგ ეს ადამიანები მილიარდერები გახდებიან, ჩვენ კი ჩვენი უძრავი ქონების მთელ ნაწილს დავკარგავთ”.
ალმაზ ჯაპუა კატეგორიულად ეწინააღმდეგება უძრავი ქონების გაყიდვის შესაძლო განხილვასაც კი, ვინაიდან მასში აფხაზებისთვის სერიოზულ საფრთხეს ხედავს.
„თუ ახლა მივიღებთ კანონპროექტს და ნებას დავრთავთ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემას, მოგვიანებით, იმ ხალხმა, ვისაც უკვე საკუთრებაში ექნებათ ეს ქონება, შეუძლებელია ვერ მიიღონ მოქალაქეობა. თუკი ეს საკითხი გადაწყდება, სახელმწიფოს შემქმნელი ეთნოსი [აფხაზები] შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს და სიტუაცია იქამდე მივა, საიდანაც დავიწყეთ – დარწმუნებული ვარ, თავად ეთნოსი აქ 17%-ზე ნაკლები დარჩება,” – ამბობს კანონის მიღების წინააღმდეგი დეპუტატი ალმაზ ჯაპუა.
კანონპროექტის მომხრე სერგეი შამბა კი დარწმუნებულია, რომ უძრავი ქონების ბაზარი აფხაზეთის ეკონომიკისთვის შეიძლება ლოკომოტივი გახდეს.
„თუკი დაიწყება საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, ადგილობრივი ხელისუფლება აქედან გარკვეულ პროცენტებს მიიღებს იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს იმ ხალხის მოთხოვნები, ვინც საცხოვრებელი სახლების რიგებში დგას. ასეთი კი ბევრია. მათ შორის ომში დაკარგული ადამიანების ოჯახები, ომის ვეტერანები, შშმპ-ები. ეს რიგები უძრავია იმიტომ, რომ არაფერს ვაშენებთ. რა თქმა უნდა, ყველა საკითხს ეს ვერ მოაგვარებს, მაგრამ ბიუჯეტი სხვადასხვა წყაროდან ივსება. ესეც ერთ-ერთი წყაროა“, – ამბობს შამბა.
მის ოპონენტ ალმაზ ჯაპუას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ თუ აფხაზეთი უძრავი ქონების გაყიდვას დაიწყებს, ეს მის ეკონომიკას ჩიხში შეიყვანს.
„ამ სახელმწიფოში ძირითადი რესურსი მიწაა და მისი ეფექტურად გამოყენება. თუ ჩვენ ამ ეტაპზე ვერ შევძელით ეფექტური სახელმწიფოს აშენება, რომელსაც თავისი რესურსის გამოყენება შეუძლია საკუთარი კეთილდღეობისთვის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გაკეთებას ვერ შევძლებთ“, – აცხადებს დეპუტატი.
უძრავი ქონების ბაზარი აფხაზეთში
ამჟამად აფხაზეთის უძრავი ქონების ბაზარზე კრიზისია.
უძრავი ქონების აგენტის თქმით [რომელმაც სხვადასხვა მიზეზით კადრში გამოჩენა არ ისურვა], რუსული რუბლის კურსის ვარდნის გამო უძრავი ქონების მესაკუთრეებმა ბინებზე ფასები არსებითად გაზარდეს. ამასთან, მსყიდველუნარიანობამ იკლო. ამიტომაც უძრავის ქონების ბაზარზე აქტიური ვაჭრობა ამჟამად არ არის.
ყველაზე ძვირი სახლები და ბინები, უძრავი ქონების აგენტის თქმით, გაგრაში და სოხუმშია. მაგალითად, სოხუმის ახალ რაიონში ერთოთახიანი ბინის ფასი 500 000 რუბლიდან იწყება და ზღვის პირას ოროთახიანი ბინის ფასი 1 500 000 რუბლით მთავრდება.
კერძო სახლებზე ფასები კი 1 000 000-დან რამდენიმე მილიონ რუბლამდე ვარირებს.
ყველაზე იაფი უძრავი ქონება დღეს ოჩამჩირესა და ტყვარჩელში ღირს.
უძრავი ქონების აგენტის თქმით, ბინების შეძენის მსურველებს შორის უმეტესობა ახალგაზრდა აფხაზი წყვილები არიან.
უძრავი ქონების ყიდვით, აგენტის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც ინტერესდებიან, თუმცა, კანონმდებლობის არარსებობის გამო მათი უმრავლესობა ამ ჩანაფიქრისგან თავს იკავებს. თუმცა ამბობს, რომ ზოგიერთი მაინც მიმართავს სხვა ხრიკებს და სახლს აფხაზეთში ადგილობრივ მოსახლეობაზე გადაფორმების საშუალებით ყიდულობს.