სამხრეთ კავკასიის ამბები

პრობლემური სესხების მაღალი მაჩვენებელი აზერბაიჯანში

1 მარტი, 2016 • 1687
პრობლემური სესხების მაღალი მაჩვენებელი აზერბაიჯანში

პრობლემური სამომხმარებლო კრედიტების საკითხი აზერბაიჯანში ყოველდღიურად მწვავდება. ეკონომიკის ექსპერტები შექმნილი ვითარების მიზეზებზე და გამოსავალზე საუბრობენ.

აზერბაიჯანის მოქალქე შახნაზ მირიევა ამბობს, რომ 2007 წელს ბანკიდან 20 ათასი აშშ დოლარის ოდენობით კრედიტი აიღო. მისი თქმით, კრედიტის რამდენჯერმე გადახდის შემდეგ გადამხდელუუნარო გახდა.

„შვილები უმუშევრები იყვნენ, ქმარი მომიკვდა, მარტომ ვეღარ გადავიხადე ფული“.

საკონფისკაციო ქონების არარსებობის გამო ბანკმა მის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ყოველთვიური ხელფასის ნახევარი ახლა ბანკს ერიცხება.

ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში პრობლემური კრედიტების ოდენობა 1,5 აზერბაიჯანული მანათს [961 მილიონი აშშ დოლარი]  შეადგენს.

ეკონომიკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ციფრი არ შეესაბამება სინამდვილეს და რეალურად ბევრად მაღალია.

პრობლემური კრედიტების მოცულობის ზრდა აზერბაიჯანში გასულ წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც მანათი ორჯერ გაუფასურდა აშშ დოლარის მიმართ.

2016 წლის თებერვალსა და წინა წლის დეკემბერში დევალვაციის შედეგად მოქალაქეებისთვის საბანკო კრედიტების გადახდა კიდევ უფრო გართულდა.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უცხოურ ვალუტაში [აშშ დოლარში] აღებული კრედიტები, ჯამში, 50 პროცენტს შეადგენს.

ამჟამად ბანკები ცდილობენ პრობლემის გადაწყვეტას რესტრუქტურიზაციის გზით, ანუ კრედიტის გადახდის ვადის გაგრძელებას, ან საპროცენტო განაკვეთის შემცირებას, თუმცა პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელია.

გერმანიაში მოღვაწე აზერბაიჯანელი ეკონომისტის, ფარხან ჰუსეინლის თქმით, პრობლემური კრედიტების წარმოქმენის პირველადი მიზეზი არის მაღალი საპროცენტო განაკვეთი.

ის ფიქრობს, რომ სწორედ ბანკების მიერ დაწესებული მაღალი პროცენტის გამო კრედიტების დაფარვა ვადაში არ ხდება. გარდა ამისა, ამ მოქალაქეების დიდ ნაწილს არ აქვს ისეთი ტიპის ქონება, რომ კრედიტის დასაფარად მისი კონფისკაცია მოახდინონ.

პრობლემური კრედიტების კიდევ ერთი მიზეზი, მისი თქმით, ბანკების უპასუხისმგებლობაა.

„ბოლო დროს იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც კრედიტს იღებს ბანკიდან, მცირდება და ბანკები მზად არიან გასცენ კრედიტი ყველასთვის, ვინც მიმართავს. გარდა ამისა, ზოგიერთი ბანკის თანამშრომელს, ვინც საკრედიტო პორტფოლიოს ვერ შეავსებს, სამსახურიდან ითხოვენ. ამიტომაც ბანკის საკრედიტო ოფიცრები პორტფოლიოს შესავსებად კრედიტს ნებისმიერ მსურველს აძლევენ“.

იურისტი, ექსპერტი საბანკო საკითხებში ერკამ გასანოვი პრობლემური კრედიტების მიზეზებს შემდეგში ხედავს: „ბანკების ცუდი მმართველობა, სუსტი რისკმენეჯმენტი და შიდა კონტროლი, ასევე, კორუფცია“.

„ბანკების მფლობელებმა საკრედიტო პრობლემების დიდი ნაწილი თავად შექმნეს, მოგების გადასახადების დამალვით, საკუთარი ბიზნესის დაფინანსებით, ასევე ბანკის მენეჯერთა მექრთამეობით“, – ამბობს იურისტი.

მისი თქმით, მანათის დევალვაციამ, ეკონომიკურმა კრიზისმა, კომპანიების გაკოტრებამ და სამუშაო ადგილების შემცირებამ პრობლემური კრედიტების ოდენობა გაზარდა.

ოფიციალური სტატისტიკა

ეკონომისტი სამირ ალიევი ამბობს, რომ საბანკო ვალების დაფარვასთან დაკავშირებით პრობლემები 2015 წლის 21 დეკემბრის შემდეგ გაჩნდა, როცა აზერბაიჯანული მანათის 48%-იანი დევალვაცია მოხდა. მანათის გაუფასურებამ სამუშაო ადგილების და ხელფასების შემცირება და, შესაბამისად, კრედიტების გადახდის პრობლემა გამოიწვია.

აღნიშნული სიტუაციის შექმნის ერთ-ერთ მიზეზად ექსპერტები საკრედიტო სისტემის არასწორ ფორმირებასაც ასახელებენ.

აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2015 წლის ბოლოსთვის პრობლემური კრედიტების მოცულობამ 1,5 მილიარდი [961 მილიონი აშშ დოლარი] მანათი,  ანუ კრედიტების საერთო რაოდენობის 6,9% შეადგინა.

ეკონომისტი სამირ ალიევი ამბობს, რომ ეს არის მაღალი მაჩვენებელი 2014 წლის შემდეგ, რაც „შემაშფოთებელია“:

„ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს პრობლემური კრედიტების წილი 5,3 -დან 6,9%-მდე გაიზარდა. პრობლემური კრედიტების მოცულობა წლის განმავლობაში 55%-ით გაიზარდა და 976,3 მილიონიდან 1,5 მილიარდ მანათამდე ავიდა. მაგრამ რეალობა განსხვავდება ოფიციალური მონაცემებისგან. სინამდვილეში ეს ციფრი უფრო მაღალია“, – ამბობს სამირ ალიევი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

მისი მტკიცებით, სხვადასხვა შეფასებით, პრობლემური კრედიტების მოცულობა კრედიტების 15-20%-ს, ხოლო ზოგიერთ ბანკში 50-60%-ს აღწევს.

იურისტი ეკრამ გასანოვი ასევე არ ენდობა ოფიციალურ მონაცემებს.

მისი თქმით, ბანკები თავისი დამაკმაყოფილებელი ფინანსური მდგომარეობის საჩვენებლად მალავენ ასეთი კრედიტების დიდ ნაწილს. ამიტომაც მოვალეებთან  ხელშეკრულებებს აფორმებენ კრედიტების ვადების გაგრძელებაზე.

აკრამ გასანოვი მიიჩნევს, რომ ასეთი კრედიტების ოდენობა 25%-ია და მას „საზარელ ციფრს“ უწოდებს.

ვალების ჩამოწერის საკითხი

აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა ნაწილობრივი დახმარება გაუწია ბანკებს პრობლემური კრედიტების საკითხში და ცვლილებები შეიტანა „აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების დაფარვისთვის რეზერვების შექმნის წესებში“, რამაც ბანკების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობები გაზარდა.

თუმცა მთავრობას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს დევალვაციით გამოწვეული პრობლემური კრედიტების დაფარვის კუთხით.

აზერბაიჯანული მანათის კურსის მეორედ ვარდნის შემდეგ მოსახლეობაში ორი სახის მოლოოდინი გაჩნდა: 1. – ვალების ჩამოწერა; 2.- აშშ დოლარში აღებული კრედიტების დაფარვა ძველი გაცვლითი კურსით.

ეკონომისტები აზერბაიჯანში  არ ფიქრობენ, რომ ვალების ჩამოწერა შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალია. მაგალითად, ეკონომისტი ფარხან ჰუსეინლი მიიჩნევს, რომ ეს ბანკების ლიკვიდურობას ამცირებს, დამატებით დანახარჯებს ზრდის, ამცირებს მოგების მიღების საშუალებებს და  კიდევ მრავალი მსგავსი პრობლემის მიზეზი ხდება, რის გამოც ბანკები, რომლებიც ამ პრობლემებს ვერ უმკლავდებიან, კოტრდებიან. ეს კი დარტყმაა, “როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე კონკრეტული მოქალაქეებისთვის”.

გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან

არკამ გასანოვი ამბობს, რომ „პრობლემის გადასაჭრელად კომპრომისზე წასვლაა საჭირო. პირველ რიგში, ბანკებმა უნდა ჩამოწერონ ვალების ნაწილი, მაგალითად, პროცენტები. მოქალაქეებმა კი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ ვალების დაბრუნების დროს“.

ეკონომისტი ფარხან ჰუსეინოვი აცხადებს, რომ პრობლემის გადასაჭრელად ეკონომიკის რეალური ინფლაციის დონე დაბალი უნდა იყოს. ეს ბანკების საკრედიტო განაკვეთების შემცირებას გამოიწვევს. ასევე, მოქალაქეები, რომლებიც კრედიტს აიღებენ, გადახდისუნარიანები უნდა იყვნენ.

ეკონომისტის განმარტებით, საკითხის გადაჭრის საფუძველი მაინც ჯანსაღი ეკონომიკური გარემოა- საკრედიტო სამსახურების სწორი მენეჯმენტი და ჯანსაღი სასამართლო სისტემა.

ბაქო, აზერბაიჯანი; ფოტო: გუნელ საფარი/ნეტგაზეთი

ბაქო, აზერბაიჯანი; ფოტო: გუნელ საფარი/ნეტგაზეთი

Captureujm,.

მასალების გადაბეჭდვის წესი