სამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის ტუბდისპანსერის დირექტორი: დაავადებულებთა სამკურნალოდ პალატები არ გვყოფნის

26 თებერვალი, 2016 • 1238
აფხაზეთის ტუბდისპანსერის დირექტორი: დაავადებულებთა სამკურნალოდ პალატები არ გვყოფნის

ტუბერკულოზის სამკურნალო რესპუბლიკური დისპანსერის დირექტორის, ჯუმბერ გოპიას განცხადებით, იმის გამო, რომ დისპანსერის შენობა ექსპლოატაციაში შესასვლელად მზად არ არის, დისპანსერს ყველა პაციენტის მკურნალობის საშუალება არ აქვს. აღნიშნულის შესახებ გოპია 25 თებერვალს sputnik abkhazia-ს ესაუბრა.

მისი თქმით, ტუბერკულოზის სამკურნალო დისპანსერში სტაციონარულ მკურნალობას მხოლოდ ის პაციენტები გადიან, რომელთა შემთხვევაშიც დაავადების გადატანის საფრთხე არსებობს.

“ჩვენ მხოლოდ 21 პაციენტისთვის სამყოფი საწოლი გვაქვს. მას შემდეგ, რაც დისპანსერის გარემონტებული შენობა ექსპლოატაციაში შევა, სტაციონარულ მკურნალობას 120 ადამიანი შეძლებს”,- ამბობს გოპია.

მისივე თქმით, საავადმყოფო ამჯერად მთავარი შენობის გვერდით აშენებულ ნაგებობაში მდებარეობს და იქ სულ შვიდი პალატაა. ჯუმბერ გოპიას თქმით, ტუბერკულოზით დაავადებულმა ყველა პაციენტმა მკურნალობა სტაციონარში უნდა გაიაროს, მაგრამ ახლა ამის შესაძლებლობა არ არსებობს.

დისპანსერის დირექტორის განცხადებით, შენობა უკვე გარემონტებულია, მაგრამ ტექნიკასთან და წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ გადაუჭრელია.

sputnik abkhazia-ს ცნობით, ტუბერკულოზის სამკურნალო დისპანსერის სარემონტო სამუშაოები 2012 წელს დაიწყო და 2015 წელს დასრულდა. სარემონტო სამუშაოები რუსეთის დახმარებით, აფხაზეთის განვითარების სოციალურ-ეკონომიკური საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

ბიოლი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი