სამხრეთ კავკასიის ამბები

ლეილა და არიფ იუნუსები საზღვარგარეთ გასვლაზე მიღებულ უარს ასაჩივრებენ

26 თებერვალი, 2016 • 1502
ლეილა და არიფ იუნუსები საზღვარგარეთ გასვლაზე მიღებულ უარს ასაჩივრებენ

“კავკაზსკი უზელის” ცნობით, იასამალის სასამართლოს მიერ ცოლ-ქმარ ლეილა და არიფ იუნუსებისთვის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გასვლაზე უარის თქმა სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. ადვოკატის თქმით, უფლებადამცველების სარჩელის განხილვა ბაქოს სააპელაციო სასამართლოში 4 მარტსაა დანიშნული.

“საუბარი ეხება იუნუსების მიერ ქვეყნის დროებით დატოვებას. გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა მათ ქვეყნის დატოვების უფლებს არ აძლევთ. კანონი ასეთ პირებს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ანიჭებს ამ უფლებას და, როგორც წესი, ეს ჯანმრთელობას უკავშირდება. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით ისინი ქვეყნის დატოვებას შეძლებენ. სამწუხაროდ, იასამალის რაიონულმა სასამართლომ იუნუსების სასარჩელო განაცხადი არ დააკმაყოფილა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბაქოს სააპელაციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას გააუქმებს და იუნუსებს სამკურნალოდ წასვლის უფლებას მისცემს”,- აცხადებს იუნუსების ადვოკატი ელჩინ სადიგოვი.

მისივე თქმით, ლეილა იუნუსს C ჰეპატიტი, არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი აქვს. ამას გარდა, შინაგანი ორგანოების პრობლემები აწუხებს და მხედველობა მკვეთრად გაუუარესდა.

“მას აუცილებლად ესაჭიროება რამდენიმე რთული ოპერაცია. არიფ იუნუსი კი სიცოცხლისთვის საშიში, მესამე სტადიის არტერიული ჰიპერტენზიით იტანჯება, სისხლის წნევა რეგულარულად 240/120-ზეა”

view_new (1)

ლეილა და არიფ იუნუსები გათავისუფლების შემდეგ ფოტო; კავკაზსკი უზელი

იუნუსების მიმართვა ქვეყნიდან გასვლის ნებართვაზე 11 თებერვალს იასამალის რაიონულმა სასამართლომ განიხილა, თუმცა არ დააკმაყოფილა.

2015 წლის 13 აგვისტოს ბაქოს სასამართლომ უფლებადამცველ ლეილა იუნუსს 8,5 და მის ქმარს, არიფ იუნუსს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია მიუსაჯა. სასამართლომ არიფ იუნუსი დამნაშავედ ცნო თაღლითობაში. იუნუსებისა და სხვა უფლებადამცველების დაკავების გამო აზერბაიჯანის ხელისუფლებას საერთაშორისო საზოგადოება აკრიტიკებდა და მათი დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავდა.

9 დეკემბერს ბაქოს სააპელაციო სასამართლომ უფლებადამცველ ლეილა იუნუსს აღკვეთის ღონისძიება პირობითი სასჯელით შეუცვალა. შესაბამისად, ლეილა იუნუსი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. არიფ იუნუსს 12 ნოემბერს ბაქოს სასამართლომ თავისუფლების აღკვეთის ფორმა ასევე შიდა პატიმრობით შეუცვალა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი