სამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთი მთიან ყარაბაღთან და დნესტრისპირეთთან უვიზო მიმოსვლის შემოღებას აპირებს

23 თებერვალი, 2016 • 1418
აფხაზეთი მთიან ყარაბაღთან და დნესტრისპირეთთან უვიზო მიმოსვლის შემოღებას აპირებს

აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დნესტრისპირეთთან და მთიან ყარაბაღთან ორმხრივი უვიზო მიმოსვლის დაწესებას აპირებს. აღნიშნულის შესახებ აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კან ტანიამ “ტასს”, რომელიც რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოა, 22 თებერვალს განუცხადა.

“მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივ დეპარტამენტს მთიან ყარაბაღთან და დნესტრისპირეთთან ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ პროექტის მომზადება დაავალა. ეს ინიციატივა დაკავშირებულია “აფხაზეთში შესვლის და აფხაზეთის დატოვების” შესახებ კანონთან, რომელიც 1 აპრილიდან ამოქმედდება”- განაცხადა კან ტანიამ.

1 აპრილიდან აფხაზეთში უვიზოდ იმ ქვეყნების მოქალაქეები შევლენ, რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს და  რომელთანც ორმხრივი უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება არსებობს.

“ტასის” ცნობით, ამჟამად აფხაზეთში შესვლის და მისი დატოვების საკითხი 2005 წელს მიღებული კანონით ხორციელდება, რომლის თანახმადაც აფხაზეთში უვიზოდ შესვლა რუსეთის ფედერაციისა და დსთ-ის ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ.

აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წელს რუსეთის ფედერაციამ ცნო. რუსეთის ფედერაციის შემდეგ აფხაზეთის დამოუკიდებლობა ნიკარაგუამ აღიარა, ხოლო 2009 წელს აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო ვენესუელამ და კიდევ სამმა კუნძულოვანმა სახელმწიფომ- ნაურუმ, ტუვალუმ და ვანუატუმ. საერთაშორისო საზოგადოება აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს და მას საქართველოს რეგიონად მოიხსენიებს. აფხაზეთს ორმხრივი უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება ხელმოწერილი და რატიფიცირებული აქვს რუსეთის ფედერაციასთან და ნიკარაგუასთან. დანარჩენ ქვეყნებთან შეთანხმება ხელმოწერილია, მაგრამ რატიფიცირებული არ არის.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი