სამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმის ციხესიმაგრის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო

16 თებერვალი, 2016 • 1412
სოხუმის ციხესიმაგრის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო

აფხაზეთის კულტურის და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მინისტრის მოადგილის ბატალ კობახიას განცხადებით, სოხუმის ციხესიმაგრის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო და იგი ივლისამდე დასრულდება, რის შემდეგაც არქეოლოგიური სამუშაობი განახლდება. ინფორმაციას “კავკაზსკი უზელი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ ეტაპზე ციხესიმაგრის კედლებთან ახლოს არსებული ტერიტორიის გაზრდილი ბუჩქებისგან და ბალახისგან გათავისუფლება იგეგმება. ასევე გათხრების შედეგად ნანგრევების დასუფთავება და ციხესიმაგრის ღია ნაწილის უკვე გამოკვლეული ნაკვეთების შემოღობვა. ციხესიმაგრის კეთილმოწყობის სამუშაოები სოხუმის დღის აღნიშნვნამდე გაგრძელდება, რომელიც მისი არსებობის 500 წლისთავს ეძღვნება და 2016 წლის ივლისის პირველ შაბათს უნდა გაიმართოს.

“სოხუმის ციხესიმაგრის მდგომარეობა სავალალოა, კულტურის უნიკალური ძეგლი ნადგურდება”- ბატალ კობახიას განცხადებას “აფსნიპრესი” , აფხაზეთის მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

მისივე თქმით, ამჟამად ციხესიმაგრის ტერიტორია დაცულია, თუმცა ეს საკმარისი არაა. კობახიას განცხადებით, თუ სოხუმის ციხესიმაგრის დაცვის ზომები აკურატულად შემუშავდება, შესაძლებელი იქნება მასშტაბური არქეოლოგიური, სარესტავრაციო და საკონვერსაციო სამუშაოების ჩატარება, რომელსაც დიდი პერსპექტივები ექნება.

“კავკაზსკი უზელის” ცნობით, 2015 წლის აგვისტოში ციხესემაგრის ტერიტორიაზე აკლდამის ნაწილი აღმოაჩინეს, რომელიც მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს, ან მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება. ტერიტორიაზე ასევე ადრექრისტიანული პერიოდის, კონკრეტულად მეშვიდე-მერვე საუკუნეების სამარხიც აღმოაჩინეს.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი