სამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის საგარეო უწყება: კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ევროპელი დიპლომატების ანგაჟირებულობაში

30 იანვარი, 2016 • 1497
აფხაზეთის საგარეო უწყება: კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ევროპელი დიპლომატების ანგაჟირებულობაში

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპის საბჭოს ასამბლეის პრეზიდენტის პედრო აგრამუნტის განცხადებას ეხმიანება. აფხაზეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ევროპელი დიპლომატები ანგაჟირებული არიან და ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში საქართველოს პოზიციას იზიარებენ.

“სამწუხაროდ, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ევროპელი დიპლომატების ანგაჟირებულობაში იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში პოსტკონფლიქტური სიტუაციის რეგულირებას უკავშირდება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალმა პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის უცვლელი პოლიტიკური კურსი, რომელიც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხში საქართველოს პოზიციის უპირობო მხარდაჭერას ეფუძნება”,- ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პედრო აგრამუნტი 25 იანვარს ერთი წლის ვადით აირჩიეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად. საკუთარ გამოსვლაში აგრამუნტმა უსაფრთხოების საკითხზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“საფრთხეები და გაყინული კონფლიქტები კვლავ არსებობს დნესტრისპირეთში (მოლდოვა), აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (საქართველო) და მთიან ყარაბაღში (აზერბაიჯანი)”,-აღნიშნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რაზეც აფხაზეთის საგარეო უწყება შემდეგნაირად ეხმიანება:

“აფხაზური მხარე სრულიად იზიარებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეშფოთებას რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის საქართველოს მრავალწლიანი პოლიტიკა ევროპის ამ მგრძნობიარე რეგიონის მიმართ. ხაზს ვუსვამთ, რომ მრავალი წლის მანძილზე სწორედ საქართველო გვევლინება დესტაბილიზაციის მთავარ ფაქტორად და სწორედ საქართველოა შეიარაღებული აგრესიის ინიციატორი ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე. ასე რომ, რეგიონის უსაფრთხოებას საფრთხე მხოლოდ საქართველოდან ემუქრება მისი პროვოკაციული და აგრესიული პოლიტიკის გამო, რომელიც მეზობელი ქვეყნებისა და ერების მიმართ აქვს”,- ნათქვამია განცხადებაში.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოგვარებაზე დახარჯული ევროპული სტრუქტურების ძალისხმევა ცალმხრივია და ამ შემთხვევაში საქართველოს პოზიციის მხარდაჭერას ემსახურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი