სამხრეთ კავკასიის ამბები

გრიპის ვირუსის გამო აფხაზეთის სასწავლო დაწესებულებებში კარანტინი გამოცხადდა

25 იანვარი, 2016 • 1508
გრიპის ვირუსის გამო აფხაზეთის სასწავლო დაწესებულებებში კარანტინი გამოცხადდა

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც ბაღებში, სკოლებში და უმაღლესი განათლების დაწესებულებებში 26 იანვრიდან 15 თებერვლამდე კარანტინი გამოცხადდა. ინფორმაციას sputnik abkhazia ავრცელებს

“მწვავე რესპირატორული დაავადებების საერთო სიხშირე ჯერჯერობით არ აღემატება ეპიდემილოგიურ ზღურბლს”,- განაცხადა აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათალ კაციამ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტს მიმართა, კულტურული, სპორტული და სხვა ღონისძიებების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს.

“სასურველია თავიდან ავიცილოთ ხალხმრავალი ადგილები. თუ სახლში ან ჩვენ ირგვლივ არიან გრიპის მატარებლები, საჭიროა პირბადე ვატაროთ და შენობა გავანიავოთ. თუ სიცხემ 39 გრადუსს გადააჭარბა და 24 საათში არ დაიწია, ექიმს უნდა მივმართოთ”,- განაცხადა კაციამ.

მისივე თქმით, მწვავე რესპირატორული ვირუსის დროს თვითმკურნალობა დაუშვებელია.

“სასიკვდილო შემთხვევები ჩვენ ირგვლივ რესპუბლიკებში სწორედ ექიმთან დაგვიანებული მიმართვიანობით იყო გამოწვეული”

სოხუმის ბავშვთა საავადმყოფოს მთავარი ექიმი და ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პედიატრი ადა აბუხბა ამბობს, რომ ბავშვთა ავადობა მწვავე რესპირატორული ვირუსით იზრდება, მაგრამ რაოდენობა წინა წლების მონაცემებს არ აღემატება .

მასალების გადაბეჭდვის წესი