სამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის თავშეკავებული პოზიცია რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაში

7 დეკემბერი, 2015 • 2518
სომხეთის თავშეკავებული პოზიცია რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაში

შეძლებს თუ არა ერევანი დიდი ხნით განზე დგომას მოსკოვსა და ანკარას შორის კონფლიქტიდან მაშინ, როცა რუსეთი სომხეთის სტრატეგიული პარტნიორია, თურქეთი კი მეზობელი, რომელსაც ის რამდენიმე ათეული წელია ბლოკირებული ჰყავს?

მოსკოვსა და ანკარას შორის ვითარების დაძაბვა თურქეთ-სირიის საზღვართან თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებამ გამოიწვია, რამაც, სხვა საკითხებთან ერთად, კონფლიქტის ველზე სომხეთის თემატიკაც გამოიტანა. ეს ალბათ მოსალოდნელიც იყო, რადგან სომხეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი და სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირეა არა მხოლოდ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციისა და ევრაზიული კავშირის ფარგლებში, არამედ ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზეც; სომხეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულია 102-ე რუსული სამხედრო ბაზა. ხოლო თურქეთს სომხეთი 1993 წლიდან ცალმხრივად ჰყავს მოქცეული ბლოკადაში; ის არ აღიარებს სომხების გენოციდს ოსმალეთის იმპერიაში, რომლის სამართალმემკვიდრეა თურქეთი.

სომხეთთან სახმელეთო საზღვრის გახსნისთვის ანკარა ტრადიციულად რამდენიმე მოთხოვნას სვამს, მათ შორის მთავარია აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის დაბრუნება და სომხების გენოციდის საერთაშორისო აღიარების პროცესზე უარის თქმა.

1991 წლიდან დღემდე, არაერთი მცდელობა იყო ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, რაც თურქეთის ურყევი პოზიციის გამო უშედეგოდ დასრულდა.

კრახით დასრულდა სომხეთის პრეზიდენტის მცდელობაც შვიდი წლის წინ, როცა მისი ინიციატივით ორი ქვეყნის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის ახალი ეტაპის დასაწყისი გამოცხადდა. 2009 წლის ოქტომბერში თურქეთის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ციურიხში ხელი მოაწერეს პროტოკოლს დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისა და სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის განვითარების შესახებ. თუმცა მალევე თურქეთის პარლამენტმა მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რითაც ფაქტობრივად უარი თქვა მიღწეულ შეთანხმებაზე სომხეთთან. ამის საპასუხოდ, სომხეთის პრეზიდენტმა 2010 წლის აპრილში შეაჩერა პროტოკოლების რატიფიკაციის პროცესი.

ამდენად, დღეს, როცა რომელიმე ქვეყანა აღიარებს სომხების გენოციდს და ამის საპასუხოდ ანკარა აცხადებს, რომ ეს აზიანებს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობას, ერევანში არ ესმით – ისედაც ხომ არ არსებობს არავითარი ურთიერთობა და დიალოგი?! შესაბამისად, არც არაფერია დასაზიანებელი.

როგორც მოსალოდნელი იყო, იმ ნაბიჯებს შორის, რომლებიც ჩამოგდებული თვითმფრინავის გამო ანკარის დასჯისკენაა მიმართული, მოსკოვმა სომხეთის საკითხიც წამოწია: სახელმწიფო დუმაში სასწრაფოდ შეიტანეს კანონპროექტი 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდის არაღიარებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. საპასუხოდ კი, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ ფაქტობრივად გახსნა ახალი ბრძოლის ველი რუსეთთან და მის მოკავშირე სომხეთთან: მან პირობა დადო, რომ “ყველაფერს გააკეთებს, რაც შესაძლებელია, რათა გაათავისუფლოს აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორია”. ბაქოში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუც კი ჩაფრინდა.

ერევანში ვარაუდობენ, რომ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება არ აისახება ყარაბაღის კონფლიქტზე, თუმცა ამას სრულად არავინ გამორიცხავს. იქნებ თურქეთს მართლაც მოუვიდეს აზრად, რომ დაარტყას რუსეთს და ამისთვის ბაქოს პრობლემები გამოიყენოს ერევანთან, რომლის ტერიტორიაზეც განთავსებულია რუსული სამხედრო ბაზა, თანაც, კარგად შეიარაღებულები! ტყუილად არ ქმნის რუსული მხარე ამ მონაკვეთზე ერთობლივ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას.

ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ცნობებით, ამჟამად მიმდინარეობს რუსული ბაზის გადაიარაღება სომხეთში. მათივე ცნობით, ცოტა ხნის წინ სამხედრო ბაზაზე გიუმრიში იმყოფებოდა თავად რუსეთის თავდაცვის მინიტრი სერგეი შოიგუ.

ამას გარდა, რუსულ ექსპერტულ წრეებში სერიოზულად განიხილება 1921 წლის მოსკოვის შეთანხმების თემა, რომლის მიხედვით, თურქეთს დარჩა ყარსი, არდაგანი და არარატის მთა. თურქეთის პროტექტორატს ამ ტერიტორიებზე ყოველ 25 წელში აგრძელებს მოსკოვი და, სხვათა შორის, ამჟამად გადის სწორედ ეს მორიგი 25-წლიანი ვადა. ამდენად, რუსი ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა მოსკოვმა ეს სიტუაციაც გამოიყენოს, რათა უფრო მტკივნეულად დაარტყას ანკარას.

სომხეთში ამ საკითხებს ძალიან ფრთხილად უდგებიან, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებშიც ეს ინფორმაცია ეიფორიას იწვევს. ისტორიკოსები იხსენებენ, რომ ყველა დროში, როცა რუსები თურქებს ეომებოდნენ, სომხეთისთვის ყველაზე რთული პერიოდი დგებოდა. იგივე ხდებოდა, როცა რუსები მეგობრობდნენ თურქებთან…

შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზით ოფიციალურ ერევანს ამ დრომდე არ გამოუთქვამს საკუთარი პოზიცია იმაზე, რაც დღეს ხდება რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობაში. რუსულ ბომბდამშენზე დარტყმის ფაქტი მხოლოდ სომხეთის თავდაცვის მინისტრმა გააკრიტიკა. სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ედუარდ შარმაზანოვი კი მიესალმა სახელმწიფო დუმის ძალისხმევას სომხების გენოციდის საკითხზე. ჯერჯერობით სულ ეს არის.

ცნობილმა რუსმა სამხედრო ექსპერტმა იგორ კოროტჩენკომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ “რუსეთი იტოვებს შესაძლებლობას უპასუხოს თურქეთის მუქარასა და აგრესიას რუსეთის წინააღმდეგ ყველა სახის თანამედროვე იარაღის გამოყენებით, როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული სახით”. მან ასევე დაამატა: “არსებობს ტაქტიკური ბირთვული იარაღი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას შეიარაღებული დაჯგუფების წინააღმდეგ რუსეთის ან საზღვარგარეთ რუსული სამხედრო ბაზების მიმართ აგრესიის შემთხვევაში”. ექსპერტის აზრით, თურქეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებთან დაკავშირებით ჩნდება აუცილობლობა, რომ “გადასროლილ იქნას სომხეთში დამრტყმელი ავიაცია იმ МИГ-25-ის გარდა, რომლებიც უკვე იქ არის. სომხეთში ჩვენი ბაზის და ამ ქვეყნის საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერება არის აბსოლუტურად ობიექტური აუცილებლობა”. ეს სომხეთმაც იცის, თუმცა რაიმე გავლენის მოხდენა არ შეუძლია იმ შეთანხმების სულისკვეთებიდან გამომდინარე, რომელიც არის მოსკოვთან სამხედრო ბაზის შესახებ გიუმრიში…

თავისი ლოგიკა აქვს ბიზნესს. მაგალითად, სომხეთის ბიზნესწრეებში ცდილობენ გამოიყენონ რუსეთ-თურქეთის კრიზისი თავიანთი საქონლისა და მომსახურების გაფართოებისთვის რუსეთის ბაზარზე. ამასთან, საქმე ეხება არა მხოლოდ ბოსტნეულის, ხილის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების გაზრდას რუსეთის ბაზარზე, არამედ რუსი ტურისტების მოზიდვას სომხეთში, ასევე, სომეხი მუშების შეთავაზებას რუსეთის სამშენებლო ბაზარზე. რთული სათქმელია, რით დასრულდება ეს, რაც რუსულ-ქართული კრიზისის დროს სომხეთს პრაქტიკულად არ გამოუვიდა, როცა ვერ ჩაანაცვლა, მაგალითად, ქართული ღვინო სომხურით რუსეთში.

თურქეთთან ვაჭრობის დიდ მოცულობაზე პრინციპში არასდროს იყო საუბარი დახურული საზღვრის გამო, თუმცა სომხეთის ბაზარზე თურქული პროდუქცია საკმარისზე მეტია. აქ ის შემოდის საქართველოს ტერიტორიიდან. სომხეთ-თურქეთის ბიზნესის განვითარების საბჭოს ვიცეპრეზიდენტის ნოიან სოიაკის მონაცემებით, საზღვრის გახსნის შემთხვევაში სომხეთსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა შეიძლება გაიზარდოს ამჟამად არსებული 300 მილიონი დოლარიდან სამჯერ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ სავაჭრო ბრუნვა ძირითადად ფორმირებულია თურქული საქონლის იმპორტის ხარჯზე სომხეთში და სომხურ მხარემ უნდა დაუთმოს მეტი ყურადღება ექსპორტის განვითარებას. თუმცა სომხეთის მრეწეველთა და მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარის არსენ კაზარიანის თქმით, სავაჭრო ბრუნვა სომხეთსა და თურქეთს შორის შეადგენს 150-200 მილიონს წელიწადში, საზღვრის ოფიციალური გახსნის შემთხვევაში კი შეილება ორჯერ გაიზარდოს.

2008 წელს თურქეთის მაშინდელი პრეზიდენტი აბდულა გული იმყოფებოდა ერევანში, სადაც საპროტესტო აქცია გაიმართა სომხების გენოციდის აღიარების მოთხოვნით. ფოტო: epa

2008 წელს თურქეთის მაშინდელი პრეზიდენტი აბდულა გული იმყოფებოდა ერევანში, სადაც საპროტესტო აქცია გაიმართა სომხების გენოციდის აღიარების მოთხოვნით. ფოტო: epa

რამდენად შეიძლება გაღრმავდეს რუსეთ-თურქეთის კრიზისი, დრო აჩვენებს. სომხეთის ხელისუფლების თავშეკავება კი ამ რთულ ვითარებაში გასაგებია. ცხადია, სომხეთს თურქეთთან ჩამოყალიბებული ურთიერთობის, უფრო სწორად კი, არარსებული ურთიერთობის პირობებში არ შეუძლია ითამაშოს შუამავლის როლი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის. სომხეთს არაფრით შეუძლია გავლენა მოახდინოს ანკარის ან მოსკოვის პოზიციებზე. ამიტომ თავშეკავებული, მოლოდინის რეჟიმში პოზიცია, როგორც ჩანს, ყველაზე სწორია, რაც შეიძლება ახლა ოფიციალურ ერევანს აერჩია.

მასალების გადაბეჭდვის წესი